
თებერვლის ბოლო კვირაში მოსულმა თოვლის უხვმა ნალექმა იმერეთსა და გურიაში პრობლემები შექმნა.
მოსახლეობა, რამდენიმე დღის განმავლობაში, ხელისუფლებისგან გზების დროულად გაწმენდას მოითხოვდა. გაწმენდითი სამუშაოები ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში 10 მარტის კვირაშიც მიმდინარეობდა, – ტრაქტორებით თოვლისგან ჩიხებს წმენდნენ.
როგორ გაუმკლავდა დიდთოვლობისგან წარმოქმნილ პრობლემებს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა და რა საჭიროებები გამოიკვეთა, – ამ შეკითხვებით მივმართეთ ხელისუფლების წარმომადგენლებსა და იმ მეწარმეს, რომელიც ხარაგაულის თვითმმართველობამ, გზების გასათოვლად, 2024 წლის დეკემბერში დაიქირავა.
გზები დროულად ვერ გაითოვლა, რადგან ტექნიკა მოძველებულია. ასევე საჭიროა მუხლუხოებიანი ტრაქტორები, რომლებიც თოვლისგან გზებს უფრო კარგად გაწმენდს.
„ამ რაოდენობის ნალექს არ ველოდით, – ამბობს ხარაგაულის მერის პირველი მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილი, – ხარაგაულის მუნიციპალიტეტში რაც კი ტექნიკა გაგვაჩნდა, ყველა გზების გაწმენდაში ჩავრთეთ. ჯამში, 25 ტრაქტორი და ერთი გრეიდერი მუშაობდა, – მათგან ხუთი მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია, დანარჩენი კი – კერძო პირების.
მოქალაქეები რეკავდნენ ცხელ ხაზზე და პირად მობილურ ტელეფონზეც გვიკავშირდებოდნენ. უპასუხოდ და რეაგირების გარეშე არავინ დაგვიტოვებია. 660 ოჯახს საკვები პროდუქტები მივაწოდეთ. საჭიროების შემთხვევაში გავუგზავნეთ მედიკამენტებიც. ერთი მოქალაქე, რომელსაც დიალიზი ესაჭიროებოდა, სოფლიდან საავადმყოფოში გადმოვიყვანეთ.
სამწუხაროდ, რამდენიმე საჯარო მოხელემ უპასუხისმგებლობა გამოიჩინა. ვფიქრობ, ასეთ სიტუაციაში, ყველას ვალია, რომ მოქალაქეებს შეძლებისდაგვარად დავეხმაროთ.
მერიაში შექმნილია კომისია, რომელიც თოვლისგან დაზიანებული სახლებისა და ინფრასტრუქტურის მდგომარეობას სწავლობს. ზოგი საცხოვრებელი სახლი სრულად დაზიანდა, ზოგი ნაწილობრივ. შესაძლოა, დაზიანდა გზებიც, რაც ამ დროისთვის არ ჩანს და თოვლის საფარის გადნობის შემდეგ უფრო მეტი პრობლემა გამოჩნდეს.
სახლების დაზიანების შესახებ ინფორმაციას ვიღებთ სოფლებში მერის წარმომადგენლებისგან და მოსახლეობისგანაც.
მთავრობის გადაწყვეტილებით, დიდთოვლობის შედეგად დაზიანებულ სახლებს სახელმწიფო აღადგენს, ხოლო მოქალაქეებს, რომელთა სახლებიც შეკეთებას არ ექვემდებარება, ალტერნატიული საცხოვრებლით უზრუნველყოფს.
სოციალურ აქტივობებში (საკვები პროდუქტების მიღება-განაწილება) „სათნოების სახლისა“ და „სპორტის ცენტრის“ თანამშრომლები ჩაერთვნენ. თავდაუზოგავად მუშაობდნენ სამაშველო და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურები. ხიდარში დაკარგული მოქალაქეების მოძებნაში თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები დაგვეხმარენ. მადლობა ყველას.
გიდასტურებთ, რომ დაბა ხარაგაულში ტროტუარები არ გაწმენდილა. ეს ააიპ „კეთილმოწყობისა და დასუფთავების გაერთიანების“ ვალდებულებაა. იმ დღეებში მოქალაქეები საცხოვრებელი სახლების გადათოვლას მოითხოვდნენ. ეს მივიჩნიეთ პრიორიტეტად და ამ გაერთიანების თანამშრომლები მოსახლეობის დასახმარებლად გავაგზავნეთ.
დიდთოვლობამ დაგვანახა, რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ტექნიკის შეძენასთან დაკავშირებით. ასევე მნიშვნელოვანია, რომ გზების გასაწმენდად ზონების მიხედვით რამდენიმე ინდმეწარმე დავიქირაოთ. ეს კოორდინაციას გააადვილებს“.
ააიპ „დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანების“ დირექტორი ოთარ ბანცაძე ამბობს, რომ ტროტუარებიდან თოვლს ფიზიკურად ვერ გაიტანდნენ. მისივე თქმით, ახლა, რადგან კარგი ამინდებია, ტროტუარებზე თოვლს ადვილად შლიან.
გზების გაწმენდითი სამუშაოებისთვის ხარაგაულის მერიამ 2024 წლის 26 დეკემბერს გამარტივებული შესყიდვით ხელშეკრულება ი/მ „ნიკა ოსანაძესთან“ გააფორმა.
ამ ხელშეკრულების მიხედვით, ამ ინდმეწარმემ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 2024-2025 წლებში სასოფლო და საუბნო გზების შეკეთებისა და გზების საფართან დაკავშირებული სხვადასხვა სახის სამუშაოების განხორციელება 54 879 ლარად ივალდებულა.
ამ თანხიდან 22 იანვარს ინდმეწარმემ 9 449 ლარი მიიღო, 31 იანვარს – 17 557 ლარი, 19 თებერვალს 3 728 ლარი. დარჩენილი თანხა 23-27 თებერვლის კვირაში გზების თოვლისგან გაწმენდისთვის გამოიყენა.
„ამ ინდმეწარმესთან გამარტივებული წესით შესყიდვა ისევ უნდა გავაფორმოთ 52 550 ლარზე, ამბობს ხარაგაულის მერიის შესყიდვების სამსახურის უფროსი ზურა იჩქიტიძე, – თანხის დამატება, სავარაუდოდ, კიდევ მოგვიწევს.
„რთულ სიტუაციაში აღმოვჩნდით, – ამბობს ინდმეწარმე ნიკა ოსანაძე, – ყველანაირ გზას მივმართავდი, რომ გზები ყველა სოფელში გაგვეწმინდა. ევაკუატორითაც გადავიყვანე რამდენიმე ტრაქტორი. ახალ ტრაქტორებს, რომლებიც კერძო პირებისგან დავიქირავეთ, ორი მეტრი თოვლის საფარის გათოვლა გაუჭირდათ.
პირველ ეტაპზე, თოვლის საფარს ტრაქტორმა ზემოდან ზედაპირულად გადაუარა. ორღობეებსა და ხარაგაულის ვიწრო ქუჩებში ტექნიკამ საერთოდ ვერ იმუშავა – გზიდან აღებული თოვლი ვეღარსად წავიღეთ. ახლა ფარცხნალში, წყალაფორეთში, ვახანში საუბნო გზებს ვწმენდთ. ასე ეტაპობრივად მუშაობა ვამჯობინეთ“.
ნინო კაპანაძე
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი და ევროკომისარი, მარტა კოსი
31 მარტი საქართველოს ისტორიაში
1991 წლის 31 მარტს საქართველოს მოსახლეობამ
ლიტერატურული პრემია „საბა 2025“-ის მონაწილეთა
რიკოთის ავტობანის მშენებლობამ ხევი-უბისას მონაკვეთზე