

წელს 87 ხარაგაულელი ახალგაზრდა სტუდენტი გახდა. მათგან 12 სახელმწიფო გრანტის მფლობელია, ეს ინფორმაცია ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროს დავით კიკნაძისგან მოვიპოვეთ. მისივე თქმით, ადგილობრივ თვითმმართველობასთან და ტურიზმის სამსახურთან ერთად, მომავალ კვირაში პირველკურსელებთან შეხვედრა იგეგმება.
„აბიტურიენტობის გზა საკმაოდ რთული და შრომატევადი იყო, – ამბობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი თამარ ჩხიკვაძე, – გამოცდებზე ძალიან ვნერვიულობდი. როცა შედეგები შევიტყვე, შედარებით დავმშვიდდი. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი გავხდი. მადლობა ყველას, ვინც ამ მიზნის მიღწევაში დამეხმარა. თორმეტწლიანი შრომა დაფასდა. ვფიქრობ, სტუდენტობა ყოველი ადამიანის ცხოვრებაში განსაკუთრებული პერიოდია და მეც დიდი ინტერესით ველოდები სწავლის დაწყებას.
შალვა აბაშიძე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტზე ჩაირიცხა. „ჩემს ფაკულტეტზე დიდი კონკურსი იყო. საბოლოო შედეგებმა ძალიან გამახარა, რადგან შევძელი და სასურველ ფაკულტეტზე ჩავირიცხე,“ – ამბობს შალვა.
ლიკა ჭიპაშვილი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისური ფილოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი გახდა. ლიკამ მითხრა, რომ უფრო მეტის მოლოდინი ჰქონდა, თუმცა ფიქრობს, რომ მომავალი პროფესია თანამედროვე ცხოვრებაში ძალიან გამოადგება.
„ჩემი მოლოდინები გამართლდა, – კავკასიის უნივერსიტეტში ჩავირიცხე ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე. ძალიან მომწონს ეს პროფესია,“ – ამბობს სოფო არევაძე.
ილიას უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის სტუდენტია ავთანდილ გელაშვილი. ავთოს სურდა, რომ ამ უნივერსიტეტში ესწავლა, თან ისტორიაც ძალიან უყვარს. სტუდენტური ცხოვრებით დაინტერესებულია და ელოდება სწავლის დაწყებას.
„ძალიან მიყვარს ქიმია და მაინტერესებს ეს საგანი. ვფიქრობ, სამომავლოდ, ამ პროფესიას დიდი პერსპექტივა აქვს,“ – გვიამბობს მარიამ მიქაბერიძე, – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი.
ანა დეკანოსიძე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კულტურის კვლევების ფაკულტეტზე ჩაირიცხა და 50%-იანი გრანტი მოიპოვა. „მიმაჩნია, რომ ჩემს პიროვნებასთან ახლოსაა ჩემი მომავალი პროფესია. კულტურის სფერო ყოველთვის მაინტერესებდა და მეტის შეცნობის სურვილი მაქვს,“ – ამბობს ანა.
სამომავლოდ პროფესიის ძირფესვიანად შესწავლას და საზოგადოებაში ღირსეული ადგილის დამკვიდრებას გეგმავს მიხეილ ლურსმანაშვილი. ის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ-პოლიტიკური ფაკულტეტის სტუდენტი გახდა. მიხეილი მიიჩნევს, რომ მისი პროფესია ჩვენი ქვეყანისთვის მნიშვნელოვანი და აქტუალურია.
წარმატებებს ვუსურვებ ყველა პირველკურსელს.
„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – გამომცემლობა „ინტელექტი“ უერთდება დამოუკიდებელი
ხაშური-ზესტაფონის საგარეუბნო მატარებლის განრიგი 17 ნოემბრიდან
ოქტომბრის ბოლოს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ვაშლევის საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე შოთი წიქარიშვილი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სამი საბავშვო ბაღი – საღანძილის, ნადაბურისა და
„სულაკაურის გამომცემლობა“ უერთდება კამპანიას – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს!“