საქართველოს ეკონომიკა ოფიციალურად ზრდის ტენდენციას ინარჩუნებს. თუმცა, ეს განვითარება მოსახლეობის ცხოვრების ხარისხზე ჯერ კიდევ არ აისახება. 2023 წელს ქვეყნის ეკონომიკურმა ზრდამ 7.5%-ს მიაღწია, რაც რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. მიუხედავად ამისა, ეს ციფრები არ ასახავს სოციალურ რეალობას, სადაც სიღარიბის დონე 17.5%-ს აღემატება, ხოლო საშუალო შემოსავალი ვერ უზრუნველყოფს საბაზისო საჭიროებების სრულ დაკმაყოფილებას.

ეკონომიკური ზრდის შედეგები არათანაბრად ნაწილდება – სარგებელი, ძირითადად, ქალაქებში კონცენტრირებული მაღალშემოსავლიანი ფენებისთვის არის ხელმისაწვდომი; მაგალითად, თბილისის მოსახლეობის საშუალო თვიური შემოსავალი 30%-ით აღემატება რეგიონებში მცხოვრებთა შემოსავალს. რეგიონებში დასაქმების მაჩვენებელი დაბალია – 2023 წელს უმუშევრობის დონე რეგიონებში 17.3%-ს აღწევდა მაშინ, როცა თბილისის მონაცემი 11.8%-ია.

ფასების ზრდა (ინფლაცია) 2023 წელს 5.3%-ს შეადგენდა; თუმცა ზოგიერთ პროდუქტზე, როგორიცაა სურსათი, – ფასები გაცილებით სწრაფად გაიზარდა; მაგალითად, პურის ფასმა 2023 წლის განმავლობაში 12%-ით მოიმატა, რაც მოსახლეობის მსყიდველობითუნარიანობაზე მძიმედ აისახა. კომუნალური გადასახადები, საშუალოდ, 25%-ს შეადგენს მოსახლეობის მთლიან შემოსავალში, რაც განსაკუთრებით მძიმედ აწვება დაბალშემოსავლიან ოჯახებს.

საქართველოს ეკონომიკა მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია გარე ინვესტიციებსა და ტურიზმზე. 2023 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა, ხოლო ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი მშპ-ის 19%-ს შეადგენდა. თუმცა, ეს სფეროები ვერ უზრუნველყოფენ ეკონომიკურ სტაბილურობას – ტურიზმის სეზონური ხასიათი და გარე ინვესტიციების არათანაბარი განაწილება ზრდის სარგებელს მხოლოდ მცირე ჯგუფებისთვის.

საქართველოს ეკონომიკური ზრდა ხშირად მხოლოდ ციფრებში აისახება და მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობაზე მცირე გავლენას ახდენს. მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის ეკონომიკურ პოლიტიკაში მეტი აქცენტი გაკეთდეს შემოსავლების თანაბარ განაწილებასა და სიღარიბის შემცირებაზე, რათა ეკონომიკური პროგრესი რეალურ ცვლილებებად იქცეს თითოეული მოქალაქისთვის.

პრობლემის გადასაჭრელად აუცილებელია შემდეგი ნაბიჯები: 

  1. სოციალური პოლიტიკის გაძლიერება – სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობისთვის დახმარებებისა და პენსიების გაზრდა, რაც ხელს შეუწყობს მათი ცხოვრების დონის გაუმჯობესებას;
  2. დასაქმების ხელშეწყობა – რეგიონებში სამუშაო ადგილების შექმნა და მცირე ბიზნესების მხარდაჭერა, რაც უმუშევრობის შემცირებას უზრუნველყოფს;
  3. პროდუქტებზე ფასების კონტროლი – ბაზრის რეგულირება, რათა ძირითადი პროდუქტები ხელმისაწვდომი იყოს მოსახლეობის უმეტესობისთვის;
  4. განათლება და კვალიფიკაციის ამაღლება – მოსახლეობას უნდა მიეცეს თანამედროვე ცოდნისა და უნარების მიღების შესაძლებლობა, რაც მათ დასაქმების შანსებს გაზრდის;
  5. ეკონომიკური დივერსიფიკაცია – ინვესტირება ადგილობრივ წარმოებასა და ინოვაციურ პროექტებში, რათა ეკონომიკა არ იყოს მხოლოდ ტურიზმსა და იმპორტზე დამოკიდებული;
  6. მართლმსაჯულებისა და მმართველობის გაუმჯობესება – კორუფციის შემცირება და სამართლიანი გარემოს შექმნა ბიზნესისა და მოქალაქეებისთვის.

დასკვნა:

საქართველოს ეკონომიკა, სწრაფი ზრდის მიუხედავად, ჯერ კიდევ საჭიროებს სოციალურ და რეგიონულ თანასწორობას. ეკონომიკური პოლიტიკა უნდა მოერგოს მოსახლეობის რეალურ საჭიროებებს და უზრუნველყოს სიღარიბის შემცირება, დასაქმების ხელშეწყობა და სოციალური დაცვის გაძლიერება. მხოლოდ ასე შეიძლება ეკონომიკური პროგრესი თითოეული მოქალაქის ყოველდღიურ ცხოვრებაში აისახოს.

ზურა ღამბაშიძე
კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლა