დღეს, 30 იანვარს, ხარაგაულის „კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის განვითარების ცენტრის“ დირექტორმა მამუკა ჭიპაშვილმა თანამშრომლებს 2025 წლის სამუშაო პროგრამა წარუდგინა.
ეს ცენტრი საბიბლიოთეკო გაერთიანებას, მუზეუმს, ლიტერატურულ თეატრს, კულტურისა და ტურიზმის ცენტრებს აერთიანებს. ბიბლიოთეკასთან მოქმედებს ინოვაციების ცენტრი; ხოლო კულტურის ცენტრი ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრს, თოჯინების თეატრს, ქორეოგრაფიულ ანსამბლებს – „უბისი“ და „მთიელი“, ხალხური და საესტრადო სიმღერის ანსამბლებს, „ხარაგაულის კვარტეტს“ აერთიანებს.
მამუკა ჭიპაშვილმა შეხვედრაზე 2024 წელს ჩატარებულ ღონისძიებებსა და ცენტრის წინაშე არსებულ გამოწვევებზეც ისაუბრა.
თებერვლიდან ხელფასები იზრდება
მამუკა ჭიპაშვილის ინფორმაციით, 2025 წლის თებერვლიდან „კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის განვითარების ცენტრის“ ყველა თანამშრომლის ხელფასი 125 ლარით იზრდება. 2025 წლის 1 იანვრიდან, ყველა საჯარო მოხელის მსგავსად, ამ ცენტრში დასაქმებულთა ხელფასები 10%-ით უკვე გაიზარდა.
უხერხულია, შენობებს შეშის ღუმელით რომ ვათბობთ
შეხვედრაზე „კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის განვითარების ცენტრის“ წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ ისაუბრეს.
საბავშვო ბიბლიოთეკაში შესაცვლელია სახურავი;
კინოთეატრში მოსაწესრიგებელია სახურავი და საჭიროა დარბაზის რემონტი;
კულტურის ცენტრის დარბაზი სრულ რეაბილიტაციას საჭიროებს;
სარემონტოა ბორითის კულტურის სახლი;
შესაძენია აპარატურა, მუსიკალური და სხვა ღონისძიებების ჩასატარებლად;
საბავშვო ბიბლიოთეკის, პატარა ხარაგაულის ბიბლიოთეკისა და მუზეუმის შენობებში დასამონტაჟებელია ცენტრალური გათბობა.
„ცენტრალური გათბობის დამონტაჟების საკითხი წელს აუცილებლად უნდა მოვაგვაროთ, რადგან უხერხულია, ეს შენობები ისევ შეშის ღუმელებით რომ თბება“, – ამბობს მამუკა ჭიპაშვილი.
„კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის განვითარების ცენტრის“ დირექტორმა უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ ყველა თანამშრომელი სამსახურში არ დადის. მისი თქმით, თვის ბოლოს მიმართულების ხელმძღვანელებისგან წარმოდგენილი უწყისების მიხედვით, თუ ვინმე სამსახურს არასაპატიო მიზეზით გააცდენს, ხელფასიდან თანხა დაექვითება.
გთავაზობთ 2025 წელს „კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის განვითარების ცენტრის“ პროგრამას. მამუკა ჭიპაშვილის თქმით, ღონისძიებები მასშტაბური იქნება და ეცდებიან, რომ მუნიციპალიტეტის ყველა სკოლა და სოფელი მოიცვან.
თებერვალში იგეგმება:
- პროექტის ფარგლებში „როცა ერთმანეთს ვჭირდებით“ კლიპის გადაღება-პრეზენტაცია (ლიტერატურული თეატრი);
- დავით აღმაშენებლის ხსენების დღესთან დაკავშირებული ღონისძიება (ისტორიული მუზეუმი);
- მოლაშქრეთა კლუბის ჩამოყალიბება (ტურიზმის სამსახური);
- წიგნის საჯაროდ კითხვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მუნიციპალიტეტის საბიბლიოთეკო განყოფილებებში (ცენტრალური ბიბლიოთეკა);
- ხარაგაულის ტურისტული პოტენციალის გაუმჯობესების მიზნით სამუშაო შეხვედრა ორგანიზაციასთან „DMO იმერეთი“ (ტურიზმის ცენტრი);
- პროექტის „გავიცნოთ ქართველ მწერალთა შემოქმედება“ ფარგლებში ღონისძიება საბავშვო ბიბლიოთეკაში (ცენტრალური ბიბლიოთეკა);
- ზამთრის სალაშქრო ტურები, მარელისის „ხერგილი“, „ბერების გამოქვაბული“ (ტურიზმის ცენტრი).
მარტში იგეგმება:
- სარვამარტო კონცერტი (კულტურის ცენტრი);
- სათნოების სახლის ბენეფიციარებისთვის ლიტერატურულ-მუსიკალური საღამო (ლიტერატურული თეატრი);
- ღონისძიება მუზეუმში „ზვიად გამსახურდიას ცხოვრების გზა“ (ისტორიული მუზეუმი);
- „ლეგო-რობოტების“ შემაჯამებელი დასკვნითი ღონისძიება ინოვაციების ცენტრში (ინოვაციების ცენტრი);
- გასართობი ლაშქრობა-ტური „დევების გამოქვაბულში“ (ტურიზმის სამსახური).
აპრილში იგეგმება:
- ახალგაზრდული ფესტივალი „გაზაფხულის ხარაგაული“;
- საბიბლიოთეკო კვირეული (ცენტრალური ბიბლიოთეკა);
- ანსამბლ „ხარაგაულის ხმების“ კონცერტი (კულტურის ცენტრი);
- პრეზენტაცია „თანამედროვე პროგრამები და ტექნოლოგიები“ (ინოვაციის ცენტრი);
- ვაშლევის სკოლაში ლიტერატურული სპექტაკლი (ლიტერატურული თეატრი);
- დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება „ჩვენი საგანძური“ (ისტორიული მუზეუმი);
- პროექტის „რეპორტაჟი ხარაგაულიდან“ მუნიციპალიტეტის სოფლებისა და ეკლესია-მონასტრების წარდგენა (ლიტერატურული თეატრი);
- ეკო-კვირეული „გავუფრთხილდეთ ბუნებას“ (ტურიზმის ცენტრი);
- სააღდგომო ტრადიციები – შეხვედრა მოძღვართან (ისტორიული მუზეუმი);
- სათავგადასავლო ტურ-თამაშები მოსწავლეთა შორის (ტურიზმის ცენტრი);
- „ჯომარდობა“ მდინარე ჩხერიმელაზე (ტურიზმის ცენტრი).
მაისში იგეგმება:
- პროექტი „მსოფლიო ფაშიზმის წინააღმდეგ“ (ისტორიული მუზეუმი);
- საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი (კულტურის ცენტრი);
- პროექტი „პოეზია ბუნების წიაღში“ (საბავშვო ბიბლიოთეკა);
- ყვავილების ფესტივალი (ლიტერატურული თეატრი, ტურიზმის ცენტრი);
- სათავგადასავლო ტურ-თამაშების ფინალი მოსწავლეთა შორის (ტურიზმის ცენტრი);
- „თოჯინების თეატრი“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში (კულტურის ცენტრი);
- ეროვნული სამოსის დღის აღსანიშნავი ღონისძიება (ისტორიული მუზეუმი);
- პროექტი „პატარა არქეოლოგები“, „მოხალისე რესტავრატორები“, „ღამე მუზეუმში“ (ისტორიული მუზეუმი);
- საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ცხენოსანთა მსვლელობა ჩხერის ციხეზე (ტურიზმის ცენტრი).
ივნისში იგეგმება:
- ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრის პრემიერა (კულტურის ცენტრი);
- ქორეოგრაფიული ფესტივალი „კიდევაც დაიზრდებიან“ (კულტურის ცენტრი);
- მუზეუმების საერთაშორისო დღის კვირეულის ფარგლებში – „მოხალისე გიდები“, „ფერწერული მუსიკა“, ფოტოგამოფენა (ისტორიული მუზეუმი);
- სამხატვრო პლენერი „გამა“ (ლიტერატურული თეატრი);
- სპორტული თევზაობა (ტურიზმის ცენტრი);
- ბავშვთა დაცვის საერთაშორისი დღესთან დაკავშირებული ღონისძიებები, „პატარები და ფერადი სამყარო“ (ბავშვთა ნამუშევრების გამოფენა) (ისტორიული მუზეუმი).
ივლისში იგეგმება:
- სიმღერისა და ცეკვის ანსამბლ „უბისის“ კონცერტი (კულტურის ცენტრი);
- ფოტო-კონკურსი (ტურიზმის ცენტრი);
- ანსამბლ „მთიელის“ კონცერტი;
- ლიტერატურული კონკურსი „ოდეონი“ (ლიტერატურული თეატრი);
- ლინა ბარათაშვილის ლიტერატურული საღამო (ლიტერატურული თეატრი);
- პროექტი „ჩემი პატარა ხელებით“ (ისტორიული მუზეუმი);
- ანსამბლ „ხარაგაულის კვარტეტის“ კონცერტი (კულტურის ცენტრი);
- ლაშქრობა-ტურები – ვახანის ციხე, ნუნისი (ტურიზმის ცენტრი).
აგვისტოში იგეგმება:
- ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრის სპექტაკლი (კულტურის ცენტრი);
- იუმორის საღამო -„ჭირიმე და მეგობრები“ (კულტურის ცენტრი);
- მოსწავლეთა კარვების ბანაკი (ტურიზმის სამსახური);
- ლიტერატურული კონკურსი „ოდეონი“ ახალგაზრდებისთვის (ლიტერატურული თეატრი);
- ქვიშის ფრენბურთის ტურნირი (ტურიზმის სამსახური).
სექტემბერში იგეგმება:
- შემეცნებითი პროექტი „ქართული ხალხური საცხოვრისი“ (ისტორიული მუზეუმი);
- შეხვედრა მწერალთან (ცენტრალური ბიბლიოთეკა);
- კონკურსი „ხარაგაულის ტურისტული ადგილები“;
- ახალი სამარშრუტო ბილიკის ლაშქრობა-პრეზენტაცია (ტურიზმის ცენტრი).
ოქტომბერში იგეგმება:
- ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრის 125 წლის იუბილეს აღსანიშნავი საღამო (კულტურის ცენტრი);
- ლიტერატურული თეატრის სპექტაკლის პრემიერა (ლიტერატურული თეატრი);
- „ხარაგაული საუკუნის წინ და ხარაგაული დღეს“ – ფოტოგამოფენა, „შემოდგომა იმერეთში“ (ისტორიული მუზეუმი);
- კერამიკული ნაკეთობების დამზადების მასტერკლასები მოსწავლეთათვის (ტურიზმის ცენტრი);
- ფოლკლორის საღამო (კულტურის ცენტრი).
ნოემბერში იგეგმება:
- „ხარაგაულობის“ დღესასწაული;
- ყველისა და მწნილეულის ფესტივალი (ტურიზმის ცენტრი);
- ლიტერატურული საღამო (ცენტრალური ბიბლიოთეკა);
- იმერული კერძების მასტერკლასები;
- გასართობი კულინარული შეჯიბრი მოსწავლეთა შორის.
დეკემბერში იგეგმება:
- პროექტი „რეპორტაჟი ხარაგაულიდან“ მუნიციპალიტეტის სოფლების წარდგენა (ლიტერატურული თეატრი);
- „ტრადიციები საქართველოში“ (ისტორიული მუზეუმი);
- საახალწლო ღონისძიებები;
- მურაბებისა და ტკბილეულის ფესტივალი.