მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ხარაგაულში მასწავლებელთა საგნობრივი კონფერენცია გაიმართა.

„კონფერენციის მიზანი პედაგოგებისგან ერმანეთისთვის გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებაა, – ამბობს ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი მარინა ვეფხვაძე, – მესამე წელია, საგნობრივ კონფერენციას ვატარებთ და მონაწილეები კმაყოფილები არიან. მთავარია, რომ მასწავლებლების ინოვაციური მიდგომები მოსწავლეთა შედეგებზე აისახოს“.

კონფერენციაზე 27-მა მასწავლებელმა წარადგინა სწავლების ის მეთოდები, რასაც ისინი მოსწავლეებთან იყენებენ. მასწავლებლები აღნიშნავენ, რომ კონფერენციამ ნაყოფიერად ჩაიარა.

ირმა გერლიანი, ზვარეს საჯარო სკოლა: ურთიერთთანაშრომლობას ალტერნატივა არ აქვს. გამოცდილების გაზიარება ძალიან მნიშვნელოვანია. აუცილებლად გავითვალისწინებ და გამოვიყენებ გაკვეთილზე იმ მეთოდებს, რაც ჩემი კოლეგებისგან მოვისმინე.

ფატი ბოჟაძე, ზვარეს საჯარო სკოლა: – ასეთი კონფერენციები წელიწადში ორჯერ უნდა ჩატარდეს. კმაყოფილი ვარ, რადგან ფორმალური და არაფორმალური სწავლების საუკეთესო პრაქტიკული მაგალითები მოვისმინეთ.

ჯილდა მახაროპულო, წიფის საჯაროსკოლა: – ეს არ იყო ღონისძიება ღონისძიებისთვის. საინტერესო პრეზენტაციებს გავეცანით. 21-ე საუკუნის მასწავლებელი მუდმივად სიახლეებს უნდა ეძიებდეს და კონფერენციაზე ამის კარგი მაგალითები ვნახეთ.

ლენა გაჩეჩილაძე, წიფის საჯარო სკოლა: – დიდი მადლობა ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრს კონფერენციის ორგანიზებისთვის. ჩემმა კოლეგამ, მუსიკის პედაგოგმა ლელა ბარბაქაძემ, ძალიან საინტერესო პრეზენტაცია წარმოადგინა. მისგან გაზიარებულ მეთოდებს გაკვეთილზე აუცილებლად დავნერგავ.

„ასწავლი და თან სწავლობ – ეს მნიშვნელოვანია მასწავლებლის პროფესიული ზრდისთვის – ამბობს ლაური ღონღაძე, – ვახანის საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი, – კოლეგების გაცნობისა და მათთან შემდგომი თანამშრომლობისთვის ეს კონფერენცია კარგი შესაძლებლობაა.

პრეზენტაცია წარვადგინე თემაზე – რა? სად? როდის? ამ ინტელექტუალური თამაშის დანერგვა სკოლაში მას შემდეგ გადავწყვიტე, რაც მოსწავლეებს შევატყვე, რომ მათ გუნდური მუშაობა უჭირდათ. თანამშრომლობითი უნარების განვითარებაში ეს პროექტი ძალიან დაგვეხმარა. პროექტის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში რომ ვაქვეყნებდი, სხვა მუნიციპალიტეტეტის სკოლებიდან მეხმიანებოდნენ.

მოსწავლეებმა გუნდური და ჯგუფური მუშაობა ისწავლეს და ეს მათ აკადემიურუშედეგზე აისახა. გაეზარდათ მოტივაცია. ამ პროექტის წარმატებაა ის, რომ ჩვენი სკოლის მოსწავლე დავით მაღრაძე 2023 წელს საქართველოს „ეტალონი მოსწავლე“ გახდა.

რაგული კალანდაძე, ბორითისა და ხუნევის სკოლების სამოქალაქო განათლების მასწავლებელი: -21-ე საუკუნეში, თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში, უსწრაფესად იცვლება მოვლენები და იცვლება განათლების მიმართ მიდგომებიც.

ახალგაზრდების განათლება დამოკიდებულია არა ცოდნის დამახსოვრებაზე, არამედ ამ ცოდნის გამოყენების უნარებზე. მასწავლებლის უპირველესი ამოცანაა, მოსწავლეებს ეს უნარები განუვითაროს. კონფერენცია გვეხმარება გავიზიაროთ ის ახალი მიდგომები, რომლებიც ხელს უწყობს თანამედროვე ახალგაზრდის აქტიურ და კრიტიკულად მოაზროვნე მოქალაქედ ჩამოყალიბებას“.

მასწავლებელთა კონფერენცია ხარაგაულის #2 საჯარო სკოლაში გაიმართა. კონფერენციის მხარდამჭერი განათლების პროფკავშირის რაიონული ორგანიზაცია და მუნიციპალიტეტის თვითმმართველობაა.

კონფერენციის დაწყებამდე პედაგოგებს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი კობა ლურსმანაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით კიკნაძე მიესალმენ. მათ მასწავლებლებს პროფესიული დღე მიულოცეს და წარმატებები უსურვეს მომავალი თაობის აღზრდის საქმეში.

ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის მოსწავლეები (პედაგოგი რუსუდან თაბაგარი) პედაგოგების წინაშე მხატვრული ნომრებით წარსდგნენ.