ხვალ, 10 თებერვალს, 12:00 საათზე, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე სასამართლო პროცესი გაიმართება.

მოსამართლე ციცინო მოსიძე განიხილავს მაია ცირამუას, ნინო ქათამაძის, გელა მთივლიშვილის, ვლადიმერ აფხაზავას, ხვიჩა ვაშაყმაძის, ირინა ზარანდიას, ქეთევან ფილაურის, ეკა კუხალაშვილისა და გივი ცინცაძის ადმინისტრაციულ საქმეებს.

2025 წლის 7 თებერვალს, იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველმა განყოფილებამ აღნიშნულ პირებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, მალხაზ ოქროპირაშვილის საცხოვრებელ სახლთან შეკრების გამო (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174¹ მუხლის მე-3 ნაწილი). ამ მუხლის 6 თებერვალს მიღებული ახალი რედაქციის მიხედვით, მოსამართლის საცხოვრებელ ადგილას შეკრების გამართვა ისჯება 5 000 ლარიანი ჯარიმით ან 60 დღემდე ვადით პატიმრობით, მაშინ როდესაც აქამდე სანქცია 15 დღემდე პატიმრობას ითვალისწინებდა.

შეკრების მონაწილეებმა 2025 წლის 26 იანვარს მოსამართლის სახლთან სოლიდარობის სიმბოლური აქტით გააპროტესტეს მზია ამაღლობელის მიმართ უკანონო პატიმრობა. ეს იყო პასუხი 25 იანვარს მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც მოსამართლე მალხაზ ოქროპირაშვილმა განუხილველად დატოვა მზია ამაღლობელის სააპელაციო საჩივარი, რომლითაც იგი აღკვეთის ღონისძიების შეცვლას ითხოვდა.

აღნიშნულ პირთა ინტერესებს სასამართლოში სოციალური სამართლიანობის ცენტრი იცავს, ხოლო ეკა კუხალაშვილის ინტერესებს – კერძო ადვოკატი.

წყარო