ხარაგაულის მუნიციპალიტეტს, შესაძლოა, გარკვეული ფართობის ტყე გადაეცეს. საამისო საკანონმდებლო ბაზა უკვე არსებობს. თუმცა, ჯერჯერობით, საქართველოში მუნიციპალიტეტისთვის ტყის გადაცემის პრეცენდენტი ჯერ არ არსებობს. განსასაზღვრია, რა ოდენობის ტყე უნდა გადაეცეთ მუნიციპალიტეტებს, როდის, რა ფორმით და როგორ, – პირდაპირ საკუთრებაში თუ ჯერ მართვის უფლებით და შემდეგ საკუთრებაში.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის 70 პროცენტი ტყეს უჭირავს. ადგილობრივი მოსახლეობის საქმიანობა და ყოფა-ცხოვრება მჭიდროდაა დაკავშირებული ტყის რესურსებით სარგებლობაზე. ასეთ პირობებში სოფლის მაცხოვრებლებისათვის, წლებია, დაუძლეველ პრობლემად რჩება პირადი მოხმარების მიზნით სამასალე ხე-ტყის მოპოვება.

სწორედ ამ ფაქტორის გათვალისწინებით გამართა ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ ხარაგაულში შეხვედრა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სატყეო პოლიტიკის სამსახურის, ეროვნული სატყეო სააგენტოს დეპარტამენტის ხელმძღვანელების, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის წარმომადგენლების, სოფლების რწმუნებულებისა და მოსახლეობის მონაწილეობით.

სატყეო პოლიტიკის სამსახურის უფროსმა კარლო ამირგულაშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ რამდენიმე მუნიციპალიტეტმა, მათ შორის, ხარაგაულმა ტყეების გადაცემის  პროცესის დაწყების სურვილი გამოთქვა. გარკვეული პროექტებიც არის შემუშავებული.

ხარაგაულში, სხვა მუნიციპალიტეტებთან შედარებით, ამ პროცესის დაწყება გაადვილებულია, რადგან უკვე ჩატარებულია ტყეების ინვენტარიზაცია და მომზადებულია მართვის გეგმა, რომელიც უახლოეს დღეებში დამტკიცდება.

გვაქვს ინფორმაცია, ტყის რა რესურსია ხარაგაულის მუნიციპალიტეტში და როგორ უნდა მოხდეს მართვა მომდევნო ათი წლის განმავლობაში.

კანონპროექტში, რომელიც მზადდება და მომავალ წელს შევა პარლამენტში, გაწერილი იქნება დათქმა, რომ სატყეო მეურნეობებმა თვითონ მოახდინონ რესურსის მართვა, დამზადება და ადგილობრივ მოსახლეობას მიენიჭოს პრიორიტეტი. ადგილობრივი მოსახლეობა უნდა გადამზადდეს და დასაქმდეს ამ საქმიანობაში.

დღეისათვის გადასაწყვეტია, მუნიციპალიტეტებს მხოლოდ ყოფილი საკოლმეურნეო ტყეები გადაეცემათ თუ დამატებით გარკვეული მომიჯნავე ფართობებიც.

ყოფილი საკოლმეურნეო ტყეების მართვაში გადაცემისას მუნიციპალიტეტებს სერიოზული თანხების გამოყოფა დასჭირდებათ დეგრადირებული ტყეების განახლებისა და აღდგენისათვის.

ეს იმას ნიშნავს, რომ მუნიციპალიტეტი არ უნდა ელოდოს ამ ტყიდან სარგებელს 5-10 წლის განმავლობაში. მუნიციპალიტეტმა გრძელვადიანად უნდა იფიქროს, გაწეროს გარკვეული გეგმა და 5-10 წლის განმავლობაში მოახდინოს ამ ტყეების ბუნებრივი და ხელოვნური განახლება.

არსებობს მოსაზრება, რომ ტყე მუნიციპალიტეტებს გადაეცეთ 15-წლიანი ვადით იმისათვის, რომ როგორც სახელმწიფო, ისე დონორი ორგანიზაციები დაეხმარონ მუნიციპალიტეტებს, რადგან მუნიციპალიტეტების არსებული ბიუჯეტები ვერ გაწვდება ტყის მოვლა-პატრონობას. რეგიონებში აღარ გვყავს სატყეო მეურნეობის მცოდნე საკმარისი ოდენობით კვალიფიციური კადრები. ამიტომ სპეციალისტების გადამზადებაა აუცილებელი.

მუნიციპალიტეტებისთვის ტყეების მართვის უფლებით გადაცემის 15-წლიანი პერიოდის შემდეგ, – რაც უკვე გავივლით ტყეების ინვენტარიზაციის 10-წლიან სარევიზიო პერიოდს და მუნიციპალიტეტები აჩვენებენ, რომ იციან, როგორ უნდა მართონ, მიიღება გადაწყვეტილება, გადაეცეს თუ არა საკუთრებაში მუნიციპალიტეტს ტყე. თუ მუნიციპალიტეტმა ტყე გონივრულად მართა 15 წელი, მაშინ შეიძლება, რომ გადაეცეს საკუთრებაში.“

„ხარაგაულის სატყეო უბანი 47 ათას ჰექტარს მოიცავს, – აღნიშნა შეხვედრაზე ეროვნული სატყეო სააგენტოს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მერაბ მაჭავარიანმა,  – აქედან 25 ათასი ჰექტარი შქერითაა დაფარული. ეს იმის ინდიკატორია, რომ თავის დროზე ეს ტყეები გაიჩეხა და პრაქტიკულად, განათდა. გაჩეხილი ტყეების ადგილი შქერმა დაიკავა.

მართალია, ამ შქერს აქვს თავისი კომერციული პოტენციალი იმ მხრივ, რომ მაღალი თბოუნარიანია და შეიძლება მისი გამოყენება სათბობად, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ჩვენი მიზანია, რომ იმ ადგილზე ისევ ტყე აღდგეს.

ვინაიდან ხარაგაულის ადგილობრივი თვითმმართველობა და ასევე მოსახლეობა მოტივირებულია, რომ ხარაგაულში შეიქმნას სათემო-სატყეო მეურნეობა, ამიტომ პირველ რიგში ადგილზე უნდა შევქმნათ სამუშაო ჯგუფი, რომელიც გარემოს დაცვის შესაბამის სამსახურთან და ჩვენთან, სატყეო პოლიტიკის დეპარტამენტთან, თავიდან ბოლომდე გაიაზრებს ამ პროცესს, – როგორ უნდა დაიწყოს, რა უნდა გაკეთდეს, რა ინვესტიციებია საჭირო. უნდა მოვიზიდოთ დონორები, რომ შედგეს ამ პროცესის საკმაოდ დეტალურად გაწერილი სამოქმედო გეგმა, ყველას ფუნქციებითა და როლით ამ გეგმაში. ამის შემდეგ შესაძლებელი იქნება, რომ მუნიციპალიტეტმა მიმართოს მთავრობას, რომ დადგენილი წესით მოხდეს ტყეების გადმოცემა. ეს არის ნორმალური პროცესი და ჩვენ ამას ყოველმხრივ ხელს შევუწყობთ. მთავარია, რომ ტყე იყოს კარგად მართული, შენარჩუნებული და ამ ტყეების ხარისხობრივი და რაოდენობრივი მდგომარეობა გაუმჯობესებული.“

შეხვედრაზე შეკრებილმა მოსახლეობამ სატყეო პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელებს ნათლად წარმოუდგინეს ის მდგომარეობა და პრობლემები, რაც შეექმნათ სოფლად მცხოვრებ ოჯახებსა და ავეჯის წარმოებაში ჩართულ მეწარმეებს სამასალე ხე-ტყის მოპოვების შეზღუდვის გამო.

სწორედ სამასალე ხე-ტყის მოპოვებასთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრის ერთ-ერთ გზად მიაჩნია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ინგა მაღრაძეს თვითმმართველობებისთვის ტყის მართვის უფლებით გადმოცემა.

„ამ შეხვედრის შემდეგ თვითმმართველობაზეა დამოკიდებული, რამდენად სწრაფად და ეფექტურად ვიმუშავებთ ცენტრალურ ხელისუფლებასთან, რომ მუნიციპალიტეტებს სათემო ტყეები გადმოეცეს,“ – ამბობს საკრებულოს თავმჯდომარე.

ლაურა გოგოლაძე

satyeo1