2015 წლის 8 სექტემბერს, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციულ შენობაში და ხარაგაულის გამგეობის შენობაში გაიმართება დაინტერესებული მხარეების შეხვედრა, რომლის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) ინიციატივის ფარგლებში შემუშავებული „დაცულ ტერიტორიებსა და ადგილობრივ თემებს შორის კონფლიქტების გადაწყვეტის სქემა“.

ანგარიშის სამუშაო ვერსია და მასში მოცემული რეკომენდაციები განხილული იქნება ერთობლივად ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით.

შეხვედრებზე მოწვეულნი არიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მაჟორიტარი დეპუტატები, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე, სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს უფროსი და სხვა წარმომადგენლები, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის დირექტორი, არასამთავრობო ორგანიზაციების, კავკასიის ბუნების დაცვის ფონდის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები.

შეხვედრების მიზანია, კონფლიქტების თაობაზე მოსაზრებების გაზიარება, ერთობლივი აღქმის ჩამოყალიბება და კონფლიქტების მოგვარების გზებზე კომპრომისის მიღწევა.

პროექტს ახორციელებს ორგანიზაცია „ჯორჯია’ს ენვაირონმენთალ აუთლუქ“ – GEO – Georgia’s Environmental Outlook (www.geo.org.ge) კავკასიის ბუნების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. „GEO“-ს მიზანია ხელი შეუწყოს გარემოსდაცვითი პრობლემების გადაწყვეტას საუკეთესო გარემოსდაცვითი პრაქტიკის დანერგვის ხელშეწყობისა და სხვადასხვა დაინტერესებული მხარეების შესაძლებლობების გაძლიერების გზით.

კავკასიის ბუნების ფონდის ინიციატივა მიზნად ისახავს საქართველოში შესაძლებლობების გაძლიერებას დაცულ ტერიტორიებსა და ადგილობრივ თემებს შორის კონფლიქტების გაცნობიერებისა და მათი გადაწყვეტის გზების დაგეგმვის კუთხით. ანგარიში ფოკუსირებულია ბორჯომ-ხარაგაულის დაცულ ტერიტორიებზე. კვლევის კონკრეტულ ამოცანას წარმოადგენდა ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების მაგალითზე მიდგომების ჩამოყალიბება საქართველოში დაცული ტერიტორიების ფუნქციონირებასთან დაკავშირებული კონფლიქტების დროული გამოვლენისათვის, შეფასებისა და გადაწყვეტისათვის და სპეციფიკური რეკომენდაციების შემუშავება შემდგომი მხარდაჭერისათვის.

კვლევის პირველ ეტაპზე შედგა სამუშაო შეხვედრები და ინტერვიუები ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების დირექტორთან, დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენლებთან, ბორჯომისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტების მაჟორიტარ დეპუტატებსა და თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლებთან. მიღებული იქნა ინფორმაცია ბორჯომ-ხარაგაულის დაცულ ტერიტორიებსა და ადგილობრივ თემებს შორის არსებული და პოტენციური კონფლიქტების შესახებ, გამოვლინდა კონფლიქტების ძირითადი არეები და კონფლიქტში ჩართული თემები. აღნიშნული თემების წარმომადგენლებთან ჩატარდა სიღრმისეული ინტერვიუები კონფლიქტის მასშტაბის და განვითარების ეტაპის შეფასების მიზნით, ასევე, კონფლიქტების გადაჭრის შესაძლო გზებზე ადგილობრივი მოსახლეობის მოსაზრებების გამოსავლენად. მიღებული ინფორმაციის საფუძველზე მომზადდა წინამდებარე ანგარიშის სამუშაო ვერსია, რომელიც აღწერს ბორჯომ-ხარაგაულის დაცულ ტერიტორიებსა და ადგილობრივ თემებს შორის არსებულ და პოტენციური კონფლიქტებს და მათ გამომწვევ მიზეზებს, კონფლიქტთან დაკავშირებულ სამართლებრივ-ინსტიტუციურ ჩარჩოებს, კონფლიქტებში ჩართულ მხარეებს და ურთიერთობას მათ შორის და იძლევა რეკომენდაციებს კონფლიქტების გადაწყვეტის შესაძლო გზებზე.

დამატებითი ინფორმაციისთვის, დაუკავშირდით: 577 293979