2025 წლის პირველი ივნისიდან ავტოსადგურების სერტიფიცირება სავალდებულო გახდება. ეს ვალდებულება საქართველოს მთავრობის 2024 წლის 21 მაისის #169-ე დადგენილებაშია გაწერილი.
„ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მგზავრის გადაყვანისა და ბარგის გადაზიდვის წესის“ შესახებ დადგენილებაში ვკითხულობთ, რომ ავტოსადგურებს კატეგორიები (I, II, III) მიენიჭებათ. სერტიფიცირების ფასი ავტოსადგურის კატეგორიის მიხედვით 1000 ლარიდან 10 000 ლარის ფარგლებშია და ის ხუთი წლის ვადით გაიცემა.
მესამე კატეგორიის სერტიფიკატის მისაღებად (სერტიფიცირების ღირებულება 1000 ლარი) მუშაობა უკვე დაიწყო ხარაგაულის ს/ს „ავტოტრანსის“ დირექტორმა დავით ხარაძემ. ის ამბობს, საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად „ავტოტრანსის“ აქციონერებს უნდა შეხვდეს.
მესამე კლასის ავტოსადგურს უნდა გააჩნდეს:
„ხარაგაულის ავტოსადგურის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება საკმაოდ დიდ ხარჯებს მოითხოვს, – ამბობს დავით ხარაძე, – კომერციული თვალსაზრისით რამდენად მომგებიანი იქნება, ესაა მნიშვნელოვანი. რა ხარჯებსაც გავწევთ, შესაძლოა, იმ ოდენობის შემოსავალი წლების განმავლობაში ვერ მივიღოთ. ავტოსადგურები დიდ ქალაქებში მომგებიანია, ხარაგაულის მსგავს მუნიციპალიტეტებში – არა.
ხარაგაულის ავტოსადგურში საკმარისი ფართია საპირფარეშოს, მძღოლის ოთახისა და მგზავრების მოსაცდელის მოსაწყობად. უახლოეს ხანში კარ-ფანჯრების შეცვლას ვაპირებთ. სერტიფიკატს მივიღებთ თუ არა, ავტოსადგურში ინფრასტრუქტურა მაინც უნდა მოვაწესრიგოთ.
ახალი რეგულაციის თანახმად, სავალდებულო იქნება მიკროავტობუსის დაზღვევა, რაც წელიწადში სავარაუდოდ, 9 ათას ლარამდე ჯდება. ასეთი ხარჯების გაწევის შემდეგ, შესაძლოა, მგზავრობა გაძვირდეს.
მგზავრობის ღირებულების გადახდა ტრანსპორტში ელექტრონულად მოხდება ისე, როგორც ეს დედაქალაქშია. ავტოსადგური მძღოლებს მომსახურებისთვის მხოლოდ მგზავრობის ღირებულების 10%-ს გადაახდევინებს. ჯერჯერობით, სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოდან ასე ვართ ინფორმირებულები.
სერტიფიცირებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურული ცვლილებების პროექტი მერიაში უნდა წარვადგინოთ. ეს დოკუმენტაცია შესაბამის ექსპერტიზას გაივლის. ამ პროცესის დაძლევის შემდეგ სერტიფიკატის მისაღებად სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს უნდა მივმართოთ. აქტიურ მუშაობას ხარაგაულის ავტოსადგურის სერტიფიცირებისთვის პირველი მარტიდან ვგეგმავთ“.
2025 წლის 1 ივნისიდან სავალდებულოა, რომ საქალაქთაშორისო ტრანსპორტი აუცილებლად ავტოსადგურიდან გავიდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში მძღოლი დაჯარიმდება. ამ ტრანსპორტის მფლობელებისთვის ასევე სავალდებულოა სამგზავრო გადაყვანისთვის საჭირო სერტიფიკატი.
გარდა ამისა, პირველი ივნისიდან 150 კმ-ზე მეტით დაშორებულ პუნქტებს შორის მგზავრების გადაყვანა მხოლოდ ავტობუსებით უნდა განხორციელდეს.
ხარაგაულის ავტოსადგურიდან ამჟამად მიკროავტობუსები თბილისის, ზესტაფონის, ქუთაისისა და ტყიბულის მიმართულებით გადაადგილდება.
„ხარაგაულიდან თბილისში მგზავრთა გადასაყვანად აუცილებლად ავტობუსმა უნდა იმოძრაოს, – ამბობს დავით ხარაძე, – ავტობუსი მინიმუმ „ევრო 4“-ის სტანდარტის უნდა იყოს, მისი ასაკი კი 20 წელს არ უნდა აღემატებოდეს. დანარჩენ ქალაქებში ისევ მიკროავტობუსები იმოძრავებენ. რამდენად შეძლებენ, ან რამდენად მომგებიანი იქნება მძღოლებისთვის ავტოპარკის განახლება, ვერ გეტყვით“.
ხარაგაულიდან თბილისში მიკროავტობუსები დაბა ხარაგაულიდან, კიცხიდან და ლეღვნიდან დადიან. „ჩემი ხარაგაულის“ შეკითხვაზე, შეიძენენ თუ არა ავტობუსს და გააგრძელებენ თუ არა მგზავრთა გადაყვანას თბილისის მიმართულებით, ამ მიკროავტობუსების მძღოლებმა კონკრეტული პასუხისგან თავი შეიკავეს.
ხარაგაული-ქუთაისის მიკროავტობუსის მძღოლი შალვა კაციტაძე ამბობს, რომ ახალ რეგულაციებში დაუძლეველი არაფერია და ის მგზავრების მომსახურებას აუცილებლად გააგრძელებს.
ხარაგაული-ტყიბულის მიკროავტობუსის მძღოლი გოჩა შავიძე მგზავრთა გადაყვანის რეგულაციებში დაგეგმილი სიახლეების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.
ხარაგაული-კიცხი-ზესტაფონის მიკროავტობუსის მძღოლი ბექა ლევიძე ამბობს, რომ ის უკვე წლებია მგზავრებს კომფორტული მიკროავტობუსით ემსახურება და სერტიფიცირების გავლა არ გაუჭირდება.
„მე უფრო ის მაფიქრებს, რამდენად ექნება ხარაგაულის ავტოსადგურს ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებელი თანხა, – ამბობს ბექა ლევიძე, – ამ ავტოსადგურის შემოსავალი მცირეა. ყოველდღიურად ჩვენ ორ ლარს ვიხდით. გადასახადი თუ მოიმატებს, მგზავრობის თანხის გაზრდა მოგვიწევს. რამდენად შეძლებენ გაზრდილი საფასურის გადახდას ხარაგაულელები, საკითხავი აი, ეს არის“.
მგზავრის გადაყვანისა და ბარგის გადაზიდვის წესში ცვლილების მიზანი მგზავრთა უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილებაა.
საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე დავით მესხიშვილი ამბობს: „მგზავრების გადაყვანა დღეს საქართველოში არის მოშლილი და სახიფათოა. მისივე თქმით, პრობლემაა უკანონო ავტოსადგურები, მძღოლების კვალიფიკაცია, ავტოტრანსპორტის გაუმართაობა და ტექინსპექტირება. ამ კუთხით რეფორმის გატარება, რეგულაციების ამოქმედება აუცილებელია“.
დავით მესხიშვილის ინფორმაციით, საქართველოში რეგისტრირებულია 55 210 მიკროავტობუსი და ავტობუსი. აქედან, ინსპექტირებაზე არც ერთხელ არ გამოცხადებულა 36 560, რეგისტრირებული ავტოტრანსპორტის 68.2%.
რამდენად დაძლევს ხარაგაულის ავტოსადგური სერტიფიცირების მოთხოვნებს და ხომ არ გაძვირდება მგზავრობა, უფრო ცხადი პირველი მარტისთვის იქნება.
ნინო კაპანაძე
მეცხოველეობის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტი ცხოველთა კვებაა; უფრო მეტიც,
საქართველოს უნივერსიტეტის ინოვაციების ცენტრის – UG Startup Factory-ს მიერ
საქართველოს ეკონომიკა ოფიციალურად ზრდის ტენდენციას ინარჩუნებს. თუმცა,
2025 წლის პირველი ივნისიდან ავტოსადგურების სერტიფიცირება სავალდებულო გახდება. ეს ვალდებულება საქართველოს მთავრობის 2024 წლის 21 მაისის #169-ე დადგენილებაშია გაწერილი. „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მგზავრის გადაყვანისა და ბარგის […]
ამ ინფორმაციას ხარაგაულის ეთერ კიკნაძის სახელობის სკოლამდელ