„ყველა საქმე კეთდება, რასაც ქალი ხელს მოჰკიდებს,ინიციატივას გამოიჩენს და დაგეგმავს. ძველი ქართული გამოთქმა ხომ გახსოვთ, – ქალმა თუ გაიწია, ცხრა უღელი ხარ-კამეჩიც ვერ დააკავებსო. აი, ასეთი „გაწევა“ გვჭირდება დღეს ქართველი ქალისგან ყველა მიმართულებით, უკეთესი შედეგების მისაღწევად“, – ამბობს ისტორიის მასწავლებელი თამარ მაქაძე.

მას ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საზოგადოებისა და ქვეყნის განვითარებაში ქალის როლის მნიშვნელობაზე ვესაუბრეთ.

თამარ მაქაძე, 40 წელია, პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა. ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ ორი წელი ისტორიის მასწავლებლად ხიდრის საშუალო სკოლაში მუშაობდა. მას შემდეგ კი ხარაგაულის #3 საჯარო სკოლის პედაგოგია.

– ისტორიულად ქალი ყოველთვის აქტიური იყო და საზოგადოების განვითარებაში მუდმივად მონაწილეობდა, – ამბობს თამარ მაქაძე, – ძველი შუმერები ქალს მზეს ადარებდნენ. ქალები ზრდიდნენ თაობებს, ასწავლიდნენ ოჯახისა და ქვეყნის სიყვარულს.

XX საუკუნეში ფაბრიკა-ქარხნებში დასაქმებულმა ქალებმა საკუთარი შრომითი უფლებებისთვის ბრძოლა დაიწყეს. პირველად ეს ამერიკაში 1909 წელს მოხდა და თავიდან ქალთა უფლებების დაცვის დღე 28 თებერვალს აღინიშნებოდა.

ქალთა მოძრაობა შემდეგ მთელ ევროპაში კლარა ცეტკინის ინიციატივით გავრცელდა. საყოველთაო საპროტესტო აქცია ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ქალებმა 1913 წლის 8 მარტს გამართეს.

საბჭოთა ქვეყნებში 8 მარტი, როგორც დღესასწაული, – ასე დაწესდა. თუმცა, ეს არ არის მხოლოდ საზეიმო დღე. ამ დღეს ევროპის ქვეყნებში განიხილებოდა, თუ რა შედეგები ჰქონდათ გენდერული თანასწორობის კუთხით, რამდენად ერთვებოდნენ ქალები საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში და სხვ.

ქართველი ქალის ცხოვრება მუდმივი ბრძოლაა ოჯახისა და ქვეყნის გადასარჩენად. საქართველოს ისტორიამ ბევრი ღირსეული ქალის სახელი შემოგვინახა. რამდენიმე მათგანის ღვაწლს აღვნიშნავ. ჩემთვის კი ყველაზე გამორჩეული მაინც მეფე თამარია.

თამარ მეფემ საქართველოში „ოქროს ხანა“ შექმნა. ის იყო პირველი და ერთადერთი მეფე, რომელმაც სიკვდილით დასჯა აკრძალა. თამარის ეპოქაში ქალის, როგორც გადაწყვეტილების მიმღების, როლი მეტად წარმოჩინდა.

მეფე თამარს როცა ყუთლუ არსლანი დაუპირისპირდა, მასთან მოსალაპარაკებლად მეფემ ორი დიდგვაროვანი ქალი – კრავაი ჯაყელი და ხვაშაქ ცოქალი გაგზავნა. ამ ქალებმა მისია ღირსეულად შეასრულეს და დედოფლისგან აჯანყებულების ხელშეუხებლობის გარანტია მიიღეს.

თამარ მეფე მთელი ერის დედად ითვლებოდა. არსებობს ასეთი გადმოცემა, – სადარბაზოდ მზადებისას თამარ მეფეს მოახსენეს, რომ მასთან სათხოვარზე ვიღაც მივიდა. მეფემ საყურე ვერ შეიკრა თურმე და გამოსვლა დააგვიანა. ამასობაში მთხოვნელი წასულა. თამარ მეფეს ეს ამბავი იმდენად განუცდია, რომ საყურე მოუხსნია და ტაძრისთვის შეუწირავს.

გამორჩეულია ქეთევან დედოფლის ისტორია. მასში ძალიან ძლიერი იყო პასუხისმგებლობა ერისა და ქვეყნის წინაშე. მან იცოდა, რომ თუ დედოფალი ქრისტიანობას უარყოფდა, მის მაგალითს, ნებით თუ უნებლიეთ, ბევრი მიჰყვებოდა. წარმოიდგინეთ, როგორ ტკივილს განიცდიდა ქეთევან დედოფალი, როცა მას გახურებული შანთით სხეულის ნაწილებს აგლეჯდნენ, მაგრამ მან იცოდა, რომ მის უკან ქართველი ხალხი იდგა.

ცნობილი ფაქტია, რომ ქართველი ქალები ბეჭდით შხამს ატარებდნენ. მტერს თუ ვერ გაუძალიანდებობდნენ, ცოცხალი არ ჩაბარდებოდნენ. ქალები კაცების მხარდამხარ იბრძოდნენ, ოჯახებსაც უვლიდნენ და პატრიოტ შვილებსაც ზრდიდნენ.

სამაგალითოა ცხრა ძმა ხერხეულიძის დედა, რომელმაც ბრძოლაში ცხრავე შვილი დაკარგა და დროშას ერთი შვილის სიკვდილის შემდეგ მომდევნო შვილს თავისი ხელით გადასცემდა. ასეთი პატრიოტიზმია ქართველ ქალში კოდირებული.

XXI საუკუნეში ქალი ყველა სფეროში უნდა იყოს რეალიზებული. არ ვართ ჩვენ „სუსტი სქესი“. ქალს აქვს შინაგანი პოტენციალი, რომ ნებისმიერი სფერო წარმატებით მართოს.

ახალგაზრდა თაობაში ისედაც შეცვლილია შეხედულებები და თვლიან, რომ არ არსებობს ცალკე ქალისა და ცალკე მამაკაცის საქმე. თანამედროვეობასა და სიახლეებს თუ არ მოვერგეთ, ვერ განვვითარდებით. უპირველესია განათლება. განათლებული ადამიანი არის დამოუკიდებელი, თავისუფალი, თავს არავის დაუხრის და სწორ გადაწყვეტილებებს მიიღებს.

ნებისმიერი პროტესტი ცოდნაზე უნდა უყოს დაფუძნებული, რომ ის საზოგადოებამ მიიღოს. გადამწყვეტ ბრძოლაში დიპლომატია ყველაზე მნიშვნელოვანია. დიპლომატია კი ქალებს საუკეთესოდ გამოგვდის.

ნინო კაპანაძე