დღეს, 26 მარტს, ხარაგაულის საკათედრო ტაძრის მშენებარე სამრეკლოზე ჯვარი აღიმართა.

ჯვარი მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა, მეუფე მელქისედეკმა (ხაჩიძე) სასულიერო პირებთან – მამა თომასთან (ლაცაბიძე) და მამა პავლესთან (ცერცვაძე) ერთად აკურთხა.

მეუფეს თქმით, დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანია ეპარქიის ისტორიაში.

„ეს კვირა არის ჯვრის თაყვანისცემის კვირა. ღვთის განგებით დღეს აღიმართა ჯვარი ჩვენი საკათედრო ტაძრის სამრეკლოზე, – აღნიშნა მეუფე მელქისედეკმა, – მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის, იმ წყალობისათვის, რაც თითოეულ ჩვენთაგანზეა. შემთხვევით არაფერი ხდება. გახსოვდეთ, რომ ყოველივე უფლისგან შენდება.

მადლობა ღმერთს და იმ ადამიანებს, ვინც მონაწილეობს ამ საშვილიშვილო საქმეში, – ვინც აშენებს, შემოწირულობას იღებს, ლოცულობს და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ჩვენი ეპარქია და ულამაზესი, მადლიანი ხარაგაული გაძლიერდეს. გაივლის წლები, საუკუნეები და ეს ტაძარი, ეს სამრეკლო, ეს ჯვარი მუდამ იქნება“.

საკათედრო ტაძრის სამრეკლოს ჯვრის დამზადება ამავე ტაძრის მშენებლობის ფონდის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, ბერიკა დუშუაშვილმა დააფინანსა. ჯვარი კი პაატა არევაძემ დაამზადა.

სამრეკლოს მშენებლობა, ტაძრის ეზოსა და გალავნის მოწყობა, ხარაგაულის ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანადაფინანსებით და ბერიკა დუშუაშვილის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს. სამრეკლოს მშენებლობა მალე დასრულდება. მშენებლები ახლა სამრეკლოს შიდა ფასადზე ქვას აკრავენ. სამრეკლოსთვის სახურავი გიგა ლომსაძემ შეწირა.

სამრეკლოს მშენებლობა ფინანსდება ასევე ხარაგაულის ადგილობრივი ბიუჯეტიდან.

ტაძრის მიმდებარედ, ეკლესიის ძველ შენობაში, სამეუფეო რეზიდენცია მოეწყობა. ამ შენობის პირველი სართული ეპარქიას უსასყიდლოდ გადასცა მისმა მფლობელმა ჯაბა ბერაძემ. რეზიდენციის სარემონტო სამუშაოებიც მალე დაიწყება. სახურავი ფრიდონ გუჯეჯიანმა შეიძინა.

ხარაგაულის საკათედრო ტაძარს „ლიბერთი ბანკის“ ხარაგაულის ფილიალის შენობა ესაზღვრება. აღსანიშნავია, რომ „ლიბერთი ბანკი“ ჩართულია ტაძრის გალავნის მშენებლობაში. გალავანი მთლიანად ქვაში გამოკვეთილი წმინდანების ხატებით გაფორმდება.

სახანძროს ყოფილი შენობის ადგილზე კი იგეგმება ღია გამწვანებული სივრცისა და სატრაპეზოს მოწყობა.

მუზეუმის უკანა მხარეს მთელი ტერიტორია გამწვანდება. საკათედრო ტაძრის ეზოს კეთილმოწყობისა და სამრეკლოს სამშენებლო სამუშაოებს ირაკლი ებანოიძე ხელმძღვანელობს.

„ბედნიერი ვარ, ჯვრის აღმართვის ცერემონიაში რომ ჩავერთეთ, – ამბობს ტაძრის რეგენტი თორნიკე ბაკურაძე, – ხარაგაულის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეებთან და ტაძრის მგალობლებთან ერთად ჯვრის თაყვანისცემის საგალობლები შევასრულეთ. მადლობა, უფალს, რომ ამ ღირსშესანიშნავ და ისტორიულ დღეს აქ ვართ“.

 

ამავე თემაზე დაგაინტერესებთ

ხარაგაულის ტაძრის გუმბათზე ჯვარი აღიმართა

ფოტოები სოციალურ ქსელში