
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 19 სოფელში გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოსამზადებლად საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ სამი ხელშეკრულება 2025 წლის აპრილის დასაწყისში გააფორმა.
მიროწმინდას, სარგვეშის, ღორეშის, უბისისა და საბეს გაზიფიცირების პროექტი ტენდერში გამარჯვებულმა შპს „ჯეოპროექტი 2016“-მა (დირექტორი გრიშა მაჭარაშვილი) უნდა შეადგინოს. კომპანია ამ სამუშაოების შესრულებას 370 731 ლარად აპირებს.
ტენდერში გამარჯვებულმა შპს „ჯეოპროექტი 2016“-მა უნდა მოამზადოს ასევე საღანძილეს, ზარანის, ვანის, სხლითის, დიდვაკეს, ლეღვნისა და მარელისის გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო დოკუმენტაცია. ამ სამუშაოების შესასრულებლად 346 273 ლარია განსაზღვრული.
ბუდიანეთის, წყალაფორეთის, ლახუნდარას, პატარა ვარძიის, ხონის, ბორისა და ხიდრის გაზიფიცირებისათვის საჭირო საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება ტენდერში გამარჯვებულმა შპს „გაზპროექტი 2009“-მ (დირექტორი კობა ლომიძე) ივალდებულა. ამ კომპანიასთან ხელშეკრულება 210 ათას ლარზეა გაფორმებული.
ხელშეკრულებების თანახმად, გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია 19-ვე სოფლისთვის შვიდ თვეში უნდა მომზადდეს.
შპს „ჯეოპროექტი 2016“-ის დირექტორმა გრიშა მაჭარაშვილმა „ჩემი ხარაგაულის“ რედაქციასთან საუბარში აღნიშნა, რომ ხარაგაულის სოფლების გაზიფიცირებისთვის პროექტების მომზადებას 28 აპრილიდან გეგმავს. შპს „გაზპროექტი 2009“-ის დირექტორი კობა ლომიძე ამბობს, რომ კომპანიის თანამშრომლებმა პროექტების მოსამზადებელი სამუშაოები წყალაფორეთში, ლახუნდარასა და ხიდარში უკვე დაიწყეს.
ამ კომპანიების ხელმძღვანელები გეგმავენ, რომ საპროექტო დოკუმენტაცია ხელშეკრულებით დადგენილ ვადაზე ადრე – 2025 წლის ოქტომბერში ჩააბარონ. თუმცა, მათივე თქმით, დაპროექტების პროცესში ზოგჯერ ელექტროენერგიისა და ინტერნეტის მიმწოდებელ კომპანიებთან შეთანხმება ჭიანურდება.
ჩვენო ძვირფასო მკითხველებო, მას შემდეგ, რაც საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია მომზადდება, ტენდერებით უნდა შეარჩიონ ის კომპანიები, რომლებიც უშუალოდ დაიწყებენ სოფლებში გაზიფიცირების პროცესს.
დავინტერესდით, რამდენ ხანში დაიწყება ზემოთ ჩამოთვლილ სოფლებში გაზიფიცირების სამუშაოები. ამ შეკითხვით გაზის ტრანსპორტირების კომპანიას მივმართეთ.
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიდან გვიპასუხეს: „ვადებს განსაზღვრავს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია, სხვადასხვა გარემოებებიდან გამომდინარე“.
შეგახსენებთ, რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 79 სოფლიდან დღეისათვის გაზიფიცირებულია დაბა ხარაგაული და 14 სოფელი: ბაზალეთი, ქროლი, ღარიხევი, წიფი, ვარძია, კიცხი, თეთრაწყარო, საქარიქედი, ისლარი, ფარცხნალი, ახალსოფელი, ჩხერი, ჯაფაროული და ლაშე.
ასევე შეგახსენებთ იმასაც, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენელთა დაპირებით, ხარაგაულის ყველა სოფელი 2021 წლისთვის უნდა ყოფილიყო გაზიფიცირებული.
ბუნებრივი აირის მოხმარების შესაძლებლობას უახლოესი პერიოდისთვის გისურვებთ „ჩემი ხარაგაულის“ იმ მკითხველებს, – ვინც დღემდე ვერ მოიხმართ ბუნებრივ გაზს იმის გამო, რომ თქვენი სოფელი გაზიფიცირებული არ არის.
ფოტო გაზიფიცირებული ვარძიიდან („ჩემი ხარაგაულის“ არქივის ფოტო)
ეს სტატია სოციალურ ქსელში
ამავე თემაზე
XXI საუკუნეში ბუნებრივი აირი სანატრელი არ უნდა იყოს
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 19 სოფელში გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოსამზადებლად საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ სამი ხელშეკრულება 2025 წლის აპრილის დასაწყისში […]
ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის (დირექტორი ჰამლეტ ბერაძე)
ევროპის იმუნიზაციის კვირეული, ყოველწლიურად, აპრილის ბოლო კვირას
ორბელიანის ფონდი, ევროკავშირის (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP)
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი