24 და 25 ოქტომბერს ქუთაისის მოსახლეობასა და სტუმრებს ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ევროპის დღის აღსანიშნავ ღონისძიებებზე იწვევს.

ამ ორი დღის განმავლობაში ევროკავშირის წარმომადგენლობა ქუთაისს ცოდნის, ტრადიციებისა და ნამდვილი ევროპული ღირებულებების მქონე ქალაქად წარმოაჩენს. ქალაქი ევროპის დღეს მუსიკით, ხელოვნებით, საგანმანათლებლო და მრავალფეროვანი აქტივობებითა და გამოფენებით იზეიმებს.

24 ოქტომბერს გაიმართება: „გაერო საქართველოში“ პროგრამის ორგანიზებით მოწყობილი „საუბრები: ქალები ცვლილებებისთვის“; ანა აბაკელიას რეჟისორობითა და EU4Culture პროექტის მხარდაჭერით გადაღებული დოკუმენტური ფილმის, „ქუთაისური ტალღა“, კინოჩვენება; აუდიო-ვიზუალური გამოფენა, „ეს ქვეყანა შენია“; ნათელა გრიგალაშვილის ფოტოგრაფიის მასტერკლასი; ფოტოგამოფენა, „10 წელი ფოკუსში“; 12-კილომეტრიანი ველომსვლელობა ქალაქის გარშემო; და „ევროპის დღის ბაზარი“.

25 ოქტომბრის პროგრამის ნაწილია: საფეხმავლო ტური, „ევროპული ქუთაისი“; ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტების მიერ შემუშავებული ინტერაქტიური და საგანმანათლებლო თამაშები; და გასტრონომიული პრეზენტაცია, „ევროპული გემო“.

ევროპის დღის საზეიმო აღნიშვნა ქართული ჯგუფის, Mechanical Rainbow-ს კონცერტით დასრულდება.

წყარო