ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ საბავშვო ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი 20 იანვრიდან განახლდა. გაერთიანება 21 საბავშვო ბაღს აერთიანებს: ხარაგაულის #1 და #2, ხევის, ხუნევის, ვერტყვიჭალის, გედსამანიის, ნადაბურის, ბორითის, ღორეშის, სარგვეშის, კიცხის, ბორის, ვარძიის, წყალაფორეთის, ხიდრის, საღანძილის, ლეღვნის, ვახანის, მოლითის, წიფისა და ზვარის საბავშვო ბაღები.

2025 წელს საქმიანობაში დაგეგმილ სიახლეებსა და გამოწვევებზე ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორს, თამარ ლაცაბიძეს ვესაუბრეთ.

„იანვრის ბოლოდან კიცხში საბავშვო ბაღის ახალი შენობა გაიხსნა და კიცხში ორი საბავშვო ბაღი იფუნქციონირებს, – ამბობს თამარ ლაცაბიძე, – ეს აღსაზრდელთა სიმრავლემ გამოიწვია. ბორში საბავშვო ბაღი, რომელიც არასტანდარტულ შენობაში იყო განთავსებული, გაუქმდება და ამ ბაღის აღსაზრდელები სწავლას კიცხის საბავშვო ბაღში გააგრძელებენ. კიცხის საბავშვო ბაღის ძველ შენობაში სამ წლამდე ასაკის ბავშვებს მივიღებთ, ახალ შენობაში – 4-დან 6 წლის ასაკისას. სულ, კიცხის ორივე საბავშვო ბაღში, 49 აღსაზრდელია რეგისტრირებული.

ამჟამად ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებაში 470 აღსაზრდელი გვყავს. გაერთიანებაში 287 თანამშრომელია დასაქმებული. მათგან 13 ცეცხლფარეში, ზამთრის სეზონზე, ხუთი თვის განმავლობაში მუშაობს.

აღსაზრდელთა რაოდენობა იზრდება-თქო, რომ გითხრათ, მოგატყუებთ. ხარაგაულის #1 საბავშვო ბაღში, გასულ წელთან შედარებით, ბავშვების რაოდენობა შემცირდა, კიცხის საბავშვო ბაღში – გაიზარდა. საბოლოო ჯამში, სამომავლო პროგნოზით, აღსაზრდელთა რიცხვი მაინც კლებისკენ მიდის.

მოლითის საბავშვო ბაღში წელს ექვსი აღსაზრდელია. ექვსივე მათგანი 2025 წლის სექტემბერში სკოლაში მიდის. მოლითის თემში საბავშვო ბაღის ასაკის რამდენიმე ბავშვი მხოლოდ სოფელ ნებოძირშია. ამ მომენტისთვის არ ვიცი, მოიყვანენ თუ არა მშობლები იმ პატარებს მოლითის საბავშვო ბაღში.

2024 წლის სექტემბრიდან სოფელ მარელისში სასკოლო მზაობის ჯგუფი გაუქმდა, რადგან ამ სოფელში ბაღის ასაკის მხოლოდ ერთი ბავშვი იყო. ჩვენ თანახმა ვიყავით, რომ სასკოლო მზაობის ჯგუფს ამ ერთი აღსაზრდელისთვისაც ემოქმედა. თუმცა, მშობლის გადაწყვეტილებით, ის ბავშვი მარელისიდან საღანძილის საბავშვო ბაღში დაჰყავთ.

ხელფასების ზრდა 10%-ით და 100 ლარით

2025 წლიდან, წინა წლებისგან განსხვავებით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების თანამშრომელთა ხელფასები 10%-ითა და დამატებით კიდევ ასი ლარით გაიზრდება.

გასული ორი წლის განმავლობაში ამ გაერთიანების თანამშრომელთა ხელფასები 100-100 ლარით იზრდებოდა. სხვა დანარჩენი საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომელთა ხელფასები, ბოლო ორი წელია, 10-10%-ით მატულობს.

ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების 2025 წლის დაზუსტებული ბიუჯეტი, 17 იანვრის მდგომარეობით, 3 337 000 ლარია. აქედან რა ოდენობის თანხა მიიმართება სახელფასო ანაზღაურებისთვის, ამ წერილის მომზადების პროცესში ზუსტდებოდა.

„წელს ვგეგმავთ ხარაგაულის #1 საბავშვო ბაღის შენობის რემონტს, რადგან თანამედროვე სტანდარტებს ყველაზე მეტად სწორედ ამ ბაღის ინფრასტრუქტურა ვერ აკმაყოფილებს, – ამბობს თამარ ლაცაბიძე, – სარემონტო სამუშაოებისთვის 60 ათასი ლარი გავითვალისწინეთ. სარემონტოა მოლითის საბავშვო ბაღის შენობაც. სხვა საბავშვო ბაღებში ინფრასტრუქტურული პრობლემები, ფაქტობრივად, არ გვაქვს“.

2024 წელს, სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 2 493 000 ლარით დაფინანსდა.

 

წელს ხუთი საბავშვო ბაღის ავტორიზაცია იგეგმება

2030 წლამდე საქართველოში მოქმედმა სკოლამდელი აღზრდის ყველა დაწესებულებამ ავტორიზაცია უნდა გაიაროს. ავტორიზაციის გავლის წესი საქართველოს მთავრობის 2023 წლის 21 თებერვლის #76 დადგენილებაშია გაწერილი.

თამარ ლაცაბიძის ინფორმაციით, 2025 წელს, გაერთიანებაში შემავალი ხუთი საბავშვო ბაღი – ვერტყვიჭალის, ღორეშის, ხუნევის, ნადაბურისა და საღანძილის – ავტორიზაციისთვის ემზადება. „მარტის ბოლოს განაცხადს შევიტანთ საავტორიზაციო საბჭოში და ექსპერტების ჯგუფს ადგილზე დაველოდებით“, – ამბობს თამარ ლაცაბიძე.

ავტორიზაცია არის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების სტატუსის მოპოვების პროცედურა და მისი მიზანი შემდეგი აუცილებელი სტანდარტების დაკმაყოფილებაა.

ა) დაწესებულების მისია და სტრატეგიული განვითარება;

ბ) კურიკულუმი;

გ) ოჯახისა და თემის ჩართულობა;

დ) სააღმზრდელო და საგანმანათლებლო პროცესის მხარდაჭერა.

სტანდარტებში გაწერილია სასწავლო-სააღმზრდელო და საგანმანათლებლო პროცესთან დაკავშირებული, ასევე შენობის ინფრასტრუქტურისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის საკითხები.

„გაერთიანების ყველა აღმზრდელმა 66-საათიანი ტერნინგ-მოდული გაიარა. თუმცა, მათთვის აღზრდელ-პედაგოგის სტატუსი არ მიგვინიჭებია, – ამბობს თამარ ლაცაბიძე, – ველოდებით მთავრობის დადგენილებას. შესაძლოა, აღმზრდელებმა გამოცდა ჩააბარონ და პედაგოგის სტატუსი ამის შემდეგ მიენიჭოთ. პედაგოგის სტატუსის მოსაპოვებლად, პირს აღმზრდელად მუშაობის ოთხწლიანი სტაჟი და უმაღლესი პედაგოგიური განათლება მოეთხოვება.

ავტორიზაციისთვის განსაზღვრულ საბავშვო ბაღებში, – გარდა ნადაბურის საბავშვო ბაღისა, –  სტანდარტით მოთხოვნილი ყველა თანამშრომელი გვყავს. ნადაბურის საბავშვო ბაღისთვის ექთანი ვერ მოვიძიეთ. თუმცა, გასული წლის დეკემბერში, პირველადი სამედიცინო დახმარების ტრენინგი ყველა აღმზრდელს ჩაუტარდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლო ტრენინგი განათლების პროფკავშირის ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის მხარდაჭერით მოეწყო. ამისთვის ამ ორგანიზაციის თავმჯდომარე ლალი სებისკვერაძეს მადლობას ვუხდით“.

 

ტენდერებით 48 524 ლარი დაიზოგა

ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებამ 2025 წლისათვის საკვები პროდუქტების შესაძენად 245 620 ლარი ღირებულების 7 ტენდერი გამოაცხადა. ტენდერებით 48 524 ლარი დაიზოგა და გაერთიანება აღსაზრდელებისთვის, მთელი წლის განმავლობაში, 197 096 ლარი ღირებულების საკვებ პროდუქტებს შეიძენს.

ხორცისა და ხორცპროდუქტების შესაძენად გამოცხადებულ ტენდერში შპს „ომიკომ“ (დირექტორი დარეჯან დემეტრაძე) გაიმარჯვა. საბავშვო ბაღების გაერთიანებას ამ ორგანიზაციამ 1 200 კგ. დარბილებული ხორცი და 900 კგ. ქათმის ფილე 38 700 ლარად უნდა მიაწოდოს. ეს ტენდერი 47 100 ლარზე იყო გამოცხადებული.

ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების მიერ გამოცხადებულ სამ ტენდერში, – 1) თევზის, 2) დაფქვული მარცვლეული პროდუქტებისა და 3) სოფლის მეურნეობისა და ბაღჩეული პროდუქტების შესაძენად, – ი/მ „დავით ლაცაბიძემ“ გაიმარჯვა.

სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანება 2025 წელს, 21-ვე ბაღის მოსამარაგებლად

თევზს (900 კგ. ორაგულის სტეიკი) 16 001 ლარად შეისყიდის (ტენდერი გამოცხადებული იყო 20 000 ლარზე);

– 6 533 ლარად შეიძენს დაფქვულ მარცვლეულ პროდუქტებს (ბრინჯი 400 კგ., მანანის ბურღული – 200 კგ., წიწიბურა – 500 კგ., შვრიის ფანტელი – 250 კგ., ხორბლის ფქვილი – 1200 კგ., მჭადის ფქვილი – 80 კგ.) ტენდერი გამოცხადებული იყო 8 165 ლარზე.

– სოფლის მეურნეობისა და ბაღჩეულ პროდუქტებს (15 000 ცალი კვერცხი, 500 კგ. მწვანილი (ოხრახუში და ცერეცო), 100 კგ. ნიორი) – 13 281 ლარად (ტენდერი გამოცხადებული იყო 16 600 ლარზე).

ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების მიერ გამოცხადებულ ასევე სამ ტენდერში, – 1) ბოსტნეულით, 2) რძისა და 3) სხვადასხვა საკვების პროდუქტებით მოსამარაგებლად, ი/მ „დავით გაჩეჩილაძემ“ გაიმარჯვა.

სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანება 2025 წელს, 21-ვე ბაღის მოსამარაგებლად,

– 35 998 ლარად შეისყიდის ბოსტნეულს (350 კგ. ყვავილოვანი კომბოსტო, 5 000 კგ. კარტოფილი, 750 კგ. ხახვი, 300 კგ. კომბოსტო, 350 კგ. ჭარხალი, 1 400 კგ. სტაფილო, 3 000 კგ. ვაშლი, 450 კგ. ლობიო, 20 კგ. ლიმონი, 2 000 კგ. ბანანი, 400 კგ. გოგრა, 300 კგ. ბროკოლი). ბოსტნეულის შესაძენად ტენდერი 45 185 ლარზე იყო გამოცხადებული.

– 60 486 ლარად შეიძენს რძის პროდუქტებს (550 კგ. ყველი, 700 კგ. კარაქი, 900 კგ. მაწონი, 450 კგ. არაჟანი, 700 კგ. რძის ფხვნილი, 2 500 ლიტრ ქარხნული წარმოების რძე). რძის პროდუქტების შესაძენად ტენდერი 75 950 ლარზე იყო გამოცხადებული.

– გაერთიანებამ 26 097 ლარად უნდა შეისყიდოს ბაღებისთვის სხვადასხვა საკვები პროდუქტები (60 კგ. ხილის ჩაი, 450 კგ. შვრიის ორცხობილა., 1000 კგ. შაქარი, 400 კგ. ვერმიშელი, 600 კგ. მაკარონი, 120 კგ. კამფეტი, 200 კგ. იოდიზირებული მარილი, 5 000 კგ. დაჭრილი და შეფუთული პური, 10 კგ. დაფასოებული საფუარი, 2 ათ. ცალი ფუნთუშა). ეს ტენდერი 32 620 ლარზე იყო გამოცხადებული.

როგორ აპირებს გაერთიანება ტენდერებით დაზოგილი 48 524 ლარის გამოყენებას, – ჩვენს ამ შეკითხვაზე თამარ ლაცაბიძე გვპასუხობს, რომ ამ თანხას ავტორიზაციისთვის საჭირო დოკუმენტაციის მოსამზადებლად გამოიყენებენ. „შენობის მდგრადობისა და უსაფრთხოების განსაზღვრის მიზნით უნდა მოვიწვიოთ შესაბამისი კომისიები, – ამბობს თამარ ლაცაბიძე, – მათი მოწვევა და შემდეგ მათგან დოკუმენტაციის მომზადება საკმაოდ ძვირია. ამიტომ დაზოგილ ფინანსურ რესურსებს, საბავშვო ბაღების ავტორიზაციისკენ მივმართავთ“.

 

სეზონური მენიუ და ორი წახემსება

2025 წელს სიახლეა კვების მენიუში. აღსაზრდელებს სეზონურ მენიუსა და ორ წახემსებას სთავაზობენ. დღიურ კალორაჟთან დაკავშირებით კვების სპეციალისტთა მითითებები გათვალისწინებულია. ხარაგაულის საბავშვო ბაღებში ორი სეზონური მენიუ დაინერგება. კვების რაციონში იქნება გოგრა, ბანანი, ხაჭაპური, კარტოფილის ღვეზელი, ჭვიშტარი, ფრანგული ტოსტი და სხვ.

 

ზვარესა და ხევში სკოლამდელი აღზრდის მიღმა 25 აღსაზრდელია

ხევისა და ზვარის საბავშვო ბაღები დღეისათვის ფუნქციონირებენ როგორც სკოლისათვის მზაობის ჯგუფები, ხევში ამ ჯგუფში 5 აღსაზრდელია, ზვარეში – 12. ზვარეში მოქმედი სასკოლო მზაობის ჯგუფი, 2023 წლის 23 ოქტომბრიდან, ზვარის სკოლის შენობაში გადავიდა; ხევის სასკოლო ჯგუფი – 2022 წლის სექტემბრიდან ხევის საჯარო სკოლის შენობაში ფუნქციონირებს.

სასკოლო მზაობის ჯგუფი დილის 09:30 საათიდან 15:00 საათამდე მოქმედებს; აღსაზრდელებისთვის დღეში ორჯერ ორცხობილითა და ვაშლით წახემსებაა გათვალისწინებული.

ზვარეს საბავშვო ბაღი მეწყერსაშიშ ზონაშია და გეოლოგების დასკვნის თანახმად, იქ საბავშვო ბაღის ფუქნციონირება სარისკოა. ზვარეში 3 წლამდე ასაკის 5 აღსაზრდელი სკოლამდელ მომსახურებას ვერ იღებს.

ხევის საბავშვო ბაღი რიკოთის ავტობანის მშენებლობის არეალში მოხვდა. ხევში საბავშვო ბაღის მშენებლობა 2023 წლის შემოდგომაზე დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება. ამ ბაღის მშენებელი კომპანია შპს „აკა კონტრაქშენის“ სამუშაოთა მწარმოებელი ნიკა ტაბატაძე ამბობს, რომ თუ ავტობანის მშენებელმა ჩინურმა კომპანიამ თანხის ჩარიცხვა არ დაუგვიანა, ხევის საბავშვო ბაღის შენობა აპრილის ბოლოსთვის მზად იქნება.

„დამკვეთისგან თანხის ჩარიცხვა, სამწუხაროდ, კვლავ პრობლემაა. საახალწლოდ უხელფასოდ დაგვტოვეს, – ამბობს ნიკა ტაბატაძე, – შენობის პირველ სართულზე შიდა სამუშაოები დავასრულეთ და ახლა მეორე სართულზე ვმუშაობთ.“

„ხევის სასკოლო მზაობის ჯგუფში ამჟამად 5 აღსაზრდელია, – ამბობს თამარ ლაცაბიძე, – 2024 წლის ბოლო საახალწლო საჩუქარი, ხევის საბავშვო ბაღის გამგისგან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, 25 აღსაზრდელს გავუგზავნეთ“.

გამოდის, რომ ხევში 20 აღსაზრდელი საბავშვო ბაღის მომსახურების მიღმაა დარჩენილი.

nრა უშლის ხელს ხევის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისთვის საკვები პროდუქტების პერიოდულად მიწოდებას, როგორც ეს კორონავირუსის პანდემიის დროს გაერთიანების ყველა აღსაზრდელისთვის რიგდებოდა, – ამ შეკითხვით თამარ ლაცაბიძეს და ნადაბური-ხევის მაჟორიტარ დეპუტატს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დოდო ხაჩიძეს მივმართეთ.

„პანდემიის დროს საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისთვის საკვების დარიგება მთავრობამ დაგვავალა, – გვპასუხობს თამარ ლაცაბიძე, – თუ ახლაც დაგვავალებენ, შევასრულებთ“.

„ხევის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისთვის მშრალი საკვები პროდუქტების დარიგება თვეში ან თუნდაც კვარტალში ერთხელ, ძალიან კარგი იდეაა, – ამბობს დოდო ხაჩიძე, – თუ ეს გაერთიანების დებულებას, ან რაიმე კანონს არ ეწინააღმდეგება. ბევრი ოჯახი ელოდება ხევში საბავშვო ბაღის ამოქმედებას და მანამდე ასეთი მხარდაჭერა – საკვების მიწოდება, მათთვის მნიშვნელოვანი იქნება. დავფიქრდები ამ საკითხზე“.

გეგმავს თუ არა თვითმმართველობა ზვარეში საბავშვო ბაღისთვის ახალი შენობის აგებას, – ამ შეკითხვით ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილეს, ვარლამ ჭიპაშვილს მივმართეთ.

მან გვიპასუხა, რომ ეს საკითხი ინფრასტრუქტურის მიმართულებაა და დეტალურ ინფორმაციას მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურისგან მივიღებდით. ინფრასტრუქტურის საკითხებში მერის მოადგილე დავით დევდარიანმა ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

მოგვიანებით ისევ ვარლამ ჭიპაშვილთან დავაზუსტეთ, რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში მუნიციპალიტეტში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაგეგმილი არ არის.

 

ზეიმების ნაცვლად, პრეზენტაციები

მეორე სასწავლო წელია, რაც საბავშვო ბაღებში, ზეიმების ნაცვლად, პრეზენტაციები იმართება. მარტში დედის დღისადმი მიძღვნილი პრეზენტაცია იგეგმება, მაისში – საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი, ოქტომბერ-ნოემბერში – შემოდგომის, დეკემბერში – საახალწლო.

„პრეზენტაციები გაცილებით შედეგიანია და მათ მომზადებაში ყველა ბავშვი თანაბრადაა ჩართული“, – ამბობს თამარ ლაცაბიძე, – თითოეულ თანამშრომელს, აღსაზრდელსა და მათ მშობლებს ვულოცავ სასწავლო-სააღმზრდელო წლის განახლებას. ვუსურვებ პროცესის მშვიდობიანად და ნაყოფიერად დასრულებას. ჩვენ ხარაგაულელი აღსაზრდელების უსაფრთხოებისა და განათლების სადარაჯოზე ვდგავართ. მადლობა მშობლებს ნდობისთვის“.

ნინო კაპანაძე