„მეოცე საუკუნის 90-იან წლებში, როცა ქვეყანაში საყოველთაო შიმშილობა იყო, ხარაგაულის მოსახლეობის დიდი ნაწილი დასავლეთისა და ევროპის ქვეყნების მხარდაჭერამ გადაარჩინა“, – ამბობს მანანა ტაბაშიძე. მას არასამთავრობო სექტორში მუშაობის ოცდაათწლიანი გამოცდილება აქვს.
მანანა ტაბაშიძე ხარაგაულში 1993-1999 წლებში მრავალშვილიან დედათა ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა; 1999-2001 წლებში – მოლითის სათემო ორგანიზაციას; 1999-2009 წლებში – სათნოების სახლს; 2009 წელს მან ა/ო „წიფლარი“ დააფუძნა; 2001-2016 წლებში ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ბუნებრივი რესურების მართვის უფროსი სპეციალისტი გახლდათ; 2019 წლიდან დღემდე მანანა ტაბაშიძე ზრდასრულთა განათლების ცენტრის მენეჯერია.
1993 წელს ხარაგაულში გაეროს ოფისის წარმომადგენელთან შეხვედრისას შეიტყო მანანა ტაბაშიძემ, რომ ამ ორგანიზაციას ორმოცამდე მრავალშვილიანი ოჯახის პროდუქტებით დახმარება შეეძლო. ამ საქმეს სათავეში ჩაუდგა და სამი თვის შემდეგ ქუთაისში დონორს ანგარიში რომ წარუდგინა, კიდევ რისი გაკეთება შეგვიძლია ერთობლივადო, იკითხა.
ქალბატონი მანანას მონდომება რომ დაინახეს, გაეროს ოფისმა მაშინ ფარცხნალისა და მოლითის თემის სოფლებში გზების ნაპირსამაგრი სამუშაოები და წყლის სისტემის მოწყობა დააფინანსა. ადგილობრივებმა სამუშაოების შესრულებისთვის საკვები პროდუქტები (ფქვილი, ზეთი, შაქარი, ლობიო) მიიღეს. ეს პროდუქტები მაშინ ფიზიკურად არ იშოვებოდა. ხალხს არც ფულადი შემოსავალი ჰქონდა.
გაეროს ფონდმა მალე ხარაგაულში უპოვართა სასადილოს დაფინანსება დაიწყო. წლების განმავლობაში ასზე მეტი ადამიანი – მრავალშვილიანი, შეჭირვებული ოჯახები, შშმ პირები – ამ სასადილოში გამზადებული სადილით ირჩენდნენ თავს. ათი წელი სასადილოსთვის საკვები პროდუქტების შეძენას სწორედ გაეროს ფონდი აფინანსებდა.
გარდა ამისა, გაეროს ფონდმა ხარაგაულის 8 სოფელში საექიმო ამბულატორიის შენობები შეაკეთა და იქ წყალმომარაგების სისტემები დაამონტაჟა. ეს იმ დროს, 90-იან წლებში, დიდი მიღწევა იყო.
მანანა ტაბაშიძე ამბობს, რომ ყოველთვის სურდა, ხარაგაულელებს ადგილზე სხვადასხვა პროფესიების დაუფლების შესაძლებლობა ჰქონოდათ. 2019 წელს მისი აქტიურობით ხარაგაულში გერმანიის მთავრობამ ზრდასრულთა განათლების ცენტრი შექმნა. დღეს აქ 12 პროფესიის დაუფლებაა შესაძლებელი.
„უცხოელ დონორებთან ურთიერთობა ყოველთვის საინტერესო და სასარგებლოა. ისინი გვენდობოდნენ და არასდროს მოუთხოვიათ უბრალო ტრაფარეტის გაკეთებაც კი, რომ ის კონკრეტული პროექტი მათი დაფინანსებით განხორციელდა, – ამბობს მანანა ტაბაშიძე, – დღეს მიკვირს, როცა ამბობენ, რომ უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარად უნდა დარეგისტრირდეს ჩემი არასამთავრობო ორგანიზაცია.
უცხო ქვეყნის ინტერესები როგორ გავატარე, – როცა გვშიოდა, ხელი უცხოელებმა – ამერიკელებმა და ევროპელებმა გაგვიმართეს. ახლა, ზრდასრულთა განათლების ცენტრში, გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით, ადამიანები სასურველ პროფესიებს ეუფლებიან. სად ჩანს აქ უცხოური გავლენა და უცხო ქვეყნის ინტერესები“?!
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი