დეპუტატებისგან მოსახლეობისთვის ანგარიშების ჩაბარების საკითხს ცხარე კამათი მოჰყვა.

ეს საკითხი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე 7 სექტემბერს განიხილეს.

საკრებულოს თავმჯდომარე ინგა მაღრაძის თქმით, თვითმმართველობის კოდექსში 4 აგვისტოს შესული ცვლილების თანახმად, არაუგვიანეს პირველი ნოემბრისა, საკრებულოს წევრებმა მოსახლეობას შეხვედრებზე უნდა წარუდგინონ გაწეული მუშაობის ანგარიში.

ამისთვის უნდა შედგეს გრაფიკი და შეხვედრები უნდა ჩატარდეს ან საკრებულოს სხდომათა დარბაზში, ან საარჩევნო ოლქებში.

საკრებულოს რეგლამენტის მიხედვით, მოსახლეობისთვის ანგარიშის წარდგენას უნდა ესწრებოდეს იმ ფრაქციის თავმჯდომარე, რომლის წევრიცაა კონკრეტული დეპუტატი, საკრებულოს თავმჯდომარე ან მისი მოადგილე, რომლებიც წარმართავენ სხდომას.

დეპუტატ ვარლამ ჭიპაშვილის თქმით, ის არჩევიდან ერთი წლის თავზე შეხვდა ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლების მოსახლეობას უბან-უბან და ანგარიში წარუდგინა. ამიტომ, მისი თქმით, ის ვერ ხედავს მოსახლეობასთან კიდევ ერთხელ შეხვედრის აუცილებლობას. „ჩემს ოლქში ვერ ჩაგატარებინებთ სხდომას. რა დაშავდება, თქვენ თუ არ მოგიწვიეთ შეხვედრაზე? რეგლამენტში არის ბევრი ხარვეზი და შესაცვლელია. მომავალ სხდომაზე შემოვიტან ცვლილებების პროექტს,“ – აღნიშნა ვარლამ ჭიპაშვილმა.

დეპუტატმა იური ლურსმანაშვილმა მოითხოვა შეხვედრების ფინანსური უზრუნველყოფა. მისივე თქმით, ან მოსახლეობის ტრანსპორტირება უნდა დაფინანსდეს სოფლებიდან, ან – მისი გადაადგილება საარჩევნო უბნებში.

მიხეილ გელაშვილის განმარტებით, დეპუტატის მუშაობის ანგარიში გამოქვეყნდება წინასწარ. ცნობილი იქნება შეხვედრის დრო და ადგილი. სურვილის შემთხვევაში მოქალაქე მივა დანიშნულ შეხვედრაზე.

„შორიდან რომ შევხედოთ ახლა ამ საკრებულოს სხდომას, სირცხვილია. ისე ხმამაღლა ვსაუბრობთ, გეგონება, მეორე სოფელში ველაპარაკებით ერთმანეთს, – აღნიშნა დეპუტატმა ჯამბულ გამცემლიძემ, – ცივილიზებული ადამიანებივით მოვიქცეთ. ჩვენ დამაკმაყოფილებლად შევაფასეთ საკრებულოს მუშაობა. ეს არის „დამაკმაყოფილებელი?“ არანაირი ეთიკის ნორმებში არ ჯდება ახლა ეს დებატები.“

„ვალდებული ვარ, შევასრულო კანონი, – მიმართა საკრებულოს თავმჯდომარე ინგა მაღრაძემ დეპუტატებს, – არასერიოზულია ასეთი დამოკიდებულება, – ერთი წლის შემდეგ ვსაუბრობთ რეგლამენტის ხარვეზებზე. კანონი გვავალდებულებს პირველ ნოემბრამდე მოსახლეობისთვის ანგარიშის ჩაბარებას. ველოდები თქვენგან უფრო მისაღებ წინადადებას.“

საბოლოოდ, დეპუტატებისგან ამომრჩევლებისთვის მუშაობის ანგარიშის წარდგენის საკითხი, მოუმზადებლობის გამო, უახლოეს სხდომაზე განხილვისთვის გადაიდო.

საკრებულოს აპარატის უფროსის, ლენა კალანდაძის განმარტებით, რადგან 4 აგვისტოს მიღებული საკანონმდებლო ცვლილება არ არის ასახული რეგლამენტში, იურიდიულმა კომისიამ საკრებულოს უნდა წარუდგონის განკარგულების პროექტი შეხვედრების გრაფიკისა და ანგარიშების ჩაბარების თაობაზე.

ნინო კაპანაძე