ვახანში, 27 აგვისტოს, ტრადიციული სპორტული შეჯიბრებები გაიმართა დოღში, მკლავჭიდსა და ქართულ ჭიდაობაში.

მესამე წელია, ტურნირი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მოკლული რეინჯერის, ვახანელი მერაბ არევაძის ხსოვნას ეძღვნება.

 

სპორტულ შეჯიბრებებში ვახანელ ახალგაზრდებთან ერთად მონაწილეობენ სპორტსმენები ხარაგაულის სხვადასხვა სოფლებიდან და მეზობელი მუნიციპალიტეტებიდან.

ტრადიციული სპორტული შეჯიბრებების ორგანიზატორები არიან სოფლის აქტივისტები, სპორტის განვითარებისა და მართვის მუნიციპალური ცენტრი და ადგილობრივი ხელისუფლება.

ვახანის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენელი ზვიად არევაძე ამბობს, რომ სპორტული შეჯიბრებების მოთავე იყო აწ გარდაცვლილი როლანდი არევაძე. „ვახანისთვის ზეიმია დღევანდელი დღე. სტუმარი თუ ადგილობრივი მაცხოვრებელი ვესიყვარულებით ერთმანეთს.“

ვახანის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ღონღაძე იხსენებს, რომ ტრადიციული სპორტული ტურნირი 2008 წლის აგვისტოს ომის დროსაც ჩაატარეს. მისი თქმით, ეს დღე ახალგაზრდებს ახალისებს და სტიმულს აძლევს, აყვარებს სოფელს, როგორც აქაურებს, ისე ჩამოსულ სტუმრებს. ვფიქრობთ, რომ ძალიან კარგი დღესასწაულია.

სპორტის განვითარებისა და მართვის მუნიციპალური ცენტრის პროექტების მენეჯერის, ვეფხვია ღონღაძის თქმით, სპორტულ შეჯიბრებებში ოთხმოცამდე ახალგაზრდა ჩაერთო. „ინტერესი დიდია, – ამბობს ვეფხვია ღონღაძე, – პირველ რიგში, კარგია, რომ იმერეთში ქართული ჭიდაობის ტურნირი იმართება. ტრადიციას ვაგრძელებთ შეძლებისდაგვარად. მომავალში ეს შეჯიბრებები უნდა გაფარდოვდეს. შევეცდებით, რომ ჭიდაობის უფრო ტრადიციული მხარებიიდან – ქართლიდან და კახეთიდან მოვიწვიოთ სპორტსმენები.“

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის უფროსის ლევან თაბუნიძის თქმით, ეროვნული პარკისა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინტერესი ამ ღონისძიებისადმი დიდია, რადგან ის რეინჯერ მერაბ არევაძის ხსოვნას ეძღვნება. ისინი გამარჯვებულებს ფასიანი საჩუქრებით აჯილდოებენ.

ვახანში გამართულ დოღში ჩრდილელმა 16 წლის მერაბ თიკანაშვილმა გაიმარჯვა. მერაბი დოღში პირველად მონაწილეობდა მომავალშიც თავის ცხენ „ქურანასთან“ ერთად არერთ გამარჯვებას გეგმავს.

ნინო კაპანაძე

ავტორის ფოტოები

vakhani (1) vakhani (2) vakhani (2) vakhani (3) vakhani (4)