დღეს, 9 იანვარს, 40 დღე გავიდა ღვაწლმოსილი პედაგოგის, ღირსეული პიროვნების, ნუნუ ასათიანის გარდაცვალებიდან.

92 წლის ასაკში გარდაიცვალა ქალბატონი ნუნუ ასათიანი. ის 45 წლის განმავლობაში ა/კ რკინიგზის ხარაგაულის #10 საშუალო სკოლაში (ახლანდელი ხარაგაულის #3 საჯარო სკოლა) პიონერხელმძღვანელად, გეოგრაფიის, მუსიკისა და გახანგრძლივებული ჯგუფის მასწავლებლად მუშაობდა. პიონერხელმძღვანელად მუშაობის პარალელურად დაამთავრა ქუთაისის ალ. წულუკიძის სახელობის პედინსტიტუტის გეოგრაფიის ფაკულტეტი.

ქალბატონი ნუნუს ორგანიზებით სკოლისგარეშე ღონისძიებები მაღალ დონეზე მზადდებოდა და ყოველთვის საზოგადოების მოწონებას იმსახურებდა. სკოლაში ჩამოაყალიბა სიმღერის გუნდი, რომელმაც, ჯერ რესპუბლიკის, ხოლო შემდეგ – ამიერკავკასიის მასშტაბით გამართულ კონკურსებში პირველი ადგილი დაიკავა.

ნაყოფიერი პედაგოგიური საქმიანობისთვის ნუნუ ასათიანი დაჯილდოებული იყო დამსახურებული მასწავლებლის წოდებითა და ღირსების ორდენით.

ქალბატონი ნუნუ ამბობდა, რომ ყველაზე მეტად საზოგადოებრივ საქმიანობაში ხელს მეუღლე, რეზო დეკანოსიძე უწყობდა, ყველა წამოწყებაში გვერდით ედგა და მხარს უჭერდა. ყველაზე ძვირფასი ჯილდო კი მისთვის შვილების – ნიკოსა და ეთერის ოჯახები იყო.

„ნუნუ მასწავლებელი ყველა სასკოლო ღონისძიების მომზადებაში აქტიურად იყო ჩართული, – იხსენებს მისი მოსწავლე დალი ლურსმანაშვილი, – ცდილობდა, რაიონის მასშტაბით კულტურის სახლში გამართულ კონფერენციებზე ჩვენი სკოლა საუკეთესოდ და ღირსეულად წარმოჩენილიყო. ამისთვის თითოეულ მოსწავლესთან ბევრს მუშაობდა. კეთილსინდისიერი და წესრიგის მოყვარული ქალბატონი გახლდათ, ყოველთვის ხარისხზე ორიენტირებული. ამიტომ მისგან ორგანიზებული შეხვედრები თუ ღონისძიებები აკადემიურობით გამოირჩეოდა.

ნუნუ მასწავლებელი ძალიან თბილი და მეგობრული იყო. შეიძლება ითქვას, რომ მე და ჩემს თანაკლასელებს მისი სახით უფროსი მეგობარი გვყავდა. შეგვეძლო მასთან ისეთ თემებზე გვესაუბრა, რასაც სხვა მასწავლებლებთან ვერ ვიტყოდით. ყოველთვის დიდი სიყვარულითა და პატივისცემით მოვიგონებ ნუნუ ასათიანს, – ღირსეულ ქალბატონს. ღმერთმა აცხონოს მისი კეთილი სული“.

„ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ
დღემდე ყოფილი მოსწავლეების სიყვარული მაძლიერებს – ამბობს 90 წლის ნუნუ ასათიანი