ხარაგაულის მუნიციპალიტეტის კიცხის საჯარო სკოლის ეკოკლუბმა „მწვანე ხელები“ „ნიკო კეცხოველის“ III ხარისხის პრემია მოიპოვა, 3000 ლარის გრანტის ოდენობით.

ეკოკლუბის წევრებმა ასევე გაიმარჯვეს FAO-საქართველოს პროექტში „თევზი და სატბორე მეურნეობა“ და საჩუქრად 10 მობილური ტელეფონი მიიღეს.

კონკურსის „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია“ ფინალზე პრეზენტაცია წარადგინა კიცხის საჯარო სკოლის ეკოკლუბის ლიდერმა მათე ხიჯაკაძემ.

„ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია“ იძლევა საუკეთესო შესაძლებლობებს, რათა ახალგაზრდებმა ცვლილებები მოახდინონ და საუკეთესო მოქალაქეებად ჩამოყალიბდნენ, – ამბობს კიცხის ეკოკლუბის ლიდერი მასწავლებელი ელისო არჯევანიძე,მადლობა CENN-ის დიდი გუნდის თითოეულ წევრს, ჟიურის წევრებს ასეთი სიხარულის მონიჭებისთვის; მადლობა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციას (FAO), რომელმაც მაღალ დონეზე შეაფასა ჩვენი შრომა და ასეთი სიურპრიზი მოგვიწყო.

მადლობა სასკოლო საზოგადოების თითოეულ წევრს, რომელიც ამ ხნის განმავლობაში მუდმივად გვიჭერდა მხარს და გვაძლიერებდა“.

კიცხის სკოლის ეკოკლუბი, უკვე მეცხრე წელია, რაც „ნიკო კეცხოველის პრემიის“ კონკურსში მონაწილეობს, თანაც – ყოველწლიურად წარმატებულად. სხვადასხვა წლებში კიცხის ეკოკლუბი სამჯერ გახდა ამ კონკურსის ფინალისტი; საუკეთესოთა ათეულში მოხვდა; 2021 წელს ეკოკლუბის წევრი შოთა ზვიადაძე „საუკეთესო ეკოსპიკერად“ დასახელდა; კლუბს მეორე ადგილის მოპოვების შედეგად გადაეცა 6-ათას ლარიანი გრანტი, რითაც სკოლის ეზოში სკვერი მოაწყვეს.

ამ კონკურსში აქტიური მონაწილეობისთვის კიცხის სკოლის ეკოკლუბის წევრები, სხვადასხვა წლებში სხვა არაერთი საჩუქრით, მუზეუმებში ექსკურსიებითა და ბანაკების საგზურებითაც დაჯილდოვდნენ.

ვულოცავთ კიცხის სკოლის ეკოკლუბის „მწვანე ხელები“ წევრებს, ეკოკლუბის ლიდერ მასწავლებელს – ელისო არჯევანიძეს, კიცხის საჯარო სკოლას მორიგ წარმატებას და მომავალშიც არაერთ გამარჯვებას ვუსურვებთ.

ახალგაზრდული გარემოსდაცვითი კონკურსი – ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია – 2015 წელს დაარსდა CENN-ის მიერ, პროექტის – ტყის მდგრადი მართვა საქართველოში ფარგლებში, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის /Austrian Development Cooperation ფინანსური მხარდაჭერით.

კონკურსის თანაორგანიზატორები არიან: საქართველოს განათლების, მეცნიერების, სპორტისა და კულტურის სამინისტრო და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

წლევანდელი კონკურსის სლოგანი იყო – ბუნების დაცვა და კეთილდღეობა.

ამავე თემაზე
გრანტით სკოლის ეზოში სკვერს მოვაწყობთ – ელისო არჯევანიძე
კიცხის სკოლა „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის“ ფინალისტია