დედობა უდიდესი პასუხისმგებლობაა. დედად ყოფნა უამრავი გამოწვევის დაძლევას ნიშნავს. ეს გამოწვევები ხშირად ეკონომიკურ სიდუხჭირეს უკავშირდება. თუმცა, ზოგჯერ, სერვისებზე ხელმიუწვდომლობა ამ პრობლემებს კიდევ უფრო ამძიმებს.

რა საჭიროებები აქვთ ახალგაზრდა დედებს ხარაგაულში, რომელი მომსახურებების განვითარებაა მათთვის მნიშვნელოვანი, ამაზე ოთხი შვილის დედა ეკა დვალიშვილი გვესაუბრება.

„ხარაგაულში ახალგაზრდა დედები არაერთი გამოწვევის წინაშე ვართ, – ამბობს ეკა დვალიშვილი, – ჩემი მეოთხე შვილი, ალექსანდრე რომ დაიბადა, ხარაგაულში ქსელური აფთიაქები არ იყო. ამიტომ მისთვის საჭირო ნივთები ზესტაფონიდან მოგვქონდა. ახლა კარგია, რომ ორი ქსელური აფთიაქია.

ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა რიგი სამედიცინო სერვისების არარსებობაა. არ არის გინეკოლოგიური მომსახურება, არ არის სამშობიარო. არც ზესტაფონშია მრავალფეროვანი სამედიცინო სერვისები, თუმცა ხარაგაულს ჯობია და იქ გვიწევს ექიმთან მისვლა. გაგვიმართლა და ხარაგაულში ძალიან კარგი პედიატრი გვყავს.

ხარაგაულში არ არის წიგნის მაღაზია, სადაც მხატვრულ ლიტერატურასთან ერთად სპეციალურ წიგნებს შევიძენთ. უფროსი შვილი მასწავლებლებთან ემზადება და საჭირო წიგნების შესაძენად სხვა ქალაქში უნდა წავიდე ან ვინმეს დავაბარო. ეს დამატებით დროსა და ძალისხმევას მოითხოვს, რომ არაფერი ვთქვათ ფინანსებზე.

არ გვაქვს ტექნიკის მაღაზია, საბავშვო სათამაშოების მაღაზია. ტანსაცმლის შეძენა კი შეიძლება ხარაგაულში, მაგრამ ხშირად მაღალი ფასებია. ქსელური მაღაზიები ფუნქციონირებს. თუმცა, ხელფასი გვაქვს იმდენად მცირე, მხოლოდ ხელფასის დღეს თუ შეხვალ ამ მაღაზიებში.

სახლში ბავშვებთან ძალიან მშვიდად და კომფორტულად ვგრძნობ თავს, განტვირთვას აქაც ვახერხებ. თუმცა, კარგი იქნება, თუ ხარაგაულში გვექნება სივრცე, სადაც მეგობრებთან ერთად შევძლებთ დროის გატარებას. ზაფხულობით კულტურისა და დასვენების პარკს ვსტუმრობთ ხოლმე,  თუმცა არ არის შესაძლებლობა, სადმე მეგობრებთან ერთად, ელემენტარულად, ყავა დალიო. „ეიფელი“ გვქონდა და ხშირად მივდიოდი ხოლმე. ახლა ესეც აღარ არის, ერთმანეთს სახლებში თუ ვესტუმრებით.

ბავშვებისათვის ხარაგაულში ბევრი სასწავლო წრე არსებობს, – როგორც კულტურული, ასევე სპორტული. თუმცა, არის წრეები, რომლებიც არ გვაქვს ხარაგაულში.

უფროსი შვილი მინდოდა ჭადრაკზე მეტარებია, თუმცა იმ პერიოდში ხარაგაულში ეს წრე არ იყო. ტრენაჟორებზე უნდოდათ სიარული გასულ ზაფხულზე ჩემს შვილებს, მაგრამ რაღაც იყო დაზიანებული და ვერ შეძლეს. ამ ზაფხულს ისევ მოვიკითხავ.

ძალიან გვაკლია ცურვის წრე. ჩემს  მამამთილს უფროსი გოგონები ზესტაფონში დაჰყავდა ცურვაზე. ძალიან კარგი იქნება, თუ იგივე მომსახურება აქაც იქნება, სასურველია არა მხოლოდ ბავშვებისთვის, არამედ დიდებისთვისაც.

ადრე ბავშვთა გასართობი სივრცეები ძალიან მაკლდა ხარაგაულში. უფროს შვილებს ზესტაფონში წასვლა უხაროდათ, რომ სასრიალოებზე ეთამაშათ. კარგია, რომ ახლა ესეც მოეწყო ხარაგაულში.

დედები, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში მუშაობენ, ამ დროს შვილებზე ზრუნვასა და მათთან ურთიერთობას აკლებენ. ამიტომ, ვფიქრობ, რომ შესაბამისი ანაზღაურება უნდა ჰქონდეთ, ამის საკომპენსაციოდ. მრავალშვილიანი დედებისთვის დახმარებები არსებობს, თუმცა ეს არასაკმარისია.

ხარაგაულის ადგილობრივ ბიუჯეტში მრავალშვილიანებისთვის გათვალისწინებულია ერთჯერადი დახმარება. თუმცა, დღევანდელ სიდუხჭირეში, ეს თანხა მიზერულია. ხელისუფლების წარომადგენელი რომ ვიყო, ვეცდებოდი, ეს საკითხები მომეგვარებია დედებისთვის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მრავალშვილიანი და მარტოხელა დედების მხარდაჭერა.

ხარაგაულში ბევრ დედას არ აქვს საშუალება, რომ სასკოლო არდადეგების დროს შვილები დასასვენებლად წაიყვანოს და „ჰაერი გამოუცვალოს“. ზოგი ამას ახერხებს, მაგრამ უმრავლესობა ვერა. მხოლოდ შარშან მოვახერხე, რამდენიმე დღით შვილები ზამთარში ბაკურიანში წამეყვანა; ალექსანდრეს სჭირდებოდა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო და მოვახერხეთ. ძალიან ძვირია კურორტებზე დასვენება და ამის ფინანსური შესაძლებლობა უმრავლესობას არ აქვს. ზაფხულობით დედაჩემთან ბაღდადში მიმყავს ხოლმე ბავშვები.

ძალიან საჭირო და აუცილებელია უფასო სასკოლო კვების დანერგვა, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების სრული დაცვით.

ახალგაზრდა დედების ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა დღეს შვილების გაჯეტებზე დამოკიდებულებაა. ხშირია შემთხვევა, როცა ბავშვებს თითქმის ბაღის ასაკიდან აქვთ საკუთარი ტელეფონი და სოციალური ქსელი. ეს ჩემთვის სრულიად მიუღებელია.

ძალიან არ მინდოდა, ჩემი მეხუთე კლასელი შვილისთვის ტელეფონი გვეყიდა. თუმცა, დღის განმავლობაში იმდენ წრეზე უწევს სიარული, რომ საჭირო გახდა იმისათვის, რომ გავიგო, სად არის ბავშვი. თუმცა ვცდილობ, რომ ტელეფონს ბევრი დრო არ დაუთმოს.

ძალიან მაწუხებს მიუსაფარი ძაღლების პრობლემა ხარაგაულში.

ჩემი უფროსი შვილი პედაგოგებიდან რომ ბრუნდება, გვიანი ღამეა. ხშირად ჩემს მეუღლეს მიჰყავს და მოჰყავს, მაგრამ როცა კახას არ სცალია, თავად უნდა დაბრუნდეს სახლში. გიმნაზიასთან გამოივლის, – ძაღლები ხვდება, ქვედა ქუჩაზე – საეკლესიო მაღაზიასთან გამოივლის, – ძაღლები არიან. ამიტომ აუცილებელია, რომ ვინმემ გამოაცილოს ან ოჯახის უფროსმა წევრმა მოიყვანოს სახლამდე.  შეიძლება არც არაფერი დაუშაონ, მაგრამ თვითონ ბავშვს ეშინია. მეც, თუ ძალიან აუცილებელი არ არის, გიმნაზიასთან ვცდილობ, არ გავიარო, რადგან იქ ყოველთვის ძალიან ბევრი ძაღლი იყრის თავს.

დედის დღეს და ქალთა საერთაშორისო დღეს ვულოცავ ქალებს და პირველ რიგში, გამძლეობას ვუსურვებ.

ვფიქრობ, ქალი – განსაკუთრებით კი დედა – ასრულებს უდიდეს როლს. ძალიან ბევრი ტვირთია ჩვენს ზურგზე. ამიტომ მინდა, რომ მეტი ძალა ვუსურვო დედებს და ვუთხრა, რომ შვილების განათლებაზე იზრუნონ. მიმაჩნია, რომ ჩემი ძალისხმევა შვილების განათლებას მაქსიმალურად უნდა მოვახმარო“.

თამთა გოგოლაძე