
საქართველოში უმაღლესი განათლების მიღებისა და ევროპაში ცოდნის გაღრმავების შემდეგ, 26 წლის ალიკა კურტანიძემ ბორითის სკოლაში მასწავლებლობა გადაწყვიტა.
მანამდე თბილისის კერძო სასწავლო ცენტრში მუშაობდა, თუმცა, სამუშაოდ სოფელში დაბრუნება ამჯობინა.
ალიკა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ წაქვაში გაიზარდა და 2015 წელს ხევის საჯარო სკოლა წარჩინებით დაამთავრა. იმავე წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ინგლისური ფილოლოგიის ფაკულტეტზე ჩაირიცხა.
ამ ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ ეკონომიკით დაინტერესდა და სოხუმის უნივერსიტეტში ეკონომიკის ფაკულტეტზე ისწავლა. ქართულ უნივერსიტეტებში სწავლის პარალელურად, ევროკავშირისგან დაფინანსებული სასწავლო პროგრამით „ერასმუს+“ ესპანეთსა და საფრანგეთში იმყოფებოდა. ის ახლა ბორითის სკოლაში ინგლისურ ენას ასწავლის.
ალიკა კურტანიძეს, როგორც ახალგაზრდა მასწავლებელს, ზოგადი განათლების სისტემაში არსებული გამოწვევებისა და მათი დაძლევის გზებზე ვესაუბრეთ.
– ალიკა, როგორ და რატომ აირჩიეთ მასწავლებლობა?
– მასწავლებლობა ჩემთვის მხოლოდ პროფესია არ არის. ეს არის დიდი პასუხისმგებლობა, რადგან მასწავლებელს შეუძლია, შეცვალოს მომავალი თაობის ცხოვრება. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ დავფიქრდი, რამხელა როლი აქვს მასწავლებელს ჩვენს ცხოვრებაში, რამდენად მნიშვნელოვანია ცოდნის გაზიარება ისე, რომ ის სხვებისთვის სასარგებლო იყოს.
ჩემი მიზანია, მოსწავლეებისთვის შევქმნა ისეთი გარემო, სადაც არა მხოლოდ საგანს შეისწავლიან, არამედ დამოუკიდებლად აზროვნებას, პასუხისმგებლობას მიეჩვევიან, საზოგადოების აქტიურ მოქალაქეებად ჩამოყალიბდებიან.
– რა სირთულეებისა და გამოწვევების წინაშეა დღეს სკოლაში მასწავლებელი?
– სკოლაში ბევრი გამოწვევის წინაშე ვართ. ერთ-ერთია მოსწავლეებისთვის მოტივაცის შენარჩუნება, განსაკუთრებით იმ ეპოქაში, რომელიც გაჯერებულია ტექნოლოგიებით. საგანმანათლებლო პროგრამები ყველა მოსწავლის საჭიროებაზე მორგებული ვერ არის.
მნიშვნელოვანია მშობლებისა და მასწავლებლების თანამშრომლობა, რადგან განათლების მიღება მხოლოდ საკლასო სივრცეში არ მთავრდება. ზოგი მშობელი საერთოდ არ არის ჩართული შვილის განათლების მიღების პროცესში. ვცდილობ, რომ მშობლებს თავიანთი შვილების საჭიროებები და პრობლემები მეტად დავანახო.
– თქვენ რა საჭიროებებსა და გამოწვევებს ხედავთ მოსწავლეებში?
– მოსწავლეების მთავარი გამოწვევაა ის, რომ მათ კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება აკლიათ. ფაქტების დაზეპირების ნაცვლად, მოსწავლეებს დამოუკიდებელი აზროვნებისა და ანალიზის უნარის განვითარება-გაძლიერებაში უნდა დავეხმაროთ.
მნიშვნელოვანია, რომ სწავლა-სწავლების პროცესში მათ ფსიქოლოგიურ და ემოციურ მდგომარეობაზე ვიზრუნოთ, რადგან ზოგჯერ ბავშვები შეფასების მოლოდინში სკოლაში სტრესს განიცდიან. ეს კი მათ განვითარებას აფერხებს.
– ალიკა, თქვენი აზრით, რამდენად მზად არიან სკოლის დამთავრების შემდეგ მოსწავლეები დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის და რა უნდა გაკეთდეს ამისთვის?
– სამწუხაროდ, მოსწავლეები ბოლომდე მზად არ არიან დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის. ისინი ხშირად არ ფლობენ ისეთ ცხოვრებისეულ უნარებს, როგორიცაა ფინანსური დამოუკიდებლობა, დროის მართვა, კრიტიკული აზროვნება და ეფექტური კომუნიკაცია. სკოლაში მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს პრაქტიკულ გაკვეთილებს, რეალურ პრობლემებზე მუშაობას, მათი გადაწყვეტის გზების ძიებას.
– თქვენ „ერასმუს+“-ის გაცვლითი სასწავლო პროგრამის მონაწილე ბრძანდებით. რა მოგცათ ამ პროგრამამ და რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ქართველი ახალგაზრდები ევროკავშირისგან დაფინანსებულ გაცვლით პროგრამებში ჩაერთონ?
– გაცვლითი სასწავლო პროგრამები უნიკალური საშუალებაა განათლების სხვადასხვა სისტემების გასაცნობად. ასეთ პროგრამებში ჩართული ახალგაზრდები აკადემურ ცოდნასთან ერთად ეცნობიან ახალ კულტურებს, სწავლობენ დამოუკიდებლობას და საზოგადოებაში თვითდამკვირდების უნარს იძენენ. ევროპის ქვეყნებში მიღებული სასარგებლო ცოდნა და გამოცდილება მათ პროფესიულ კარიერაში დაეხმარება.
– რადგან ევროკავშირი ვახსენეთ, აქვე გკითხავთ, თქვენ ევროპის ბევრ ქვეყანაში ხართ ნამყოფი. რატომ არის ევროკავშირი მიმზიდველი, რატომ უნდა ისწრაფვოდეს ჩვენი ქვეყანა ამ კავშირში გაწევრიანებისკენ?
– ევროკავშირის ქვეყნებს ძლიერი ეკონომიკა და ინდუსტრია აქვთ, ინვესტიციებს დებენ ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დანერგვაში. ევროკავშირის წევრ ქვეყნებში არის სოციალური დაცვის უმაღლესი სტანდარტი – უფასო და ხელმისაწვდომი ჯანდაცვა, დაბალი გადასახადები განათლების მისაღებად, უმუშევრობის დაზღვევა, მაღალი პენსია.
შრომის ბაზარზე ყველას უფლება დაცულია. ევროკავშირში დასაქმებულების ანაზღაურება ერთ საათში განვითარებად ქვეყნებში დასაქმებულთა მთელი თვის ხელფასის ტოლია. ევროპაში ხანგრძლივი დეკრეტული შვებულებებია. ტექნოლოგიური და სამეცნიერო განვითარება ეკონომიკის მდგრადობას უზრუნველყოფს.
პოლიტიკურ სტაბილურობასა და კანონის უზენაესობაზე აღარაფერს ვიტყვი. ევროპაში ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტებია, რომლებიც კორუფციის დაბალ დონეს და ადამიანის უფლებების დაცვას უზრუნველყოფენ.
ევროპული ქვეყნების ურბანული მოწყობა ისე იგეგმება, რომ ეკოლოგიური პრობლემები ნაკლებად იყოს. განვითარებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ქუჩაში ხშირად შეგხვდებათ ველოსიპედით პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი ან სხვა მაღალი თანამდებობის პირი.
ევროკავშირში ხელს უწყობენ ცირკულარული ეკონომიკის გაძლიერებას, რაც კეთილდღეობას ნამდვილად ქმნის. მოკლედ, მრავალი მიზეზი არსებობს იმისათვის, – თუ რატომ უნდა მივისწრაფოდეთ, რაც შეიძლება სწრაფად, საქართველოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად.
– თქვენი აზრით, საქართველოში ზოგადი განათლების სისტემის ყველაზე დიდი გამოწვევა რა არის?
– სწავლის პროცესი მოსწავლეს არ უნდა ბეზრდებოდეს. კონკრეტულ საგანში სწავლება მისთვის მისაღები მეთოდებით უნდა მიმდინარეობდეს. მოსწავლე, რომელსაც ტექნოლოგიები აინტერესებს, მაგალითად, ინგლისური ენა ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ტექსტებიდან უნდა შევასწავლოთ. შესაძლოა, ტექნოლოგიებისა და უცხო ენის სწავლება გაერთიანდეს კიდეც და სხვ.
პრობლემაა ასევე სკოლების ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა და თანამედროვე ტექნიკით აღჭურვა. დღევანდელ ციფრულ სამყაროში ძნელია სწავლისადმი ინტერესი მოსწავლეს მხლოდ წიგნით გაუღვივო და შეუნარჩუნო. ვიზუალური მასალით ბევრს სწავლობს ადამიანი და ამ კუთხით უფრო მეტ და დიდ შედეგს მივაღწევთ, ვიდრე მხოლოდ ტრადიციული წიგნითა და რვეულით.
– ალიკა, თქვენი აზრით, რა არის უმთავრესი მოსწავლისა და მასწავლებლის ურთიერთობაში?
– პირველ რიგში, ეს არის თანადგომა და ურთიერთპატივისცემა. მოსწავლემ უნდა იგრძნოს, რომ მასწავლებელი არა მხოლოდ ცოდნის გამცემია, არამედ მისი მხარდამჭერიცაა. ამასთანავე, მნიშვნელოვანია ორმხრივი კომუნიკაცია, – მასწავლებელმა მოსწავლეების აზრებს უნდა მოუსმინოს და მათი საჭიროებები გაიზიაროს. მოსწავლე უნდა დარწმუნდეს, რომ სწავლა მისი პიროვნული განვითარებისთვის აუცილებელია.
ნინო კაპანაძე
1991 წლის 31 მარტს საქართველოს მოსახლეობამ
ლიტერატურული პრემია „საბა 2025“-ის მონაწილეთა
რიკოთის ავტობანის მშენებლობამ ხევი-უბისას მონაკვეთზე
„ხარაგაულის კულტურის, ხელოვნებისა და შიდა
30 მარტი ექიმთა საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით,