პოლიტიკაში ქალთა ჩართულობის მიმართ საზოგადოების განწყობა პოზიტიურია.

თუმცა, ქალებს, პოლიტიკაში მიზნის მისაღწევად, მამაკაცებთან შედარებით, გაცილებით მეტი ბარიერის დაძლევა უწევთ.

რამდენად თანაბარი უნარები და შესაძლებლობები აქვთ ქალებსა და მამაკაცებს საიმისოდ, რომ კარგი პოლიტიკოსები გახდნენ, რატომ იკავებენ ქალები თავს პოლიტიკაში აქტიური ჩართულობისგან, რატომაა მნიშვნელოვანი ქალების მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, – ამ საკითხებზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს, ნადაბური-ხევის მაჟორიტარ დეპუტატს დოდო ხაჩიძეს ვესაუბრეთ.

ქალბატონი დოდო მაჟორიტარ დეპუტატად მეორე ვადით აირჩიეს. ის პროფესიით ისტორიკოსია. 2007-2024 წლებში ნადაბურის სკოლის დირექტორად მუშაობდა. ამ თანამდებობაზეც, სკოლის სამეურვეო საბჭომ ნდობა ზედიზედ ორჯერ გამოუცხადა. ის ამჯერად ნადაბურის სკოლაში ისტორიას ასწავლის. დოდო ხაჩიძე ოთხი შვილის დედა და ექვსი შვილიშვილის ბებიაა.

დოდო ხაჩიძეს მიაჩნია, რომ კაცსა და ქალს თანაბარი უფლებები აქვთ, გახდნენ კარგი პოლიტიკოსები. თუმცა, ოჯახური მდგომარეობა და სხვა გარემო ფაქტორები, ქალისთვის სერიოზული ბარიერია.

„ძირითადად, ქალის კისერზეა შვილების გაზრდა, საოჯახო საქმეები, რომელთაც ის ვერ უღალატებს, – ამბობს დოდო ხაჩიძე, – ზოგჯერ, როცა ქალი არჩევანის წინაშე დგება – სამსახური თუ ოჯახი – უმრავლესობა ოჯახს ამჯობინებს.

ვიცნობ ქალებს, რომელთაც სურთ იმუშაონ, აქვთ სხვადასხვა შემოქმედებითი ნიჭი და უნარები, მიიღეს განათლება, მაგრამ საკუთარი თავის რეალიზება ვერ შეძლეს.

შვილის გაჩენის შემდეგ, გარკვეული პერიოდით, ქალი აქტიურ ცხოვრებას მთლიანად ეთიშება. ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ოჯახის, ისე საზოგადოების თანადგომა. ქალს ხელშეწყობა სჭირდება, რომ სამსახურსა და ოჯახს დრო თანაბრად დაუთმოს“.

ქალბატონი დოდო ამბობს, რომ მას როგორც მამის, ისე მეუღლის ოჯახში ძალიან გაუმართლა. ოჯახის წევრებმა ხელი მაქსიმალურად შეუწყვეს, შვილების გაჩენა-გაზრდის პარალელურად რომ ესწავლა და ემუშავა.

„ინსტიტუტში საკურსო გამოცდებს რომ ვაბარებდი, ჩემი დედამთილი ჩემს ჩვილ შვილთან ერთად მომყვებოდა, – ამბობს ქალბატონი დოდო, – სამი შვილი ინსტიტუტში სწავლის პარალელურად გავაჩინე. ნადაბურში მაშინ საბავშვო ბაღი არ ფუნქციონირებდა და სკოლაში მუშაობა რომ დავიწყე, შვილების გაზრდაში მეუღლე და ოჯახის წევრები მეხმარებოდნენ.

სკოლის დირექტორების კონკურსში რომ ჩავრთულიყავი, ამაში დიდი წვლილი ჩემს მეუღლეს მიუძღვის. გამოცდაში უმაღლესი ქულები დავიმსახურე, საუკეთესოთა 20%-ში მოვხვდი და სამეურვეო საბჭომაც მხარი დამიჭირა. ვფიქრობ, სკოლის დირექტორობისთვის თავი ცუდად არ გამირთმევია.

პოლიტიკაში ჩართულობას რაც შეეხება, ნადაბურის მაჟორიტარ დეპუტატად კენჭისყრა რომ შემომთავაზეს, ცოტა შემეშინდა. ჩვენს სოფელში საკმაოდ ავტორიტეტული მამაკაცი კონკურენტები მყავდა. წინასაარჩევნო მარათონი საკმაოდ რთული აღმოჩნდა და ამომრჩევლის ნდობის მოსაპოვებლად დიდი ძალისხმევა დამჭირდა.

აქტიური, დისციპლინიანი და პასუხისმგებლიანი ვარ. მიყვარს სიახლეები და პრობლემების დაძლევა. წინასაარჩევნოდ ყველა ოჯახში მივედი და მოსახლეობას არარეალურს არაფერს დავპირებივარ. ვეუბნებოდი, რომ მუნიციპალიტეტის მერიასთან თანამშრომლობითა და ჩემი აქტიურობით ვიზრუნებდი პრობლემების მოგვარებაზე.

ხევში წინასაარჩევნო შეხვედრაზე ერთმა კაცმა მითხრა, – დოდო, ბიძიკო, დიდ პატივს გცემთ და რატომ გინდა, თავი გვალანძღვინოო. პრობლემები, რომელიც ხევში იმ კონკრეტულ უბანს აწუხებდა, – უგზოობა და სასაფლაოს შემოღობვა, – მოგვარებულია. ამომრჩევლის ნდობის მოპოვება და შემდეგ გამართლება მართლაც რთული და საპასუხისმგებლოა.

აუცილებელია ქალების ჩართულობა პოლიტიკასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ოჯახი გამართულია მაშინ, როცა მის მართვაში, ბიუჯეტის განაწილებაში, შვილების აღზრდაში ქალი და მამაკაცი თანაბრადაა ჩართული. ასეა პოლიტიკაშიც.

ქალები პრობლემების მოგვარებაზე, სიტუაციის დაბალანსებაზე სიღრმისეულად ვზრუნავთ. მეტად ყურადღებიანები ვართ, ბევრს ვფიქრობთ და უფრო მეტად მიგვაქვს გულთან მოსახლეობის პრობლემები. არ ვიღებთ ხისტ და ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს.

ადამიანური ურთიერთობებიც, ვფიქრობ, ქალებს უფრო კარგად გამოგვდის. შესაძლოა, ერთი სწორად ნათქვამი სიტყვა პრობლემას აგვარებდეს. ქალები მეტად უნდა გავაქტიურდეთ და პოლიტიკაში ჩავერთოთ. ვფიქრობ, ამით პოლიტიკა უფრო გაჯანსაღდება და უკეთესი ცხოვრება გვექნება“.

საზოგადოებრივ ცხოვრებასა და პოლიტიკაში აქტიური ჩართულობა ქალისთვის მარტივი არაა. როგორ ახერხებს იყოს კარგი მეოჯახე, მზრუნველი მეუღლე, დედა, ბებია, მასწავლებელი და დეპუტატი, – ამაზე დოდო ხაჩიძეს „მზა რეცეპტი“ არ აქვს. თუმცა, ამბობს, რომ დროს სწორად ანაწილებს და ეს შველის.

„სახლიდან რომ მივდივარ, სკოლაში რის შემდეგ რა უნდა გავაკეთო და რა დროში, დაგეგმილი მაქვს, – ამბობს ქალბატონი დოდო, – ასევეა სახლის საქმეებშიც. ზედმეტი ინფორმაციით გონებას არ ვიღლი. სხვისი დახმარების იმედად ყოფნა არ მიყვარს. ვფიქრობ, ჩემს მოვალეობას თავს ყველგან ვართმევ და ამომრჩეველიც კმაყოფილი მყავს“.

საქართველოს ხუთ სამიზნე მუნიციპალიტეტში (ბოლნისი, ხარაგაული, ზუგდიდი, ქედა, ხაშური) ქალთა საინფორმაციო ცენტრმა საზოგადოებაში არსებული გენდერული სტერეოტიპები, ნორმები და წეს-ჩვეულებები გამოიკვლია.

ამ კვლევის თანახმად, პოლიტიკაში ქალთა დაბალი მონაწილეობის ერთ-ერთ მიზეზად ქალი კანდიდატებისადმი ამომრჩევლების ნდობის ნაკლებობა სახელდება. თუმცა, კვლევის რესპონდენტთა უმრავლესობა (67%) ფიქრობს, რომ ქალსა და კაცს თანაბარი უნარები აქვთ, გახდნენ კარგი პოლიტიკოსები;

– რესპონდენტთა 79%-ს მიაჩნია, რომ უმჯობესი იქნება, თუ მათ მუნიციპალიტეტში საკრებულოში ქალთა რაოდენობა გაიზრდება;

– სამიზნე მუნიციპალიტეტებში გამოკითხულთა 63%-ს მიაჩნია, რომ მუნიციპალიტეტის მერის პოზიციაზე ქალი და კაცი თანაბრად მისაღებია, ხოლო 17% მიიჩნევს, რომ მუნიციპალიტეტისთვის ქალი მერი სჯობს, 20% მიიჩნევს, რომ კაცი მერი იქნება უმჯობესი.

„ქალთა საინფორმაციო ცენტრმა“ კვლევა – „ქალთა გაძლიერება და სრულფასოვანი მონაწილეობა ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის განხორციელებაში“ დანიური ორგანიზაცია KVINFO-სა და დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, მუნიციპალიტეტების გენდერული თანასწორობის საბჭოებთან თანამშრომლობით 2022 წელს განახორციელა.

ქალების პოლიტიკაში ჩართულობის გასაძლიერებლად „ქალთა საინფორმაციო ცენტრი“ ხარაგაულის თვითმმართველობასთან წლების განმავლობაში თანამშრომლობდა.

ნინო კაპანაძე

ამავე თემაზე

ციური სულამანიძე – ოჯახში ყველაფერი ურთიერთშეთანხმებით უნდა გადაწყდეს

მარტოხელა მშობლის ტვირთი

ემიგრანტ მშობლებს შვილებთან პოზიტიურ კომუნიკაციაში უნდა დავეხმაროთ – თამარ ავალიშვილი

„ქალთა შრომითი უფლებები გაუმჯობესდება, თუ ევროკავშირის რეკომენდაციებს გავითვალისწინებთ“