საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის ბრძანებას ხელი პირდაპირ ეთერში მოაწერა. საქართველოს პარლამენტის 2024 წლის არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება.

ამის შემდეგ პირველკურსელებს სტუდენტობა მიულოცა და აღნიშნა, რომ ამ ახალგაზრდებისთვის ცხოვრების ახალი გზა იწყება მაშინ, როდესაც ჩვენი ქვეყნისთვისაც იწყება ახალი ეტაპი, სწორედ ამ არჩევნებით.

პრეზიდენტმა ახალგაზრდებს უსურვა, რომ მათი ნიჭი, მათი ცოდნა გამოიყენონ ახალი საქართველოსთვის,;ისეთი საქართველოსთვის, სადაც ყველას ადგილი იქნება და სადაც ჩვენი ქვეყანა თავის ადგილს მოიპოვებს მსოფლიოში და პირველ რიგში, – ევროპაში.

„დღე გადაწყვეტილების მოგვიახლოვდა, დღე – გადარჩენის. დღეს ჩვენ საქმე არ გვაქვს ჩვეულებრივ არჩევნებთან… ჩვენი დღევანდელი არჩევანი ეგზისტენციალურია. ეს არჩევანი ქვეყნის ბედს მრავალი წლით განაპირობებს და ამიტომაც, როგორც პრეზიდენტს, მაქვს ჩემი სათქმელი. უნდათ დაგვარწმუნონ, რომ ეს იქნება ერთგვარი არჩევანი ომსა და მშვიდობას შორის – ეს ტყუილია, რამეთუ არჩევნებით ომის საფრთხე ვერ აღიკვეთება… დღეს საქართველოში არავის უნდა ომი და არავინ ამზადებს.

იზოლაცია, შიდა დაპირისპირება, პრიორიტეტების და მიზნების ბუნდოვანება და აღრევა კი ზრდის მტრის მადას, – ანუ ომის საფრთხეს. სამაგიეროდ, მხნეობა, ერთიანობა, სიცხადე მოყვარესთან თუ მტერთან ყველაზე კარგი თავდაცვა არის ქვეყნის უსაფრთხოებისა.

უნდა მოვემზადოთ არჩევანისთვის, რომელიც იქნება რეფერენდუმის ტოლფასი –  ევროპა თუ რუსეთი…“ გადასაწყვეტი გვაქვს მთავარი, – ვინ ვართ, რანი ვართ, საით მივდივართ და რა გვინდა, – თქვა პრეზიდენტმა.