
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი 28 ოქტომბერს ჩაინიშნა.
მზია ამაღლობელის ადვოკატები ასაჩივრებენ ბათუმის საქალაქო სასამართლოში 6 აგვისტოს გამოტანილ განაჩენს, რითაც მზია ამაღლობელს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
„გასაჩივრებული განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, უკიდურესად შაბლონური, რომელიც სრულებით არ ასახავს არც სასამართლო სხდომებზე მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგებს, ასევე არ პასუხობს დაცვის მხარის არათუ რომელიმე არგუმენტს, არამედ არ პასუხობს დაცვის მხარის არც ერთ არგუმენტს და არ აფასებს დაცვის მხარის არც ერთ მტკიცებულებას.
განაჩენი იმდენად დაუსაბუთებელია, როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით, რომ იქმნება აღქმა, ის დაწერილია იმ პირის მიერ, ვინც არ ესწრებოდა სასამართლო სხდომებს 5 თვის განმავლობაში, ან ესწრებოდა, მაგრამ არ მოუსმენია. შესაბამისად, არ გაუანალიზებია და არც შეუფასებია რამე, რასაც დაცვის მხარე უთითებდა, ასაბუთებდა, ედავებოდა ბრალდებას, მათი დასკვნითი სიტყვის ჩათვლით.
გასაჩივრებულ განაჩენში სრულიად იგნორირებულია დაცვის მხარე, დაცვის უფლება და მისი მონაწილეობა დაცვის მტკიცებულებათა წარმოდგენის, გამოკვლევის, ბრალდების მტკიცებულებათა შედავების, მხარეთა შეჯიბრებითობისა და მხარეთა თანასწორობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით.
გასაჩივრებული განაჩენი დასტურია იმის, რომ მზია ამაღლობელს არ უსარგებლია სამართლიანი სასამართლოს კონსტიტუციური უფლებით,“ – ნათქვამია სააპელაციო საჩივარში, რომელსაც ხელს აწერენ მზია ამაღლობელის ადვოკატები, იურიდიული კომპანია BLB-ის უფროსი პარტნიორი მაია მწარიაშვილი, ჯუმბერ ქათამაძე და რაჟდენ ხიმშიაშვილი.
ადვოკატთა განცხადებით, მოსამართლე ნინო სახელაშვილმა ასევე დაარღვია განაჩენის მხარისთვის მიწოდების კანონით დადგენილი ვადა.
6 აგვისტოს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო.
მოსამართლემ ბრალი გადააკვალიფიცირა.
კერძოდ, მზია ამაღლობელს პროკურატურა ედავებოდა სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით ჩადენილ დანაშაულს, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა. მოსამართლე ნინო სახელაშვილმა ბრალი გადააკვალიფიცირა სსკ-ის 353-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
გაზის ტრანსპორტირების კომპანიის დაკვეთით,
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეს საბავშვო ბაღის შენობაში,
საქართველოს მთავრობის 2 ოქტომბრის დადგენილებით,
რიკოთის ავტობანის მშენებლობის არეალში მოხვედრილი ხევის საბავშვო ბაღის
დღეს, 30 სექტემბერს, დამეწყრილი ღვერკისა და ხემაღალის მოსახლეობას გეოლოგები,