ზამთრის სეზონისთვის დამახასიათებელი რესპირატორული ინფექციებიდან ყველაზე მეტად გავრცელებულია გრიპის ვირუსი (54%).
გრიპისა და სხვა ვირუსული დაავადებებისგან თავდასაცავად რას გვთავაზობს სახელმწიფო, რა მნიშვნელობა აქვს დაავადების ადრეულ სტადიაზე გამოვლენას და კალენდრით დადგენილ ვაქცინაციას, – ამ შეკითხვებით დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსს, გოჩა გიორგიძეს მივმართეთ.
მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე საქართველოში ცირკულირებს სამი ტიპის გრიპი: H1N1, რომელსაც „ღორის გრიპს“ ეძახიან, H3 ტიპის გრიპი და B ტიპის ვირუსები.
„საზოგადოებას გრიპის საწინააღმდეგო ოთხკომპონენტიანი ვაქცინით აცრა ოქტომბრიდან შევთავაზეთ, – ამბობს გოჩა გიორგიძე, – ეს ვაქცინა ხელმისაწვდომია სოფლის ყველა სამედიცინო ამბულატორიასა და საავადმყოფოში. გრიპის სეზონი მარტამდე გრძელდება და აცრა დაგვიანებული არ არის. ყველას მოვუწოდებ, რომ აიცრან, რადგან ეს არის ერთადერთი უნიკალური შესაძლებლობა, ყველაზე სწორი გზა, რომ თავი დავიცვათ გრიპისგან და მისგან გამოწვეული გართულებებისგან.
გრიპის საწინააღმდეგო აცრა ყველასთვის უფასოა. აცრა შესაძლებელია 6 თვის ასაკიდან. სამედიცინო ქსელი მომარაგებულია ანტივირუსული პრეპარატით „ტამიფლუ“. ეს მედიკამენტი გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ ადამიანს არ აქვს აცრა გაკეთებული, გრიპის ვირუსის გამო დამძიმდა, სტაციონარში ან საექიმო ამბულატორიაში მოხვდა და „ტამიფლუ“ კლინიკური შეფასების შემდეგ დაენიშნა.
პირადად მე და ჩემი ოჯახის წევრები, ჩემი მშობლები, ყოველ წელს გრიპის ვაქცინის შემოტანისთანავე, მივდივართ კლინიკაში და ვიცრით.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ C და B ჰეპატიტების მართვის სახელმწიფო პროგრამის განხორციელებაში მუნიციპალური საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრები ჩაერთვნენ.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებმა ამ მიმართულებით სკრინინგი მაქსიმალურად უნდა გააძლიერონ. დროულად უნდა გამოვლინდეს ახალი შემთხვევები და პაციენტი მკურნალობის პროგრამაში დროულად უნდა ჩავრთოთ. ჩვენი მიზანია C და B ჰეპატიტების ელიმინაცია, ამ დაავადებების აღმოფხვრა.
ოჯახის ექიმებმა, მათი სამიზნე კონტინგენტი, გეგმა-გრაფიკის შესაბამისად უნდა გამოიკვლიონ C და B ჰეპატიტებზე; მოსახლეობა კიბოს სკრინინგში უნდა ჩართონ; 18 წლამდე ასაკის პირებში გამოტოვებული აცრების ჩასატარებლად გეგმა-გრაფიკი უნდა შეიმუშაონ.
ოჯახის ექიმების ამ ვალდებულებებზე ხელშეწყობა და მონიტორინგი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებს დაევალა. თავის მხრივ, ეს ცენტრები ოჯახის ექიმებს ჰეპატიტის სკრინინგისთვის საჭირო ტესტებს მიაწოდებენ; ასევე გადასცემენ იმ პირთა სიებს,
რომელთაც აცრები და კიბოს სკრინინგი არასდროს ჩაუტარებიათ.
კიბოს სკრინინგის პროგრამა ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ორგანიზებულად ხორციელდება. შესაბამისი კონტინგენტი სამედიცინო დაწესებულებებში უფასოდ გადაგვყავს.
„ჩემი ხარაგაულის“ მკითხველების ყურადღება მინდა გავამახვილო პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო აცრაზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელი აცრაა. სამწუხაროდ, ამ აცრის მაჩვენებელი ძალიან დაბალია. მინდა გითხრათ, რომ პაპილომა ვირუსზე აცრა საშვილოსნოს ყელის კიბოსგან დაცვის საუკეთესო საშუალებაა. აცრა შეუძლიათ 9 წლის ასაკიდან გოგონებსა და ვაჟებს.
ერთ სიახლესაც გაგაცნობთ – სკრინინგ ცენტრებში, პაპილომა ვირუსზე მაღალტექნოლოგიური კვლევისას, შესაძლებელია დადგინდეს, აქვს თუ არა ქალს სიმსივნის გამომწვევი გენი. დროული პრევენციული ღონისძიებების გატარება ასპროცენტიან შედეგს გვაძლევს.
საქართველოში არის შესაძლებლობა, რომ საშვილოსნოს ყელის კიბოთი დაავადების შემთხვევები შემცირდეს. პირველი, ეს არის ბავშვობის ასაკში პაპილომა ვირუსზე აცრა, შემდეგ კი დროული სკრინინგი. ეროვნული სკრინინგ პროგრამა მოიცავს ოთხ კომპონენტზე უფასო კვლევას:
– ძუძუს კიბოს სკრინინგი 40-70 წლამდე ასაკის ქალებში, ორწლიანი ინტერვალით;
– საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი 25-60 წლის ქალებში, სამწლიანი ინტერვალით;
– პროსტატის სკრინინგი 50-70 წლის მამაკაცებში, წელიწადში ერთხელ;
– მსხვილი ნაწლავის კვლევა ორივე სქესის მოქალაქეებში 50-70 წლის ასაკში, ორწლიანი ინტერვალით.
კვლევაზე იმიტომ კი არ უნდა წავიდეთ, რომ დაავადებამ შეგვაწუხა, არამედ იმიტომ, რომ დაავადება თავიდან ავიცილოთ. ეს შესაძლებლობა მოქალაქეებმა დროულად უნდა გამოიყენონ. ყველას ჯანმრთელობას გისურვებთ“.
ზამთრის სეზონისთვის დამახასიათებელი რესპირატორული ინფექციებიდან ყველაზე მეტად გავრცელებულია გრიპის ვირუსი (54%). გრიპისა და სხვა ვირუსული დაავადებებისგან თავდასაცავად რას გვთავაზობს სახელმწიფო, […]
თუ ხარ 16-იდან 26 წლამდე ასაკის და აღმოსავლეთ პარტნიორობის
გავრცელებული ინფორმაციით, ჟურნალისტი ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი განუსაზღვრელი
23 დღეა, მსოფლიო გაოგნებული უყურებს,
ეროვნული სატყეო სააგენტოს იმერეთის სატყეო