„ბედნიერი ვიქნები, ცხოვრების პირობები, რაც გერმანიაშია, მალე საქართველოშიც ასეთივე იყოს, – ამბობს გერმანიის ქალაქ კემნიცში მცხოვრები ნესტან ტალახაძე, – მინდა, ყველა ემიგრანტს საქართველოში დაბრუნება მოუნდეს. შემიპყრობს ხოლმე ნოსტალგია, ქუჩაში ქართულად საუბარი მინდა მესმოდეს, ჩემი ქვეყნის ბუნებას ვხედავდე. თუმცა, ჯერჯერობით დაბრუნებას არ ვაპირებთ“.

მეშვიდე წელია, რაც ნესტანი მეუღლესთან, მიხეილ ბანცაძესთან და შვილებთან ერთად გერმანიაში ცხოვრობს. ამბობს, რომ იქ ცხოვრებისა და მუშაობის უფლების მოსაპოვებლად ბევრი იშრომეს.

– ევროკავშირის წევრ ქვეყანაში ადამიანის სიცოცხლე და მისი უფლებები დაცულია, – ამბობს ნესტანი, – შეგიძლია თავისუფლად გამოხატო შენი განსხვავებული აზრი და ამის გამო არავინ დაგსჯის, არც სამსახურიდან გაგათავისუფლებს. მთავარია, შენ საქმეს კეთილსინდისიერად ასრულებდე.

ევროკავშირში კანონი ყველასთვის უზენაესია. ეს საკუთარ თავზე გამოვცადეთ. ამიტომ არაფრის მეშინია; ვიცი, სამართალს ვიპოვი.

გერმანიაში ადამიანის შრომა დაფასებულია. თავშესაფრის მაძიებლად ჩამოვედით და შეგვეძლო, ისევ სოციალური დახმარების მიმღებ ოჯახად დავრჩენილიყავით. თუმცა, ჩვენ მუშაობა ვარჩიეთ. ხუთი წელია, ჩემი მეუღლე ქალაქ ჩოპაუს საავადმყოფოში ექიმის თანაშემწედ მუშაობს.

მესამე შვილი აქ გაგვიჩნდა. ახლა ის საბავშვო ბაღში მივიყვანე და ენის კურსებზე დავდივარ, რომ შემდეგ ჩემი სპეციალობით, ლოგოპედად ვიმუშაო.

გერმანიაში ახალგაზრდების უმრავლესობა სკოლის დამთავრების შემდეგ პროფესიულ განათლებას იღებს, რომ რაც შეიძლება მალე სამსახური იშოვონ და დამოუკიდებელი ცხოვრება დაიწყონ. სამსახურის შოვნა პრობლემა არ არის, მთავარია, პროფესიის დამადასტურებელი საბუთი გქონდეს. ექვსთვიანი გამოსაცდელი ვადით დაგასაქმებენ და პროფესიულ ზრდაში მაქსიმალურად გეხმარებიან.

ევროკავშირში არის სტაბილურობა, სოციალური სამართლიანობა, მამაკაცისა და ქალის თანასწორუფლებიანობაზე ხელშეწყობა, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის გამართული სისტემები. ჩემი მეუღლე ხელფასიდან ყოველ თვეში ოჯახის ჯანმრთელობის დაზღვევისთვის 800 ევროს იხდის. ამის გამო სრული დაფინანსება გვაქვს ყველა სამედიცინო მომსახურებასა და მედიკამენტებზე.

საქართველოში განსაკუთრებით შვილების ავადმყოფობისას ვნერვიულობდი, რადგან სამედიცინო მომსახურება და წამლები ძვირია. გერმანიაში ექიმი ვერ გახდები, თუ სკოლა საუკეთესო ნიშნებით არ დაამთავრე. იმდენად მაღალი დონის პროფესიონალები არიან აქ ექიმები, რომ არაფრის მეშინია; ვიცი, არაფერი შეეშლებათ.

ახლა საქართველოში რომ საუბრობენ – „ქალი ქალია და კაცი კაციაო“, ევროკავშირში ოჯახურ ტრადიციებს განსაკუთრებულ პატივს სცემენ. ყოველ კვირა დღეს მშობლებს სტუმრობენ შვილები თავიანთი ოჯახებით, საუბრობენ, კერძებს ამზადებენ, მხიარულობენ.

განსხვავებული ადამიანების უფლებები კანონით დაცულია და მათ იციან, რომ ამ განსხვავებულობის გამო არავინ შეურაცხყოფს და ხელყოფს მის სიცოცხლეს. თანასწორუფლებიანობა და სიტყვის თავისუფლება ევროკავშირში ყველაზე მნიშვნელოვანია.

ძალა რატომ არის ევროკავშირში? იმიტომ, რომ ევროკავშირში ყველანაირი საჭიროების მქონე ადამიანზე მორგებული გარემო და პირობებია. აქ თავს გრძნობ დაცულად, ბედნიერად, ყიდულობ მაღალი ხარისხის საკვებ პროდუქტებს, არ გეშინია ავად გახდომის.

მინდა, საქართველო მალე გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა და ადამიანი არა „ვიღაცის შვილობით“ და პოლიტიკური შეხედულების გამო დაასაქმონ, არამედ მისი პროფესიონალიზმის მიხედვით.

ამიტომ 26 ოქტომბერს მე და ჩემი მეუღლე ბერლინში, საქართველოს საელჩოში მივდივართ, რომ არჩევნებში მონაწილეობა მივიღოთ. იმედიანი მოლოდინი მაქვს. საქართველოში ძალიან ჭკვიანი ახალგაზრდები გვყავს. მინდა ვნახო, როგორ დაიწყებენ ისინი ქვეყნის განვითარებისთვის შრომას, ერთმანეთის გვერდით დგომით.

ნინო კაპანაძე

ვიდეო სოციალურ ქსელში