მეშვიდე წელია, რაც მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის მშენებლობა მიმდინარეობს. ამ გზის მშენებლობა 2018 წლის დეკემბერში დაიწყო და ორწელიწადნახევარში – 2021 წლის მაისში უნდა დასრულებულიყო.

თუმცა, ტენდერით შერჩეულმა კომპანია „აკკორდმა“ ამ გზის რეაბილიტაცია 2020 წლის ნოემბრიდან ვეღარ გააგრძელა და საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მასთან ხელშეკრულება 2022 წლის თებერვალში შეწყვიტა.

2022-2023 წლებში ამ გზის სარეაბილიტაციოდ გამოცხადებული ტენდერი რამდენჯერმე ჩაიშალა.

2024 წლის იანვრიდან მოლითი-ჩუმათელეთის გზის რეაბილიტაციას ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „New Road“ (გენერალური დირექტორი დავით ჟღენტი) აგრძელებს. „New Road“ -ის სამუშაოთა მწარმოებლის, ბაჩო ჭანჭალეიშვილისგან მოპოვებული ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის მოლითი-ჩუმათელეთის საავტომობილო გზაზე (ვახანი-მოლითის მონაკვეთი) ორი ხიდისა და ზედა საყრდენი კედლების მშენებლობა დასრულებულია.

გზის ამ მონაკვეთზე კიდევ 6 ხიდი უნდა აშენდეს. ექვსივე ხიდის მშენებლობა ამჟამად მოლითსა და წიფაში ერთდროულად მიმდინარეობს. ამავე სოფლების ტერიტორიაზე გამავალ საავტომობილო გზაზე შენდება ქვედა საყრდენი კედლები. პარალელურად, გზის სავალ ნაწილსაც აწესრიგებენ.

შპს „New Road“-სა და საავტომობილო გზების დეპარტამენტს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, გზის სრული რეაბილიტაცია 2025 წლის 30 ნოემბერს უნდა დასრულდეს. ბაჩო ჭანჭალეიშვილი იმედოვნებს, რომ 2025 წლის შემოდგომის დასაწყისში მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის გზა უკვე მოასფალტებული იქნება.

მისივე თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის თანხის ჩარიცხვის პრობლემა ამ დრომდე არ ყოფილა და ამ ერთი წლის განმავლობაში მშენებლობა არ შეჩერებულა. ამ გზის რეაბილიტაციაზე 188 პირია დასაქმებული, მუშაობს 24 ერთეული მძიმე ტექნიკა და 14 ერთეული თვითმცლელი.

მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის რეაბილიტაციისთვის, ხელშეკრულების თანახმად, 96 309 126 ლარია განსაზღვრული.

ჩხერიმელას ხეობის სოფლების მოსახლეობისთვის ამ გზის რეაბილიტაცია ძალიან მნიშვნელოვანია. ამავე დროს, ეს გზა რიკოთის ავტობანის ალტერნატიულია.