„პროექტები, რომლებმაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლას ხელი შეუწყო, ევროკავშირისგან დაფინანსდა“, – ამბობს რუსუდან გურგენიძე, – ა/ო „ნაბიჯი ხარაგაულის“ ხელმძღვანელი.

ამ ორგანიზაციამ შშმ ბავშვების მშობლების გაძლიერებისთვის პირველი პროექტი 2018 წელს განახორციელა.

„არ დამავიწყდება მაშინდელი ერთ-ერთი თანამდებობის პირის ნათქვამი, პროექტის შემაჯამებელ შეხვედრაზე, – მადლობა, რომ ჩვენ ეს ბავშვები დაგვანახეო. ეს მნიშვნელოვანი იყო. იმ მშობლების პრობლემები, ვისაც შშმ ბავშვი ჰყავს სახლში, უფრო ნათლად და კარგად დაინახა ხელისუფლებამ, – შეიმუშავეს მძიმე დარღვევების მქონე შშმ პირთა ყოველთვიური დახმარების მუნიციპალური პროგრამა, რომელიც დღესაც მოქმედებს“.

ამის შემდეგ ორგანიზაციამ ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილებების მონიტორინგი განახორციელა ხარაგაულის, ზესტაფონის, საჩხერისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტებში.

„გამოჩნდა პრობლემები, რომელთა დასაძლევად ექსპერტთან ერთად რეკომენდაციები შევიმუშავეთ, – ამბობს რუსუდან გურგენიძე, – ეს რეკომენდაციები ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილებებმა იმერეთის მასშტაბით განაზოგადეს.

არასამთავრობო ორგანიზაციის საქმიანობა არ ნიშნავს მხოლოდ კრიტიკას. ჩვენ ვეძებთ გზას, როგორ გავაუმჯობესოთ მუნიციპალიტეტისა და ზოგადად, ქვეყნის მოსახლეობის ყოფა. ვცდილობთ, მოსახლეობასთან ვითანამშრომლოთ.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში პერსონალური ასისტენტისა და შინმოვლის სერვისის მომსახურების დანერგვა ევროკავშირის მხარდაჭერით შევძელით. 60-მდე ბენეფიციარს ყოველდღიურად პერსონალური ასისტენტი და ექთანი ემსახურებოდა. ამ პროექტის შედეგად მუნიციპალიტეტში გვყავს გადამზადებული სპეციალისტები, რომლებმაც  შემდგომში პროექტში საქმიანობა უნდა გააგრძელონ. ყველაზე მთავარი ალბათ მაინც ის არის, რომ 37 წლის შშმ  პირმა გვითხრა, – ცხოვრებაში პირველად თავი ადამიანად ვიგრძენიო.

ევროკავშირისგან მხარდაჭერილი კიდევ ერთი პროექტი განვახორციელეთ – შშმ ბავშვთა ინტერესების დაცვა ხარაგაულის, ზესტაფონის, საჩხერისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტებში. შშმ პირთა საჭიროებების კუთხით საკმაოდ რთული მდგომარეობაა და მათ გადასაჭრელად ადგილობრივ ხელისუფლებასთან  უნდა ვითანამშრომლოთ. სხვანაირად გამორიცხულია. მიუხედავად იმისა, რომ ხარაგაულის გარდა, სამივე მუნიციპალიტეტში არის დღის ცენტრები შშმ ბავშვებისთვის, ეს არ არის საკმარისი და კიდევ მეტია საჭირო.

ევროკავშირის მხარდაჭერით შშმ ბავშვების დედები თავიანთ შვილებთან ერთად გარეთ გამოვიყვანეთ და კერვა, მაკრამე, სამკაულების აწყობა შევასწავლეთ. შაბათ-კვირას, დედები რომ პროფესიას ეუფლებოდნენ, იმ დროს ბავშვებთან „მწვანე სახლის“ სპეციალისტები მუშაობდნენ. ბავშვები შაბათ-კვირის მოსვლას სიხარულით ელოდებოდნენ. ჩვენს პატარა საწარმოს ერთმა ბავშვმა „ღიმილის სახლი“ დაარქვა, მეორემ – „იმედის სახლი“.

ევროკავშირისგან მხარდაჭერილი პროექტებით გამოჩნდა, რომ მნიშვნელოვანია შშმ ბავშვებისთვის სოციალიზაცია და განმავითარებელი უნარების მიწოდება. პროექტის დასრულების შემდეგ ამ ბავშვების ფსიქოემოციური მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვალა.

დღეს უკვე ა/ო „ნაბიჯი ხარაგაული“ მზადაა იმისთვის, რომ მინი სოციალური საწარმო გავაკეთოთ, შშმ ბავშვების დედები დავასაქმოთ, ექვსმა ადამიანმა მაინც რომ შეძლოს თავისი  მდგომარეობის გაუმჯობესება და შემოსავლის მიღება, ძალიან კარგი იქნება.

ეკომომიკურ სარგებელს რომ თავი დავანებოთ ამ  ადამიანებისთვის სოციალური ურთიერთობები არის ყველაზე მნიშვნელოვანი და რომ არა ევროკავშირის დახმარება, ჩვენ ამას ვერ შევძლებდით.

ვიდეო სოციალურ ქსელში