სოციალური სამართლიანობის ცენტრმა გაავრცელა განცხადება, რომლითაც სახელმწიფო უწყებებს მოუწოდებს, რომ დაიცვან მოსახლეობის სიცოცხლე და ჯანმრთელობა.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოუწოდებს სახელმწიფო უწყებებს, გააცნობიერონ სიცოცხლისა და ადამიანური უსაფრთხოების დაცვის მიზნით საკუთარი პოზიტიური ვალდებულებები და მიიღონ მყისიერი ზომები გურიის, აჭარის, იმერეთისა და სამეგრელოს რეგიონებში მძიმე მდგომარეობაში დარჩენილი მოსახლეობის დასაცავად.

მიმდინარე მოვლენებზე დაკვირვება უკვე აჩვენებს, რომ სახელმწიფომ არ მიიღო სათანადო პრევენციული ზომები სიცოცხლისა და უსაფრთხოების დასაცავად, მაშინ როცა იცოდა ან უნდა სცოდნოდა დიდთოვლობასთან დაკავშირებული საფრთხეების შესახებ.

ამასთან, აშკარაა, რომ რეგიონებში არსებული ღრმა სიღარიბე და მძიმე საცხოვრებელი პირობები ჩვენს მოქალაქეებს ორმაგად მოწყვლად მდგომარეობაში აყენებს, რაც ასევე სახელმწიფოს პასუხისმგებლობის სფეროა.

თითქმის ერთი კვირაა, ინტენსიური თოვლისა და ძლიერი ყინვის გამო საქართველოს რამდენიმე რეგიონის სოფლების ნაწილი გარესამყაროს მოწყვეტილია. გურიის, აჭარის, იმერეთისა და სამეგრელოს მოსახლეობის ნაწილი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება, მათ დიდ ნაწილს გაზი, ელექტროენერგია და ინტერნეტი არ მიეწოდება. მოქალაქეები უთითებენ, რომ ისინი ფაქტობრივად საკვების გარეშე არიან დარჩენილი და შეფერხებული საავტომობილო მოძრაობის გამო, ვერც დათოვლილი ტერიტორიის დატოვებას ახერხებენ.

ინტენსიური თოვა სახლების სახურავების ჩამონგრევასა და დაზიანებას იწვევს. სხვადასხვა წყაროს მიხედვით, დიდთოვლობამ  ათეულობით სახლი დააზიანა. მდგომარეობას ართულებს, ერთი მხრივ, სახლების ავარიულობა, რაზეც არაერთი ადამიანი უთითებს, ხოლო, მეორე მხრივ, ის ფაქტი, რომ საფრთხის ქვეშ მყოფი მოქალაქეები ელექტროენერგიის არქონის გამო ვერ ახერხებენ შესაბამის სამსახურებთან დაკავშირებას, რაც მათთვის დროული დახმარების გაწევას აფერხებს.

საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ მოქალაქეები მასობრივად უთითებენ სახლებში ხანდაზმულების, ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ადამიანებისა და ბავშვების ყოფნის შესახებ, რომელთაც დამოუკიდებლად არ შესწევთ უნარი, ფიზიკურად გაუმკლავდნენ სტიქიას და სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერას კიდევ უფრო მეტად  საჭიროებენ.

ორი დღეა, შტაბი და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების სამსახურები ირწმუნებიან, რომ სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს მოსახლეობის დასახმარებლად. მათი თქმით, შესაბამისი სამსახურები 24-საათიან საგანგებო რეჟიმში მუშაობენ, მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა და მაქსიმალური ადამიანური რესურსი, ინტენსიურად ტარდება საჭირო გაწმენდითი სამუშაოები.

25 თებერვალს, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ დაზარალებული მოსახლეობის დახმარების პროცესში თავდაცვის ძალები ჩაერთვებიან,თუმცა  მოსახლეობის დიდი ნაწილი ევაკუირებული ისევ არ არის. გავრცელებული ინფორმაციით, შიდა სასოფლო გზები სრულად კვლავ არ არის გაწმენდილი, ხოლო მოქალაქეები სახელმწიფოს დახმარებას სთხოვენ სახლების, უსაფრთხო ევაკუაციასა და ახლობლების მოძებნაში. ამ პირობებში აუცილებელი გახდა მოქალაქეების თვითორგანიზება და მოხალისეების ჯგუფების მობილიზება, რომლებიც თავად ეხმარებიან დათოვლილ სოფლებში დარჩენილ თანამოქალაქეებს.

Საგანგაშოა, რომ გარემოს დაცვის ექსპერტები დამატებითი ზომების მიღებისა და გადაუდებელი მოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ არსებობს ზვავის საშიშროება, რომელმაც შესაძლოა, სოფლები წალეკოს, ცხადია, რომ ეს სტიქიასთან დაკავშირებულ რისკებს კიდევ უფრო აძლიერებს.

სტიქიური შემთხვევებისგან დაზარალებულ სოფლებში ამ დრომდე ორი ადამიანია გარდაცვლილი. ერთ-ერთი მათგანი ოზურგეთში, მეზობლის სახლის გამოთოვლის დროს, ჩამონგრეული ბეტონის ქვეშ მოჰყვა. ოზურგეთში გარდაიცვალა კიდევ ერთი მაცხოვრებელი – დიაბეტის მქონე ქალი, რომელსაც, გავრცელებული ინფორმაციით,  დროულად ვერ მიეწოდა სამედიცინო დახმარება.

მედია ავრცელებს ინფორმაციას ქობულეთში გარდაცვლილი მამაკაცის შესახებაც, რომელიც საკუთარი სახლის ეზოში, გაყინული იპოვეს. თუმცა, ამ დრომდე მისი გარდაცვალების ზუსტი მიზეზი დაზუსტებული არ არის. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში, სახურავის წმენდისას, დაშავდა ერთი მამაკაცი. მოსახლეობამ საკუთარი ძალებით შეძლო სოფელთან მისასვლელი გზის გაწმენდა და ადამიანის გადარჩენა.

საინტერესოა, რომ 21 თებერვალს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრმა (112) მოსახლეობისთვის შავი ზღვის სანაპირო ზოლში ამინდის მკვეთრი გაუარესების შესახებ მოკლე ტექსტური შეტყობინებების დაგზავნა დაიწყო. შეტყობინების თანახმად, მოსახლეობას განსაკუთრებული სიფრთხილე 23-24 თებერვლის დღეებში უნდა გამოეჩინა. ამდენად, აშკარაა, რომ გურიასა და აჭარაში მძიმე მეტეოროლოგიური მდგომარეობა მოულოდნელად არ შექმნილა და თოვლი რამდენიმე დღის განმავლობაში გროვდებოდა.

იმ პირობებში, როდესაც აშკარაა, რომ სახელმწიფომ იცოდა ან უნდა სცოდნოდა სტიქიასთან დაკავშირებული რისკების შესახებ, ხოლო სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის მაღალი რისკების პრევენციისა და დროული დაცვის სათანადო სისტემები მას არ აღმოაჩნდა, დგება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის საკითხის სიცოცხლის და უსაფრთხოების უფლების ჭრილში.

უსაფრთხო და ჯანსაღ გარემოში ცხოვრება ადამიანის კონსტიტუციური უფლებაა და ის ფუნდამენტს ქმნის სხვა ძირითადი უფლებებით (სიცოცხლის, ჯანმრთელობის, პიროვნული განვითარების უფლებები) სარგებლობისთვის. ამ უფლებების დასაცავად, სახელმწიფო ვალდებულია, გაატაროს პრევენციული და შემარბილებელი ხასიათის ღონისძიებები; დაიცვას ადამიანები გარემოს დაბინძურების, მისი დეგრადაციისა და ბუნებრივი კატასტროფებისგან მომდინარე საფრთხეებისგან.[1]

მოქალაქეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის ვალდებულება, მათ შორის, ბუნებრივი კატასტროფების დროს, სახელმწიფოს არაერთი სავალდებულო საერთაშორისო დოკუმენტით ეკისრება,  მათ შორისაა, სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ საერთაშორისო პაქტი (მუხლი 6), ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა შესახებ საერთაშორისო პაქტი (მუხლი 12), ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია (მუხლი 2), ევროპის სოციალური ქარტია(მუხლი 11), ასევე, სხვა არაერთი თემატური დოკუმენტით, მათ შორის, შშმ პირთა უფლებების შესახებ გაეროს კონვენციითა და ბავშვის უფლებების კონვენციით.

ბუნებრივი კატასტროფების მძიმე შედეგები ძირითადად განპირობებულია მოსახლეობის მოწყვლადობითა და გადაუდებელი სიტუაციების პრევენციისა და მართვის სათანადო ზომების არარსებობით. შესაბამისად, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებით, ბუნებრივი კატასტროფის დროს სახელმწიფოს სამმაგი ვალდებულებები აქვს: პრევენცია, რეაგირება და კომპენსაცია/რეაბილიტაცია. გაეროს ადამიანის უფლებების კომიტეტი პირდაპირ მიუთითებს სახელმწიფოს ვალდებულებაზე, სიცოცხლის უფლების დასაცავად,  შეიმუშაოს გადაუდებელი სიტუაციებისა და კატასტროფების მართვის გეგმები, რომლებიც უზრუნველყოფს ეფექტიან რეაგირებას როგორც ბუნებრივი, ისე ადამიანის მიერ გამოწვეული კატასტროფების დროს. იმავეს მოითხოვს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, რომლის მიხედვითაც, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოებს არ აქვთ კონტროლი ბუნებრივ მოვლენებზე, მათ უნდა უზრუნველყონ წინასწარ განჭვრეტადი რისკების პრევენცია და მიიღონ ყველა ზომა, რათა მინიმუმამდე იყოს დაყვანილი კატასტროფული შედეგები.[2]

ქვეყანაში 2018 წლიდან მოქმედებს კანონი “სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ”, რომელიც გაწერს სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნულ სისტემას, სამოქალაქო უსაფრთხოების ღონისძიებებს, ასევე, სახელმწიფო უწყებების ფუნქციებს.  მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული კანონი 6 წელზე მეტია მოქმედებს, ამ ეტაპზე ჯერ კიდევ არ არის მიღებული მისი სათანადოდ ფუნქციონირებისთვის საჭირო ყველა კანონქვემდებარე აქტი. შესაბამისად, კვლავ რეგულირების მიღმა რჩება ისეთი საკითხები, როგორცაა, სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტების სტაბილური ფუნქციონირების უზრუნველყოფა და მათი ზედამხედველობა, საგანგებო სიტუაციის ზონაში სავალდებულო ოპერაციებით გათვალისწინებული ღონისძიებების ოპერატიულად განხორციელება და სხვ.[3]

ბუნებრივი კატასტროფების მართვისა და მათზე რეაგირების მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკის სისუსტისა და არაეფექტიანობის, ასევე, კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის ეროვნული გეგმის არარსებობის ფონზე, სახელმწიფო სრულიად მოუმზადებელია საგანგებო სიტუაციების დროს, რაც ჯერ კიდევ 2023 წელს, რაჭისა და გურიის უმძიმესმა გამოცდილებამაც აჩვენა, როდესაც ორ მასშტაბურ და დამანგრეველ სტიქიურ მოვლენას 40-მდე პირის სიცოცხლე ემსხვერპლა.

უმძიმესი ტრაგედიების ფონზე, სახელმწიფოს უნდა გაეცნობიერებინა თავისი როლი და პასუხისმგებლობა ადამიანის სიცოცხლის და უსაფრთხოების დაცვის მიმართულებით და პროაქტიულად შეექმნა იმგვარი სისტემა, რომელიც პრევენციის, საფრთხის წინასწარ იდენტიფიცირების, მომზადების და რეაგირების ყოვლისმომცველ ღონისძიებებს დაეფუძნებოდა.[4]

ნათელია, რომ დასავლეთ საქართველოს რეგიონებში შექმნილ კრიტიკულ მდგომარეობასა და უკვე დამდგარ გამოუსწორებელ შედეგებზე სახელმწიფოა პასუხისმგებელი. მიუხედავად იმისა, გამოიწვია თუ არა უშუალოდ სტიქიურმა შემთხვევებმა ადამიანის დაღუპვა, ცალსახაა, რომ არასათანადო პრევენციულმა და რეაგირების ზომებმა მოსახლეობა დაუცველ მდგომარეობაში ჩააყენა, დატოვა ისინი საბაზისო საცხოვრებელი პირობებისა და სამედიცინო მომსახურების გარეშე, რამაც მძიმე შედეგები გამოიწვია.

უმძიმესი განგრძობადი მეტეოროლოგიური მდგომარეობის ფონზე არსებითია, სახელმწიფო უწყებებმა მათ ხელთ არსებული ყველა რესურსი გამოიყენონ და უმოკლეს ვადებში უზრუნველყონ ადგილობრივების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა და მათი უსაფრთხოების გარანტირება.

წყარო