
27 მარტი, თეატრის საერთაშორისო დღე, ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრმა სპექტაკლით „ბამბაზიის სამოთხე“ აღნიშნა.
მეოთხე წელია, ხარაგაულის სახალხო თეატრი სპეციალურად ამ დღეს სპექტაკლს უფროსკლასელებისთვის ატარებს.
„ბამბაზიის სამოთხე“ რეჟისორმა ირინე ჩხეიძემ ნინო სადღობელაშვილის ამავე სახელწოდების პიესის მიხედვით 2024 წელს დადგა. სპექტაკლი აფხაზეთის ომში შვილმკვდარი დედების ტკვილს და ომით გამოწვეულ ტრაგედიას გადმოსცემს.
ქართველი დედა ცდილობს, აფხაზეთში დაღუპული შვილის ცხედრის გადმოსვენებას. მას ამ გზაზე არაერთი უსიამოვნება და წინააღმდეგობა ხვდება. საბოლოოდ, აფხაზეთში ჩასული ქალი საფლავს ისევ აფხაზ შვილმკვდარ დედას უტოვებს, რადგან მიიჩნევს რომ ის მიწა მისი შვილისაა.
„ჩემთვის ძალიან ამაღელვებელი იყო ამ სპექტაკლის ნახვა, – შთაბეჭდილება გაგვიზიარა ხარაგაულის #3 საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ თაბაგარმა, – დიდი ტკივილი განვიცადე და თვალწინ ბიძაჩემი, პაატა თაბაგარი დამიდგა, რომელიც აფხაზეთის ომში დაიღუპა“.
„ძალიან კარგი მსახიობები გვყავს ხარაგაულში, – ამბობს ლაშის საჯარო სკოლის მოსწავლე ანი ჭანკვეტაძე, – გულში ჩამწვდომი იყო თითოეული სიტყვა, რომელიც დღეს სცენიდან ისმოდა. აფხაზეთი საქართველოს დიდი ტკივილია და იმედია, დავიბრუნებთ. ალბათ დედები იტყვიან გადამწყვეტ სიტყვას აფხაზებისა და ქართველების შერიგებაში“.
„ემოციური და შთამბეჭდავი სპექტაკლი ვნახეთ, – ამბობს თენგო ბარბაქაძე, – ბორითის საჯარო სკოლის მოსწავლე, – ამ ერთი სპექტაკლითაც შეიტყობ, თუ რა მოხდა აფხაზეთის ომში და რამხელა ტრაგედია დატრიალდა ქვეყანაში. ცალკე აღსანიშნავია მსახიობების თამაში. ჩემზე ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინეს“.
რეჟისორმა და მთავარი როლის შემსრულებელმა ირინე ჩხეიძემ სპექტაკლის შემდეგ აღნიშნა, რომ თეატრისგან დამკვიდრებული ტრადიცია, – 27 მარტი – თეატრის საერთაშორისო დღე უფროსკლასელებისთვის სპექტაკლით აღნიშნონ, მომავალშიც გაგრძელდება.
სპექტაკლში „ბამბაზიის სამოთხე“ აფხაზი დედის როლს ასრულებს ლუიზა კიკნაძე, ქართველი დედის როლს – ირინე ჩხეიძე, აფხაზი, მკვდრებით მოვაჭრე – ბათუ კიკნაძე, ლექსო – ვასილ კიკნაძე, გიო, ლაურას შეყვარებული – გიორგი ჭიპაშვილი, ლაურა – ლია ჭიპაშვილი, მათხოვარი – დავით ჭყოიძე.
სპექტაკლის მუსიკალური გამფორმებელია ელექტრონული მუსიკის კომპოზიტორი, მუსიკოსი ანუშკა ჩხეიძე. სპექტაკლში ასევე გამოყენებულია თეონა ცირამუას აფხაზური სიმღერა „შიშ-ნანი“ ანსამბლ „შავნაბადას“ შესრულებით.
სპექტაკლის ოპერატორები არიან დავით კვირიკაშვილი, ირაკლი შარიქაძე, ზაზა ტაბატაძე, მხატვარი გაიოზ შუბითიძე, გრიმიორი ლიკა თაბუკაშვილი.
ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრმა ამ სპექტაკლით იმერეთის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე „თეატრალური იმერეთი 2024“ სამ ნომინაციაში გაიმარჯვა.
თეატრის საერთაშორისო დღე დაარსდა 1961 წელს თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტის IX კონგრესის დელეგატების ინიციატივით იუნესკოსთან თანამშრომლობით.
რიკოთის ავტობანის მშენებლობამ ხევი-უბისას მონაკვეთზე
„ხარაგაულის კულტურის, ხელოვნებისა და შიდა
30 მარტი ექიმთა საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით,
საქართველოში სასკოლო სპორტული
საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის