სტაბილური ფულადი შემოსავლის გარეშე სოფლად მცხოვრები ოჯახები ბევრი გამოწვევისა და პრობლემის წინაშე დგანან. მდგომარეობა მძიმდება, როცა ოჯახში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი ჰყავთ.

21 წლის წინ სოფელ კიცხში მცხოვრები გივი და თამარ მიქიაშვილების ოჯახში მეოთხე შვილი – მარიამი დაიბადა. დედამ მალევე შენიშნა, რომ ბავშვი განსხვავებული იყო. ექიმმა თამარს უთხრა, რომ მარიამი დაუნის სინდრომის მქონეა. ამიტომ ის ან მეტყველებას ვერ შეძლებდა ან სიარულს.

სიტყვა „დაუნი“ თამარ მიქიაშვილს მანამდე არც გაეგონა. თავიდან შიშმა შეიპყრო, თუმცა, შემდეგ ძალ-ღონე მოკრიბა და შვილის გადარჩენისთვის ბრძოლა დაიწყო. ხანგრძლივი თერაპიებისა და მასაჟების შემდეგ მარიამმა სიარული დაიწყო. მეტყველება კი უჭირს. თუმცა, ოჯახის წევრებსა და მეზობლებს ყველაფერს აგებინებს.

ფინანსურ პრობლემებზე მეტად, რაც თამარ მიქიაშვილს დაუნის სინდრომის მქონე შვილის ექიმებთან ვიზიტში, მკურნალობასა და წამლებში სჭირდებოდა, საზოგადოების განწყობები აწუხებდა. „გაწიე ბავშვი, არ მომეკაროს“, – არაერთხელ უთხრეს ტრანსპორტში თამარს, როცა მარიამი ზესტაფონში ან თბილისში ექიმთან მიჰყავდა. თბილისში, კლინიკაში მისულს კი, იქ მყოფთა გულისხმიერება ამხნევებდა.

თამარ ბედიაშვილი ფიქრობს, რომ საჯარო სკოლაში მარიამის მიმართ უფრო მეტი ძალისხმევა და ყურადღება რომ გამოეჩინათ, ის წერა-კითხვას შეძლებდა. დედა იხსნებს, რომ მას სკოლაშიც ატკინეს გული. ერთ-ერთ მშობელს, რომელიც ამავე დროს მასწავლებელიცაა, უთქვამს, „არ მინდა, ჩემი შვილი კლასში დებილ მარიამთან ერთად იჯდესო“. ამ სიტყვების მოსმენა დედისთვის ყველაზე გულსაკლავიაო, – ამბობს თამარ მიქიაშვილი.

ათი წელია, რაც მარიამი ზესტაფონში მოქმედი დღის ცენტ „ორიონის“ მომსახურებით სარგებლობს. მშობლების ძალისხმევითა და „ორიონის“ მაღალკვალიფიციური გუნდის თერაპიების შედეგად მარიამი თავის თავს უვლის, დედას მცირე საოჯახო საქმეებში ეხმარება; ყავის მოდუღება, კვერცხისა და კარტოფილის შეწვა დამოუკიდებლად შეუძლია.

„ორიონში“ კვირაში ორჯერ ან სამჯერ ახერხებენ ჩასვლას. მათი ტრანსპორტირების თანხას – თვეში 30 ლარს „ორიონი“ აფინანსებს.

თამარ მიქიაშვილის ოჯახის შემოსავალი 495 ლარია. მათ შორის – 425 ლარი მარიამის პენსიაა; 70 ლარს კი ყოველთვიურად თამარს, როგორც მარიამის მომვლელს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ურიცხავს. 495 ლარის განაწილება ოჯახის ყველა საჭიროებაზე ძალიან ძნელია.

წელიწადში ერთხელ, 21 მარტს, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს, მარიამს ხარაგაულის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 200 ლარი ერიცხება.

ოჯახი ხარაგაულის თვითმმართველობას ერთჯერადი ფულადი დახმარების მოთხოვნით ხშირად მიმართავს. უარს არასდროს მეუბნებიანო, – ამბობს თამარ მიქიაშვილი. თუმცა, ეს დახმარებები არასაკმარისია.

ორი წლის წინ მიქიაშვილების ოჯახს სოციალურად დაუცველის სტატუსი ოჯახის შემადგენლობაში ცვლილების გამო მოუხსნეს. მანამდე სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამაში იყვნენ ჩართულები და ოჯახსაც 900 ლარი შემოსავალი ჰქონდა.

თამარ მიქიაშვილი, მესამე წელია, სოციალური შემწეობის დანიშვნას უშედეგოდ ითხოვს. უსახსრობის გამო უფროსი ვაჟი ემიგრაციაში წავიდა; უმცროსმა კი, სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო, მეორე წელია, სტუდენტის სტატუსი შეიჩერა. სახსრების ოპერაცია ესაჭიროება თამარის მეუღლეს. ეს ოპერაცია 8 ათასი ლარი ღირს და სახელმწიფო არ აფინანსებს. მეუღლეს ძლიერი ტკივილგამაყუჩებლები ესაჭირობა, რაც საკმაოდ ძვირია.

მიქიაშვილების ოჯახის კიდევ ერთი გასაჭირი ისაა, რომ კიცხში, დამეწყრილ უბანში ცხოვრობენ. მეწყერმა ისინი უგზოდ და უწყლოდ დატოვა. ოჯახი, გეოლოგების დასკვნის მიხედვით, იმ უბნიდან გასასახლებელია. თუმცა, სააგენტომ ეკომიგრანტის სტატუსი არ მიანიჭა. ამ საკითხის გასარკვევად თბილისში სააგენტოში მისვლაა საჭირო.

„უფლის მადლობელი ვარ, მარიამი რომ მყავს, – ამბობს თამარ მიქიაშვილი, – 36 წლის ვიყავი, რომ გამიჩნდა. მარიამი ძალიან თბილი, კომუნიკაბელური და მოსიყვარულეა. ტელეფონში თამაშობს, ინტერნეტით უცხოეთში მყოფ ნათესავებს ეკონტაქტება. პატარა საჩუქარიც კი ძალიან ახარებს. მინდა მარიამს ყველა სურვილი შევუსრულო. ღმერთის წყალობით მოვედით აქამდე“.

ნინო კაპანაძე

ამავე თემაზე დაგაინტერესებთ

მე რომ გამგებელი ვიყო, ხორითში გარე განათებას მოვაწყობდი – გიორგი კალანდაძე