120 წლის წინ, 1905 წელს, ბორითში ორკლასიანი სასწავლებელი დაარსდა, ქვით ნაგებ ექვს ოთახიან შენობაში. ამ სკოლის პირველი მასწავლებელი იყო აკაკი ამაშუკელი. 1917 წელს ბორითის სკოლა ოთხკლასიან სასწავლებლად გადაკეთდა და ასევე დაემატა მეორე მასწავლებელი სერგო ჯაფარიძე. ორივე პედაგოგი სოფელ ამაშუკეთიდან იყო.

1921 წელს ბორითის ოთხკლასიანი დაწყებითი სკოლა არასრულ საშუალო (შვიდკლასიან) სკოლად გადაკეთდა. 1940 წლიდან კი ბორითში საშუალო სკოლა ამოქმედდა. აღსანიშნავია, რომ იმ დროს სკოლაში 365 მოსწავლე ირიცხებოდა – პირველ ცვლაში 240 მოსწავლე სწავლობდა, – მეორე ცვლაში – 125.

სკოლის სამოქმედო სოფლები იყო: ბორითი, მაქათუბანი, კვესრევი, ციხისძირი, ერეთა, საქასრია, უბისა და ვაშლევი. 1965 წელს ბორითში სკოლისთვის ორსართულიანი შენობა აიგო. 2006-2007 წლებში ეს შენობა, გოგებაშვილის პროექტით, სრულად გარემონტდა.

სხვადასხვა წლებში ბორითის სკოლას დირექტორობდნენ: აკაკი ამაშუკელი, რეზო ჭიპაშვილი, გრიგოლ მუმლაძე, მიხეილ კუპრაძე, ოთარ გოგოლაძე, გრიგოლ სახვაძე, ტარიელ კურტანიძე, ალექსანდრე ბარბაქაძე. 2010 წლიდან დღემდე ამ სკოლის დირექტორია სერგო ლაბაძე.

ბორითის სკოლამ ღირსშესანიშნავი საიუბილეო თარიღი საზეიმო ღონისძიებით აღნიშნა. ღონისძიება სკოლის ეზოში სტუმრების მიღებით დაიწყო და ბორითის კულტურის სახლში გაგრძელდა.

ეს დღე სავსე იყო ამ სკოლის კურსდამთავრებულების მშობლიურ სკოლასთან, პედაგოგებთან შეხვედრის სიხარულით, სასიამოვნო მოგონებების გახსენებით, სიყვარულის გაზიარებით.

სკოლის ეზოსა და დერეფნებში გამოფენილი საინფორმაციო მასალები ბორითის სკოლის თანამედროვე სწავლა-სწავლების საუკეთესო მეთოდებს, არაფორმალური განათლების შედეგებს, მოსწავლეთა შემოქმედებას წარმოაჩენდა. მხატვრული ნომრების შესრულებისას კი ყველა დარწმუნდა ბორითის სკოლის მოსწავლეების ნიჭიერებაში, მათი პედაგოგების თავდადებულ შრომასა და პროფესიონალიზმში.

ღონისძიებაზე განსაკუთრებული პატივი მიაგეს ბორითის სკოლის აწ გარდაცვლილ ყველა თანამშრომელსა და კურსდამთავრებულს, – მარად მოსწავლეებად დარჩენილ, ამქვეყნიდან უდროოდ წასულ ახალგაზრდებს; მოეფერენ და მადლობა უთხრეს მრავალწლიანი ნაყოფიერი პედაგოგიური საქმიანობისთვის ღვაწლმოსილ მასწავლებლებს – ფატი მასხარაშვილს, ნათელა გრიგალაშვილს, ელისო ბარბაქაძეს და ნელი ბლიაძეს.  

სკოლის დირექტორმა სერგო ლაბაძემ ღონისძიებაზე აღნიშნა, რომ მისთვის ძალიან საამაყო და საპასუხისმგებლოა დიდი ტრადიციების მქონე ბორითის სკოლის დირექტორობა. ის ამავე სკოლის კურსდამთავრებულია. ამ სკოლაში მიიღეს განათლება მისმა შვილებმა.

სერგო ლაბაძემ იუბილარი სკოლის სახელით სიმბოლური საჩუქრები გადასცა იმ კურსდამთავრებულებს, რომლებმაც ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა დარგის განვითარებაში წვლილი შეიტანეს. ესენი არიან:

  • რამაზ ლურსმანაშვილი – თადარიგის პოლკოვნიკი, ის 42 წელი თავდაცვის სამინისტროში მაღალ თანამდებობებზე მუშაობდა, დაჯილდოებულია 20 მედლით;
  • მალხაზ წიქარიშვილი – ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსი, აკრედიტაციის ცენტრის ტექნიკური ექსპერტი;
  • ზურაბ ბარბაქაძე – მშენებელ-ინჟინერი, სავაჭრო ცენტრ „კიდობანის“, კაზრეთის ოქროს საბადოს ადმინისტრაციული კორპუსის, სასტუმროებისა და საცხოვრებელი სახლების მშენებელ-ინჟინერი, „ლიდერდეველოპმენტის“ დამფუძნებელი;
  • ხვიჩა გორგაძე – ექიმი რადიოლოგი, „ემ-მედის“ რენტგენოლოგიური სამსახურის უფროსი, საქართველოს ეროვნული აკადემიის სრული წევრი;
  • ლია გორგაძე – ფიზიკოსი, დამსახურებული პედაგოგი;
  • სოფიო წიქარიშვილი – კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი;
  • როსტომ კურტანიძე – ექიმი ანესთეზიოლოგი, რუხის რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი მედიცინის განყოფილების ხელმძღვანელი;
  • გიორგი ბარბაქაძე – ექიმი ქირურგი, ხარაგაულის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურის უფროსი;
  • ია პაქსაშვილი – ოჯახის ექიმი, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებლოს წევრი;
  • თემურ გამცემლიძე, სხვადასხვა წლებში ბორითის საკრებულოს თავმჯდომარე და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი;
  • ნუგზარ ბარბაქაძე – სამშენებლო კომპანიის დამფუძნებელი.

იუბილარ მშობლიურ სკოლას მალხაზ წიქარიშვილმა „დედა ენის“ პირველი გამოცემა, მოოქროვილი „ვეფხისტყაოსანი“, მოოქროვილი „ბიბლია“ და საკუთარი წიგნი გადასცა; ხვიჩა გორგაძემ – ელექტროპიანინო და ბლუთუზდინამიკი; ზურა ბარბაქაძემ – ფეხბურთის ბურთები.

სიმბოლური საჩუქრები უსახსოვრეს ბორითის სკოლას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძემ, მისმა პირველმა მოადგილე დავით კიკნაძემ, ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა მარინა ვეფხვაძემ, განათლების პროფკავშირის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ლალი სებისკვერაძემ, პარლამენტარ პაატა კვიჟინაძის ბიუროს წარმომადგენელმა ნანა ცხვედაძემ, უბისისა და ვაშლევის საჯარო სკოლების დირექტორებმა – თამარ გოგოლაძემ და ქეთინო ლურსმანაშვილმა.

ღონისძიებაზე მყოფმა კურსდამთავრებულებმა აღნიშნეს, რომ ბორითის სკოლაში მიღებული ცოდნა, ბავშვური სიცელქე, პედაგოგები, მეგობრები არასდროს ავიწყდებათ. მათ ბორითის საჯარო სკოლის პედკოლექტივს წარმატებები, ხოლო მოსწავლეებს კარგად სწავლა და თანამედროვე გამოწვევებთან გამკლავება უსურვეს.

ბორითის კულტურის სახლის სცენაზე ერთმანეთს ცვლიდა ცეკვა, სიმღერა, ლექსი… მაყურებელი მოიხიბლა ქორეოგრაფიული ანსამბლ „იმედის“ (ქორეოგრაფი ალიკა ტაბატაძე) ცეკვებით, ვოკალური ანსამბლ „ბორას“ (ხელმძღვანელი მაკა კოდუა) სიმღერებით, ვიოლინოზე შესრულებული კლასიკური ნაწარმოებებით (პედაგოგი ლია ლურსმანაშვილი).

საიუბილეო საღამო გაამრავალფეროვნა კურსდამთავრებულ ხვიჩა გორგაძის ვაჟის, გიგი გორგაძის მიერ ფორტეპიანოზე შესრულებულმა მუსიკალურმა კომპოზიციებმა და სიმღერებმა.

ბორითის სკოლის დაარსების 120 წლისადმი მიძღვნილი იუბილეს ორგანიზებაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით ამ სკოლის პედაგოგებს – ეკა ბარბაქაძეს, ნანა ულუმბელაშვილს, მადონა ულუმბელაშვილს, ანა კალანდაძეს, ლევან დონაძეს, რაგული კალანდაძეს, სკოლის ექთან მარიკა ბარბაქაძეს, ბორითის კულტურისა და ახალგაზრდობის სახლის ხელმძღვანელ შორენა გოგოლაძეს.

120-წლიანი უწყვეტი ისტორიის მქონე მშობლიურ სკოლას ლექსი მიუძღვნა ამავე სკოლის კურსდამთავრებულმა მაკა ლურსმანაშვილმა:

…„მადლიერი ვარ დიდი წარსულის,
მეამაყება აწმყო დიადი,
და მომავალი? ეს სანთელია
მარადიული ყოფის ციალში.
ვლოცავ მომავალს, უფროს თაობის
ყველა მათგანთან კი ქედს მოვიხრი,
120 წლის წინ რომ დაირეკა,
ის ზარი მუდამ რეკდეს ბორითში.

საუკუნეზე მეტია, ბორითის სკოლაში თაობები იზრდებიან, ყალიბდებიან პიროვნებებად, სწავლობენ ქვეყნისა და ადამიანების სიყვარულს.

ვულოცავთ ბორითის დიდი ტრადიციების მქონე სკოლას 120 წლის იუბილეს, მოსწავლეების სიმრავლესა და წარმატებებით სავსე წლებს ვუსურვებთ.

ნინო კაპანაძე