ზაფხულის დადგომასთან ერთად თავს იჩენს სხვადასხვა ზოონოზური (ცხოველთა) დაავადებები.

რა მდგომარეობაა ამ კუთხით ხარაგაულის მუნიციპალიტეტში და რა წესები უნდა დავიცვათ მსხვილფეხა და წვრილფეხა ცხოველების მოვლისას, – ამის გასარკვევად სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული სამმართველოს უფროს ინსპექტორს, ავთანდილ ვეფხვაძეს მივმართეთ.

„გასულ წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ნებოძირში ძალიან საშიში ზოონოზური დაავადება – ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება დაფიქსირდა, – ამბობს ავთანდილ ვეფხვაძე, – ამიტომ „ჩემი ხარაგაულის“ მკითხველთა ყურადღებას, ძირითადად, ამ დაავადების შესახებ გავამახვილებ.

ნებოძირში მცხოვრები ახალგაზრდა მამაკაცი ცხოველისგან ყირიმ-კონგოთი დაავადდა. დროულმა მკურნალობამ შედეგი გამოიღო, თორემ შეიძლებოდა ეს შემთხვევა ლეტალურად დასრულებულიყო.

ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება ცხოველისა და ადამიანის ზოონოზური ვირუსული დაავადებაა, რომელიც ვრცელდება Hyalomma-ს სახეობის ტკიპების საშუალებით. ეს დაავადება ფიქსირდება გაზაფხულიდან ადრეულ შემოდგომამდე. ვირუსის ბუნებრივი რეზერვუარია მსხვილფეხა და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვი, გარეული ძუძუმწოვრები და თაგვები.

ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელებით ადამიანი ავადდება დაავადებული ტკიპის კბენის შედეგად. ამ ტკიპის კბენის შემდეგ ადამიანს ახასიათებს უეცარი შემცივნება, ტემპერატურის მატება 39-40 გრადუსამდე, კუნთებისა და თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, ტკივილი მუცლის არეში და სხვ. პაციენტი დროულად თუ არ გადაიყვანეს ჰოსპიტალში, შეიძლება ლეტალური შედეგი დადგეს.

ყირიმ-კონგოთი დაინფიცირებულ ცხოველს კლინიკური ნიშნები გამოხატული არ აქვს. ცხოველი კლინიკურად ჯანმრთელია და მკურნალობას არ ექვემდებარება.

ყირიმ-კონგოს წინააღმდეგ ბრძოლის ძირითადი საშუალებაა ჯაჭვის დარღვევა ტკიპასა და ცხოველს შორის. აუცილებლად, პერიოდულად უნდა დამუშავდეს ცხოველები და სადგომები ტკიპის საწინააღმდეგო პრეპარატებით.

გაითვალისწინეთ შემდეგი რჩევები:

– მინდორში, ტყეში, სეირნობისას თუ საველე სამუშაოების დროს ატარეთ დახურული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი;

– სახლში დაბრუნებისას შეამოწმეთ ტანსაცმელი ტკიპის არსებობაზე;

– არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოვაცილოთ ცხოველს სხეულიდან ტკიპი შიშველი ხელით;

– ცხოველების დაკვლის დროს უნდა გამოიყენოთ ხელთათმანი, სათვალე, წინსაფარი, ჩექმა;

– მოვერიდოთ დაავადებულ ადამიანთან ახლო კონტაქტს.

გვახსოვდეს, რომ ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების საწინააღმდეგო ვაქცინა არ არსებობს!

სურსათის ეროვნული სააგენტო ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების საწინააღმდეგოდ ეპიდემიოლოგიურ კერებში ატარებს მსხვილფეხა საქონლის ინსექტოაკარიციდებით (პარაზიტის საწინააღმდეგო პრეპარატი) დამუშავებას.

ცხოველების და სადგომების დამუშავება, წესების დაცვით, თავად ცხოველის პატრონსაც შეუძლია. ეს პრეპარატები ვეტაფთიაქებში ხელმისაწვდომ ფასად იყიდება.

ამჟამად ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ბრუცელოზის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მიმდინარეობს. ამ დაავადების წინააღმდეგ იცრება მდედრი, არამაკე ცხოველი. ბრუცელოზის საწინააღმდეგო ვაქცინით ხარაგაულის მუნიციპალიტეტში უკვე ვაქცინირებულია 1 500-ზე მეტი პირუტყვი.

სურსათის ეროვნული სააგენტო ატარებს ასევე სხვა განსაკუთრებით საშიში დაავადებების – ცოფისა და ჯილეხის საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ ღონისძიებებს. ჯილეხის ვაქცინაცია ივნის-ივლისში ჩატარდება დაავადების კერაში – ჩრდილში, ზვარეში, დეისსა და ნუნისში.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე ყველა ოჯახში ჩვენი სპეციალისტების მიერ ამჟამად ასევე ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია უტარდება პატრონიან ძაღლსა და კატას. ამჟამად ხარაგაულში ამ კუთხით სპეციალისტთა ორი ჯგუფი მუშაობს. ინტენსიურად შინაური ძაღლისა და კატის აცრებს ივლისში დავიწყებთ, როცა ვეტერინართა მესამე ჯგუფი დაგვემატება.

მოსახლეობას მინდა მოვუწოდო, გამოიჩინონ ყურადღება, რომ ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინით ყველა ცხოველი აუცილებლად უნდა ავცრათ.

ბოლოს მინდა ყველას მივმართო: ნუ შეიძენთ ქუჩაში თუ გზის პირებზე გასაყიდად გამოტანილ ხორცს. ეს, შესაძლოა, ძალზე სახიფათო იყოს თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების ჯანმრთელობისთვის“, – ამბობს ავთანდილ ვეფხვაძე.

ნინო კაპანაძე