სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ხარაგაულის საბავშვო ბაღები შეამოწმა და სანიტარული დარღვევები აღმოაჩინა. კერძოდ, ხარაგაულის #1 საბავშვო ბაღში მოსაწესრიგებელია სამზარეულო, ჭურჭლის სამრეცხაო და სველი წერტილები; ხარაგაულის #2 საბავშვო ბაღში – სამზარეულო და დამხმარე სათავსოები, მოლითის ბაღში – სამზარეულო და სველი წერტილები. დარღვევების აღმოსაფხვრელად 63 ათასი ლარია საჭირო.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში თავისუფალი თანხა არ არის. ამიტომ საბავშვო ბაღებისთვის 63 ათასი ლარის გამოსაყოფად, გამგეობის საფინანსო სამსახურმა შეამცირა გზების მშენებლობის ხარჯი 40 ათასი, სოფლის მეურნეობის – 3 ათასი, სტიქიით დაზარალებული ოჯახების დახმარება – 20 ათასი ლარით.

საბავშვო ბაღებში აღმოჩენილი დარღვევები შარშანაც იყო ცნობილი, თუმცა მათი მოგვარება 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცებისას არ დაიგეგმა.

საბავშვო ბაღებში სწავლის დროულად დასაწყებად დარღვევები სწრაფად უნდა აღმოიფხვრას. ეს კი სამშენებლო ორგანიზაციის ტენდერით გამოვლენისა და თანხების დაზოგვის შესაძლებლობას ზღუდავს.

საკრებულომ მუნიციპალიტეტის გამგებელს 3 აგვისტოს მისცა თანხმობა, რომ მშენებელი ორგანიზაცია უტენდეროდ შეარჩიოს.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სანიტარული დარღვევების გამოსასწორებელ ვადად 2015 წლის 10 ოქტომბერი დააწესა.

ხარაგაულის საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორი ირმა სებისკვერაძე ამბობს, რომ გამოვლენილი პრობლემები სწავლის დაწყებამდე, 14 სექტემბრისთვის, აღმოიფხვრება.

ლაურა გოგოლაძე