კავკასიის უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტმა გიორგი კვირიკაშვილმა ერთი სემესტრი ამერიკაში, ნიუ ჯერსი სიტის უნივერსიტეტში კიბერუსაფრთხოების ფაკულტეტზე ისწავლა. ამერიკაში ის თავის 24 ჯგუფელთან ერთად იმყოფებოდა.

გიორგი კომპიუტერული მეცნიერებებით ბავშვობიდან დაინტერესდა. ხარაგაულის სკოლა-გიმნაზიის ოქროს მედალზე დამთავრების შემდეგ კავკასიის უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებისა და კიბერუსაფრთხოების ფაკულტეტზე ჩაირიცხა. ამ უნივერსიტეტის პროგრამის ფარგლებში ცოდნა ამერიკაში გაიღრმავა.

2024 წელს, პირველ სემესტრში, გიორგი ამერიკულ უნივერსიტეტში ონლაინ სწავლობდა. მეორე სემესტრიდან კი ნიუ ჯერსის უნივერსიტეტში 50%-იანი დაფინანსების მოპოვება შეძლო. ის ახლა ბაკალავრის ორ დიპლომს მიიღებს – კავკასიის უნივერსიტეტიდან კომპიუტერულ მეცნიერებებში, ხოლო ამერიკული უნივერსიტეტიდან – კიბერუსაფრთხობაში.

ამერიკაში გიორგის დიპლომს 28 მაისს, გამოსაშვებ საღამოზე გადასცემენ. მან ყველა საგანში უმაღლესი შეფასება მიიღო და თვლის, რომ ეს საქართველოში მიღებული ცოდნის დამსახურებაცაა. მისი ერთ-ერთი მთავარი პრეზენტაცია ეხებოდა თემას „ხელოვნური ინტელექტის როლი კიბერუსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევებში“.

„ამერიკელებში ყველაზე მეტად მომეწონა ის, რომ დისციპლინას ზედმიწევნით იცავენ და თავის საქმეს ყველა დაუზარებლად აკეთებს, – შთაბეჭდილებებს გვიზიარებს გიორგი, – ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ნამდვილად ვისურვებდი საქართველოში.

აქ ლექტორების უმრავლესობამ ჩვენი ქვეყნის შესახებ ბევრი არაფერი იცის. ჩვენც მაქსიმალურად ვცდილობდით, მათთვის სწორი ინფორმაცია მიგვეწოდებინა. დაინტერესდნენ 2008 წლის ომით და მისი შედეგებით. ჩემმა მეგობარმა 2008 წლის ომში კიბერშეტევებზე პრეზენტაციაც მოამზადა.

ამერიკელები ძალიან კულტურული ხალხია და ერთმანეთს დიდ პატივს სცემენ. პატივისცემით ეპყრობიან ემიგრანტებს, ტურისტებს. აქ ვერ იგრძნობ, რომ  ვინმე „შენზე მეტია“ და „ზემოდან გიყურებს“.  ვისურვებდი, რომ ჩვენც გვქონდეს მსგავსი შრომისმოყვარეობა. გამორჩეულია ამერიკელების გარემოსადმი დამოკიდებულება. აქ ბუნებას უვლის ყველა – ახალგაზრდა, მოხუცი, პოლიციელი, სტუდენტი…

ამერიკელებს ძალიან უყვართ თავიანთი ქვეყანა და აფასებენ, რაც აქვთ. ჩვენ ასე არ ვიქცევით. ადამიანმა ყველაფერი უნდა დააფასო, რაც გაგაჩნია“.

გიორგი მაგისტრატურაზე სწავლას საქართველოში ან ევროპის რომელიმე ქვეყანაში გეგმავს. მომავალშიც წარმატებებს ვუსურვებთ გიორგი კვირიკაშვილს.

ნინო კაპანაძე