ხარაგაულის კულტურის და დასვენების პარკში ამ წუთებში ლიტერატურული კონკურსი „ოდეონი“ მიმდინარეობს.
ამ ტრადიციული კონკურსის დამფუძნებელი რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურული თეატრი და მისი ხელმძღვანელი იზა ვეფხვაძეა. წელს „ოდეონი“ მეთხუთმეტედ ტარდება.
კონკურსში მონაწილეობენ შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული ადამიანები 16 წლის ასაკიდან. წლევანდელ კონკურსში 11 პიროვნება ჩაერთო.
„ფული“ – ამ თემაზე უნდა შექმნან კონკურსანტებმა დღეს, 8 სექტემბერს, 17:00 საათამდე ნებისმიერი ჟანრის ლიტერატურული ნაწარმოები.
„თემა ძალიან საინტერესო და დასაფიქრებელია, – ამბობს თითქმის ყველა „ოდეონის“ მონაწილე ზეინაბ ბუაჩიძე, – ფულის „გაღმერთებაზე“ მინდა დავწერო. ვნახოთ, რა გამომივა.
„ოდეონი“ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და სტიმულის მომცემი კონკურსია. წერა რომ შემძლებია, ამ კონკურსში მონაწილეობისას აღმოვაჩინე. წიგნში, რომელიც ახლახან გამოვეცი, სხვადასხვა წლებში „ოდეონზე“ შექმნილი ნაწარმოებები შევიტანე. წლიდან წლამდე ამ კონკურსს სიხარულით ველოდები“.
ამირან ბერაძე „ოდეონში“ წელს მეორედ მონაწილეობს. ის ამბობს, რომ ბედნიერია, როცა საკუთარ განცდებსა და ფიქრებს ლექსებით გადმოსცეს. კონკურსის თემამ ძალიან დააფიქრა და გადაწყვიტა, ლექსში დღევანდელობა გადმოსცეს.
მეგი მიქაბერიძე „ოდეონის“ დებიუტანტია. „ჩემთვის მნიშვნელოვანმა ადამიანმა მირჩია, რომ კონკურსში ჩავრთულიყავი, – ამბობს მეგი, – გამოცდილებას მივიღებ. სტუდენტობისას უნივერსიტეტში ბევრ მსგავს პროექტებში ვმონაწილეობდი. საკონკურსო თემის გაშლა მრავალმხრივ შეიძლება“.
„ოდეონში“ პირველად ვმონაწილეობ და ვფიქრობ, ეს ჩემთვის საინტერესო გამოცდილება იქნება, – ამბობს სანდრო ტაბატაძე, – სასიამოვნო ადამიანები გავიცანი. შესანიშნავი გარემოა და ალბათ ყველა კონკურსანტი საკუთარ შესაძლებლობებს, შემოქმედებით უნარებს მაქსიმალურად გამოვავლენთ. საკონკურსო თემა ძალიან მომეწონა“.
„ოდეონზე“ შექმნილ ლიტერატურულ ნაწარმოებებს ჟიური შეაფასებს. ჟიურის წევრები არიან – ლინა ბარათაშვილი, პოეტი (ჟიურის თავმჯდომარე), მარინე ვეფხვაძე – ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი, მარინე ხვედელიძე – პედაგოგი, ფილოლოგი, მამუკა ჭიპაშვილი – კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის განვითარების ცენტრის დირექტორი, ვალერი გოგნაძე – პოეტი.
„ლიტერატურულ კონკურსში „ოდეონი“ ყოველ წელს ახალ-ახალი პიროვნებები ერთვებიან, – ამბობს ლინა ბარათაშვილი, – ყველა მათგანი მწერლობის გზას არ გაჰყვება, თუმცა, შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული ადამიანების აღმოჩენა დიდი და მნიშვნელოვანი საქმეა.
დარწმუნებული ვარ, თითოეულ მათგანს ლიტერატურა და მწერლობა ძალიან უყვარს. „ოდეონი“ დარჩება ხარაგაულის კულტურის ისტორიაში როგორც ნათელი წერტილი ჩვენს ცხოვრებაში“.
გამარჯვებული კონკურსანტები 13 სექტემბერს ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში დაჯილდოვდებიან. წარმატებებს ვუსურვებთ „ოდეონის“ მონაწილეებს.
ნინო კაპანაძე
„ოდეონის“ ამსახველი ფოტორეპორტაჟი იხილეთ „ჩემი ხარაგაულის“ ფეისბუქგვერდზე.
ამავე თემაზე დაგაინტერესებთ
„ოდეონი“ – კონკურსი შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული ადამიანების აღმოსაჩენად
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი