ლაური ღონღაძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვახანში დაიბადა და გაიზარდა. ბავშვობიდან მასწავლებლის პროფესია იზიდავდა.

2013 წელს, ვახანის საჯარო სკოლა ვერცხლის მედალზე დაამთავრა. იმავე წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოციოლოგიის ფაკულტეტზე ჩაირიცხა. მისი მიზანი მათემატიკის მასწავლებლობა იყო და მეორად ფაკულტეტზე ჩააბარა – მათემატიკაც საფუძვლიანად შეისწავლა. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობა მშობლიური ვახანის სკოლაში დაიწყო.

„ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა მასწავლებლობა და ისიც მშობლიურ სკოლაში, – ამბობს ლაური ღონღაძე, – თავიდან მერიდებოდა კიდეც, ჩემი მასწავლებლების კოლეგა რომ გავხდი. ვცდილობ, ჩემი პედაგოგების იმედები გავამართლო. მასწავლებლობის პირველივე დღეებიდან აქტიურად ჩავერთე სასკოლო და სკოლისგარეშე აქტივობებში. სკოლაში ინტელექტუალური კლუბი ჩამოვაყალიბე. მოსწავლეებს ყოველთვის ვრთავ რაიონულ ღონისძიებებში.

ვცდილობ, მოსწავლეებთან ვიყო მეგობრული, მათემატიკის გაკვეთილები მრავალფეროვანი და საინტერესო გავხადო. მასწავლებელმა მოსწავლეებთან ჯერ კარგი ურთიერთობა უნდა დაამყარო, მერე კი საგნის მიმართ სიყვარული და ინტერესი გაუჩინო.

მათემატიკა ბავშვობიდან განსაკუთრებულად მიყვარს. ჩემთვის ძალიან ძვირფასმა, აწ განსვენებულმა ზინა არევაძემ შემაყვარა ეს საგანი. ცუდ განწყობაზე მყოფი ზოგი ადამიანი ხომ ან მუსიკას უსმენს, ან სეირნობს, ან ხატავს. მე კი, როცა ცუდ ხასიათზე ვიყავი, ყველაზე რთული მათემატიკური ამოცანების ამოხსნას ვიწყებდი. იმ დროს ყველანაირი უსიამოვნება მავიწყდებოდა და ვმშვიდდებოდი.

მათემატიკას თუ ალღოს აუღებ, რთული ნამდვილად არ არის. სისტემატური მეცადინეობა სჭირდება. ჩემს მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მათემატიკა ყოველდღიურ ცხოვრებაში აუცილებლად დასჭირდებათ. რამდენიმე მოსწავლემ მითხრა, ჩვენც თქვენსავით მათემატიკის მასწავლებლები გავხდებითო.

მომავალი თაობა უფრო მეტად იყენებს თანამედროვე ტექნოლოგიებს და წიგნს ნაკლებად კითხულობს. თუმცა, მთავარია, განვითარდნენ, ისწავლონ, მომავალში თავიანთი საქმის პროფესიონალები გახდნენ. ვცდილობ, მოსწავლეების ინტერესებზე მორგებული გაკვეთილები ჩავატარო. ამისთვის სხვადასხვა ციფრულ პლატფორმას ვიყენებ.

სოფლებში სკოლის პრობლემა, ზოგადად, მოსწავლეთა სიმცირეა. მცირეკონტინგენტიან კლასებში ჯგუფური მუშაობის, პრეზენტაციების მოწყობა რთულია. მცირერიცხოვან კლასში შესაძლოა, მოსწავლე კარგ აკადემიურ განათლებას იღებს, თუმცა, მას სოციალური უნარები ვერ უვითარდება და უცხო გარემოში საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენა უჭირს.

ლაური ღონღაძე პირველ კურსზე სწავლობდა, ოჯახი რომ შექმნა. „მეუღლე ნიკა ფერაძე ყოველთვის ხელს მიწყობს, სტიმულს მაძლევს და მამხნევებს, რომ პროფესიულად განვვითარდე, – ამბობს ლაური, – მისი მხარდაჭერით ჩავაბარე სკოლის დირექტორობისა და სპეცმასწავლებლის გამოცდები. ორი შვილი გვყავს – უფროსი მეხუთეკლასელია, უმცროსი წელს შევიდა სკოლაში.

მშობლიურ სოფელში ვცხოვრობ და მშობლიური სკოლის მასწავლებელი ვარ. არც მიფიქრია სხვაგან ცხოვრებაზე. მინდა მაგალითი და რწმენა მივცე ახალგაზრდებს, რომ წარმატების მიღწევა ყველგან შეიძლება.

მონდომებით, შრომისმოყვარეობით ყველაფერი გამოვა. ჩემს კოლეგებსა და მოსწავლეებს წინსვლას, მიზნების მიღწევას ვუსურვებ. აკეთონ ის საქმე, რომელიც უყვართ“.

ნინო კაპანაძე

ფოტოზე – ლაური ღონღაძე მოსწავლეებთან ერთად