
24 მარტს ტუბერკულოზის მსოფლიო დღე აღინიშნება. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინიციატივით ეს დღე დაწესდა ცნობიერების ამაღლების მიზნით სწორედ იმ დღეს, როდესაც რობერტ კოხმა აღმოაჩინა ტუბერკულოზის გამომწვევი ბაცილა და საფუძველი დაუდო ტუბერკულოზის დიაგნოსტიკასა და მკურნალობას.
„ტუბერკულოზი განკურნებადი დაავადებაა, – ამბობს ხარაგაულის საავადმყოფოს ექიმი ფთიზიატრი ქეთევან აბრამიშვილი, – ყველაზე დიდი პრობლემა ამ დაავადების დროული გამოვლენა და დიაგნოსტიკაა. აქ მნიშვნელოვანია ოჯახის ექიმების ჩართულობა, რადგან პირველი შემხებლობა მოსახლეობასთან სწორედ ოჯახის ექიმებს აქვთ. სიმპტომებზე ეჭვის მიტანის შემთხვევაში ოჯახის ექიმებმა პაციენტი საავადმყოფოში უნდა გადმოამისამართონ.
ტუბერკულოზზე საეჭვო სიმპტომებია: ოფლიანობა, სისუსტე, წონაში კლება, ორ-სამ კვირიანი ხველა. ტუბერკულოზის დიაგნოსტიკა, მისი მკურნალობა და შემდგომ დინამიური მეთვალყურეობა უფასოა.
ტუბერკულოზის დიაგნოსტიკა ხარაგაულის საავადმყოფოში შესაძლებელია. აქ ადგილზე ტარდება ნახველის ანალიზი, რენტგენი, სისხლის ანალიზი.
2025 წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ტუბერკულოზით დაავადებული არც ერთი პაციენტი არ გვყავს. გასულ წელს აღრიცხვაზე ერთი პაციენტი იყო და ისიც განიკურნა. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხარაგაულში ტუბერკულოზით დაავადებული ადამიანი არ იქნება. სამწუხაროდ, ჯერ ისევ ძლიერია სტიგმა და ზოგს, ამ დიაგნოზის გამო, რცხვენია. ამაში სამარცხვინო არაფერია. ტუბერკულოზით ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლება დაავადდეს, რადგან ის ჰაერწვეთოვანი გზით ვრცელდება.
ინფექციის ძირითად წყაროს წარმოადგენს ფილტვის ტუბერკულოზით დაავადებული ადამიანი, რომელიც ხველების, ცემინების ან სუნთქვის დროს გარემოში გამოყოფს მიკობაქტერიების შემცველ უმცირეს წვეთებს. ჯანმრთელი ადამიანი შეიძლება დაინფიცირდეს მიკრობებით გაჯერებული ჰაერის ჩასუნთქვის შედეგად.
ამიტომ საზოგადოების სწორი ინფორმირება ძალიან მნიშვნელოვანია.
1994 წლიდან ხარაგაულის საავადმყოფოს ფთიზიატრად ვმუშაობ. მაშინ ყოველწლიურად ტუბერკულოზით დაავადებულ 24-26 პაციენტს ვმკურნალობდით.
პაციენტმა წესების დაცვით უნდა იმკურნალოს და ტუბერკულოზს აუცილებლად დაამარცხებს. დაავადების დადასტურების შემდეგ მას მკურნალობის სქემას ვაცნობთ. მკურნალობისას მონიტორინგს ვაწარმოებთ. ექთანი მაია სვანიძე ყოველდღიურად უკავშირდება პაციენტებს, დალია თუ არა წამალი.
პაციენტებთან უკუკავშირის გაადვილების მიზნით, სამკურნალო მედიკამენტი სოფლის ამბულატორიებს მიეწოდება. ამბულატორიის ექთანი ვალდებულია, ტუბერკულოზით დაავადებულს წამალი მიაწოდოს და მკურნალობის მონიტორინგი განახორციელოს.
პაციენტებს წინასწარ ვამზადებთ ამ წამლის შესახებ, რადგან საკმაოდ რთულია ოთხკომპონენტიანი ტაბლეტის ყოველდღიურად მიღება. დალია თუ არა პაციენტმა წამალი, ამას მასთან სატელეფონო ვიდეოზარებითაც ვაკონტროლებთ.
გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ მკურნალობის მონიტორინგი აუცილებელია. შეწყვეტილი მკურნალობა წამლებისადმი გამძლე ტუბერკულოზის განვითარებას იწვევს.
ძალიან მნიშვნელოვანია ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვა. ტუბერკულოზი იკურნება, თუ პაციენტი მკურნალობას დროულად და სრულყოფილად ჩაიტარებს“.
ნინო კაპანაძე
1991 წლის 31 მარტს საქართველოს მოსახლეობამ
ლიტერატურული პრემია „საბა 2025“-ის მონაწილეთა
რიკოთის ავტობანის მშენებლობამ ხევი-უბისას მონაკვეთზე
„ხარაგაულის კულტურის, ხელოვნებისა და შიდა
30 მარტი ექიმთა საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით,