23 დღეა, მსოფლიო გაოგნებული უყურებს, როგორ იბრძვის სამშობლოში ტყვედ აყვანილი მამაცი ქართველი ქალი.

23 დღეა, სტიკერის გაკვრის გამო დაწყებული ძალადობა გრძელდება – „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი არ ეგუება ქვეყანაში არსებულ უკანონობას და შიმშილობს.

წამების და არაადამიანური მოპყრობის პირობებში, თავისი გამძლეობით ყოველდღე სილას აწნავს სისტემას და ამარცხებს.

მსოფლიო უყურებს, აფასებს და ეხმიანება, რადგან ეს სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაა.

ისტორიული ბრძოლა.

აი, ის მითიური ბრძოლაა, როცა სამყარო ირჩევს ხოლმე:

სინათლე თუ სიბნელე?

დემოკრატია თუ დიქტატურა?

სიცოცხლე თუ თავისუფლება?

შეიძლება „სიცოცხლეზე ღირებული თავისუფლებაა,“ მაგრამ სიცოცხლეც თავისუფლებაა.

თავისუფლებისთვის ბრძოლაში მზია გვჭირდება.

საქართველოში სინათლე, სიცოცხლე და დემოკრატია რომ საფრთხეშია, ამის დასტურად 23 დღიანი ქრონიკაც საკმარისია.

ეს მოვლენები აჩვენებს, რომ:

ვერ გამოდგა ტყვედ მზია ამაღლობელი – ის თანდათან, ყოველდღე შთაგონების წყაროდ იქცევა.

ვერ გამოდგა ტყვედ მზია ამაღლობელი – აგერ უკვე, 23 დღეა მსოფლიო უყურებს, აფასებს და ეხმიანება.

ჯერ მხოლოდ 23 დღეა, რაც პერსონალურად გაიცანით ორი დამოუკიდებელი, გავლენიანი და მაღალი სტანდარტის უშიშარი მედიაგამოცემის საძირკველივით მყარი დირექტორი. ყველაფერი წინ არის.

„არ დავუშვათ საქართველოს იზოლირება დემოკრატიული სამყაროსგან,“ – ამ იდეით ცხოვრობს და ეს იდეა აცხოვრებს მომავალშიც.

15 წელია, ვხედავ ამ იდეისთვის მზია ამაღლობელის უწყვეტ ბრძოლას, თავდადებას, თავგანწირვას, მსხვერპლშეწირვას.

ასე მჯერა, მან ყველაზე კარგად იცის, რომ დასაბამიდან იყო სიტყვა, სიტყვა იყო ღმერთთან და ღმერთი იყო სიტყვა.

რომ სიტყვაში არის სიცოცხლე და რომ „ნათელი ბნელში ნათობს და ბნელმა (ვერასდროს) ვერ მოიცვა იგი“.

ძალიან მამაცი მედიაგამომცემელი და ჟურნალისტი, მზია ამაღლობელი დემოკრატიის ერთგულების ამ მძიმე დროში, თავისი თავგანწირული წინააღმდეგობით გვახსენებს, სინათლე ყოველთვის რომ იმარჯვებს!

გაიხსენეთ თქვენც და, „იბრძოლეთ, სანამ გვიანი არ არის!“ – წერს სოციალურ ქსელში ნათია კაპანაძე, მედიაომბუდსმენი.