„ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია აგრძელებს რუბრიკას – ფერმერი გვირჩევს. ამჯერად ფერმერი საშიკო ხიჯაკაძე გვირჩევს, რა მნიშვნელობა აქვს მეცხოველეობაში საკვების სწორ კონსერვაციას.

მეცხოველეობაში სწორად კვება უმნიშვნელოვანესია. სწორედ სწორი კვება განაპირობებს ცხოველის ჯანმრთელობას, მის პროდუქტიულობასა და რენტაბელობას.

ხარისხიანი საკვების მისაღებად აუცილებელია რამდენიმე პირობის გათვალისწინება: 1) სწორ დროს, საჭირო ფაზაში აღება, 2) სწორად დამუშავება და 3) წესების დაცვით შენახვა-კონსერვაცია.

ეს გულისხმობს შემდეგს, – მაგალითად, თივის კვებითი ღირებულება რომ შევინარჩუნოთ, მისი დამზადების დროს, თივის სიმაღლე 35-40 სმ-ს არ უნდა აღემატებოდეს. თუ თიბვა დაგვიანდა და მცენარის ზრდა-განვითარება გაგრძელდა, მისგან დამზადებული საკვები – თივა დაბალყუათიანი იქნება, ხშირ შემთხვევაში უვარგისიც კი ცხოველთა საკვებად.

ასე  მაგალითად, იონჯას შემთხვევაში პირველი თიბვა რეკომენდებულია ყვავილობის დასაწყისში; თვალსაჩინოებისთვის – ერთ კვმ-ზე როდესაც ყვავილობს 3-4 ძირი იონჯას ნაზარდი, არ უნდა დაველოდოთ მასიურ ყვავილობას, ვინაიდან დაყვავილების შემდეგ იონჯას კვებითი ღირებულება თითქმის ნულის ტოლია.

სწორ ფაზაში გათიბვასთან ერთად, აუცილებელია ისეთი პერიოდის შერჩევა, როცა რამდენიმე დღის განმავლობაში მზიანი ამინდი იქნება; თივაში არ უნდა დარჩეს ტენის დიდი ოდენობა, რაც შემდგომში გამოიწვევს მის დაობებას, ასევე სოკოს ბაქტერიების გამრავლებას. ასეთი საკვების მიღების დროს ეს ბაქტერიები ცხოველის ორგანიზმში ხვდება და ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემებს უქმნის ცხოველს.

თიბვა უმჯობესია დილით ადრე, სანამ ბალახი ჯერ კიდევ ტენიანია და მსხვრევადი არ არის; ან საღამოს, – როდესაც მზე უშუალოდ აღარ დაანათებს, რადგან მზის გულზე ბალახი ხდება ხისტი და მსხვრევადი; ამ დროს გათიბვა დანაკარგს გამოიწვევს და თივას ხარისხს გაუფუჭებს.

გათიბვის შემდეგ თივა უნდა გაიფანტოს; მეორე დღეს ისევ უნდა შევაგროვოთ, წნეხამკრეფით  შევკრათ და საწყობში გადავიტანოთ.

საწყობი შესაძლებელია იყოს როგორც ღია, ასევე დახურული ტიპის და ისე უნდა იყოს მოწყობილი, რომ მზე პირდაპირ არ ხვდებოდეს. დახურული ტიპის შემთხვევაში აუცილებელია პერიოდულად განიავება ვენტილაციის გზით, რომ არ დაგროვდეს გაზები, რამაც შესაძლოა, ხანძარი გამოიწვიოს.

აკრძალულია საწყობში ფეთქებადი და ადვილად აალებადი ნივთიერებების შენახვა. ცხოველების საკვების საწყობი აუცილებლად უნდა დავიცვათ უცხო პირების შეღწევისგან.

ღია ტიპის სასაწყობე ფართი ერთი მხრიდან ღია უნდა იყოს ისე, რომ მას მზის პირდაპირი სხივები არ ხვდებოდეს. ტერიტორიაზე ასევე არ უნდა იყოს ისეთი საგნები, რომელზეც მზის სხივის მოხვედრამ შესაძლებელია გამოიწვიოს ხანძარი; მაგალითად მინა, რომელიც სხივის გარდატეხის დროს გახურდება, რამაც შესაძლოა თივის აალება გამოიწვიოს.

დასაწყობებამდე აუცილებელია თივის ტენიანობის შემოწმება, სპეციალური ხელსაწყოთი; ასევე – ლაბორატორიული შემოწმება მის შემცველობებზე, შემადგენლობებზე. ამის შედეგად შეგვეძლება განვსაზღვროთ, კომბინირებული საკვების მიცემისას თითოეული კომპონენტის პროცენტულობა.

აქვე აღსანიშნავია, რომ თივაში ტენიანობა 12-15%-ს უნდა შეადგენდეს. უჯობესია იყოს 12%, მაგრამ 15%-ზე მაღალი – არასასურველია.

დასაწყობების დროს, – როგორც დახურულ, ისე ღია ტიპის საწყობებში, – აუცილებელია, რომ თივა არ დალაგდეს უშუალოდ ზედაპირზე – მიწაზე ან ბეტონზე; დაბლა დასადებია საჭირო, რომ არ ჩახურდეს და ჰაერიზაციის შესაძლებლობა იყოს.

ჩახურება გამოიწვევს საკვების გადაწვას, ანუ, საკვები იქნება ძალიან მტვრიანი და არასასიამოვნო სუნის, რის გამოც ცხოველი მას აღარ შეჭამს. ასევე აუცილებელია, საკვები არ ეხებოდეს კედლებს. კედლიდან დაშორებული უნდა იყოს იმდენად, რომ საჭიროების შემთხვევაში, შეძლოთ მოძრაობა კედელსა და თივას შორის.

უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით, საწყობში დროდადრო უნდა გაკონტროლდეს ტენიანობის დონე და ტემპერატურა. უნდა აღიკვეთოს საკვების დაბინძურება რაიმე სხვა გარემოებებით ან ნივთიერებებით. საკვების დაბინძურება ცხოველის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის.

საშიკო ხიჯაკაძე

ფერმერი

ამავე თემაზე

ფერმერი გვირჩევს – სწორი წველის მნიშვნელობა