თბილისის სააპელაციო სასამართლო საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციციის (საიას) საჩივარს საოლქო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმების/არჩევნების შედეგების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავს.

ამ ინფორმაციას, სოციალური ქსელით, საია ავრცელებს.

საიას გასაჩივრებული ჰქონდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ცესკოს წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი.

„მიგვაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მხარეებისთვის უნდა მიეცა მოსაზრებების სხდომაზე წარმოდგენის შესაძლებლობა, ხოლო მეორე მხრივ, საზოგადოებას უნდა ჰქონოდა პროცესზე დაკვირვების შესაძლებლობა საქმის მნიშვნელობის გათვალისწინებით.

გარდა იმისა, რომ საქმე მოთხოვნების და მოპასუხის გათვალისწინებით, პრაქტიკულად წარმოადგენდა ახალ საქმეს, საიას ჰქონდა რამდენიმე დამატებითი შუამდგომლობაც, რომელიც პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულიად დაუსაბუთებლად არ დააკმაყოფილა და ამჯერად, ეს შუამდგომლობები სწორედ სააპელაციო სასამართლოს მიემართებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო სასამართლოს შეუძლია სხდომის ზეპირი მოსმენის გარეშე ჩატარება, ეს გადაწყვეტილება საგანგაშოა. საქმეზე, რომელზეც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესია და ამომრჩევლის 90%-ის საარჩვევნო უფლებას შეეხება, სასამართლომ გადაწყვიტა დისკომფორტი არ შეიქმნას და გადაწყვეტილება მხარეების და საზოგადოების დასწრების გარეშე მიიღოს“, – ნათქვამია საიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.