
დღეს, 28 აპრილს, ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრის რეჟისორსა და მსახიობს, ხარაგაულის კოლორიტს, ლოტბარსა და დეკლამატორს, თამაზ კიკნაძეს 90 წელი შეუსრულდებოდა.
ხარაგაულის კინოთეატრში დღეს მისი ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. ღონისძიება მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის, „კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის განვითარების ცენტრის“ ორგანიზებით მოეწყო.
კაცი, რომელიც დააკლდა ქალაქს – მიხეილ ქვლივიძის ამ ლექსით გახსნა ღონისძიება თეატრის რეჟისორმა ირინე ჩხეიძემ. მან თამაზ კიკნაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მნიშვნელოვანი თარიღები შეგვახსენა, აღნიშნა ამ დიდებული პიროვნების განსაკუთრებული თვისებები – კაცთმოყვარეობა, სიკეთე და სიყვარული.
თამაზ კიკნაძე მრავალმხრივი ნიჭით იყო დაჯილდოებული. თუმცა, ის ხარაგაულელთა ხსოვნაში როგორც რეჟისორი და მსახიობი დარჩა. მან განუმეორებელი სახეები შექმნა სპექტაკლებში „დარისპანის გასაჭირი“, „სოლომონ მორბელაძე“, „ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს“, „თეთრი ბაირაღები“ და მრავალი სხვა.
ღონისძიებაზე ანსამბლმა „ხარაგაული“ შეასრულა სიმღერები თამაზ კიკნაძის მიერ ჩამოყალიბებული ანსამბლ „შემოძახილის“ რეპერტუარიდან, ხარაგაულის 125 წლის სახალხო თეატრმა წარმოადგინა ნაწყვეტი სპექტაკლიდან „დარისპანის გასაჭირი“, ამავე თეატრის მსახიობებმა გაითამაშეს იუმორისტული სკეტჩი, რომელშიც წლების წინ ბატონი თამაზ კიკნაძე და მისი მეუღლე გიული ლომიძე მონაწილეობდნენ.
საღამო სიმღერებით გაალამაზეს ანსამბლმა „ხარაგაული“ და „ხარაგაულის კვარტეტმა“ (კონცერტმეისტერები მადონა გაფრინდაშვილი და დალი მერაბიშვილი).
თამაზ კიკნაძის ხსოვნას საკუთარი ლექსი მიუძღვნა მსახიობმა და პოეტმა ნიკო წიკლაურმა.
დიდებული ხარაგაულელის ოჯახში ტრადიცია გრძელდება – მისი შვილები – ვასიკო და ბათუ კიკნაძეები ხარაგაულის სახალხო თეატრის მსახიობები არიან. შესანიშნავად მღერის მისი შვილიშვილი ლიზი კიკნაძე. მან მამამისთან, ვასიკო კიკნაძესთან ერთად შეასრულა სიმღერა, ლუკა კიკნაძემ კი წაიკითხა ვალერი გოგნაძის ლექსი, რომელიც მან თამაზ კიკნაძეს მიუძღვნა.
მაყურებელმა იხილა კადრები სპექტაკლებიდან „დარისპანის გასაჭირი“ და „ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს“, რომელშიც თამაზ კიკნაძე მონაწილეობს.
თამაზ კიკნაძის შვილმა ვასიკო კიკნაძემ მადლობა გადაუხადა ღონისძიების ორგანიზატორებს.
ხარაგაულის კინოთეატრში შეკრებილ საზოგადოებას მიესალმა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი კობა ლურსმანაშვილი. მან აღნიშნა, რომ თამაზ კიკნაძემ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ხარაგაულის თეატრის განვითარებასა და ახალგაზრდებისთვის სამსახიობო ხელოვნების შეყვარებაში. მან თამაზ კიკნაძის სახელობის სკვერში მისი ბიუსტის დადგმა დააანონსა.
„თამაზ კიკნაძეს უამრავი ჯილდო აქვს მიღებული როგორც რეჟისორს, მსახიობს, ლოტბარს, – აღნიშნა ღონისძიების დასასრულს ირინე ჩხეიძემ, – თუმცა, ყველაზე დიდი ჯილდო მისთვის ყოველთვის იყო ხარაგაულელების სიყვარული, რომელიც მან თავისი შემოქმედებითა და ცხოვრებით ნამდვილად დაიმსახურა“.
ღონისძიების ამსახველი ვიდეო იხილეთ სოციალურ ქსელში.
ამავე თემაზე დაგაინტერესებთ
თამაზ კიკნაძე – ნამდვილი ხელოვანი სცენაზე და ცხოვრებაში
თამაზ კიკნაძემ სიმღერითა და სიყვარულით იცხოვრა და დღესაც ასე ვიხსენებთ ყველა
23 აპრილს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ტრადიცული
დღეს, 28 აპრილს, ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრის რეჟისორსა და მსახიობს, ხარაგაულის კოლორიტს, ლოტბარსა და დეკლამატორს, თამაზ კიკნაძეს 90 […]
საიამ უკანონო პატიმრობაში მყოფი, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის,
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 19 სოფელში გაზიფიცირებისთვის საჭირო
ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის (დირექტორი ჰამლეტ ბერაძე)