„სასიამოვნო თამაშები 2015“ – ასე ეწოდება ფესტივალს, რომელიც ლიმბაჟში გაიმართება და მასში ლატვიის, ლიტვის, ესტონეთის, საქართველოს, გერმანიისა და დანიის თეატრები მონაწილეობენ. საქართველოდან ფესტივალში ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრია მიწვეული.

-ფესტივალის ორგანიზატორებმა კონკურსით შეგვარჩიეს, – ამბობს ხარაგაულის სახალხო თეატრის რეჟისორი ირინე ჩხეიძე, – თავდაპირველად საქართველოს ტელევიზიის პირველ არხს დაუკავშირდნენ და ერთ-ერთი რეგიონის თეატრთან დაკავშირება სთხოვეს. ტელერეჟისორმა ირმა ჩუბინიძემ რეკომენდაცია ჩვენ გაგვიწია. ლატვიაში გავაგზავნეთ თეატრის ისტორია, ფოტოსურათები და სპექტაკლის, „თანამდევი სული“, ვიდეო მასალა. მალე ოფიციალური მიწვევა მივიღეთ. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელ კობა ლურსმანაშვილის ძალისხმევით, ფესტივალში ჩვენი მონაწილეობა დააფინანსა ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბრიგადამ, რომელიც ხარაგაულში ახალ სარკინიგზო მაგისტრალს აშენებს.“

ხარაგაულის სახალხო თეატრი ლატვიაში სპექტაკლს „თანამდევი სული“ 29 ივლისს გამართავს. მაყურებელი მიიღებს ანოტაციებს ინგლისურ ენაზე.

„ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ ლატვიაში მცხოვრები ქართველები და საელჩოს წარმომადგენლები დაესწრებიან სპექტაკლს, – ამბობს ირინე ჩხეიძე, – ჩვენთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა, რომ საერთაშორისო ფესტივალზე საქართველოს ხარაგაულის თეატრი წარადგენს. დასის წევრებმა მოვამზადეთ სამი სიმღერა ლატვიურ ენაზე. ვეცდებით, ჩვენი სტუმრობა იყოს დაუვიწყარი ლატვიელებისთვის და მომავალში გავაგრძელოთ მეგობრობა.“

აღსანიშნავია, რომ ფესტივალი ტარდება ქალაქ ლიმბაჟში, სადაც ხარაგაულის სახალხო თეატრი 25 წლის წინ იმყოფებოდა თეატრალურ ფესტივალზე. ფესტივალის ორგანიზატორებმა მოიძიეს და თეატრის რეჟისორს გამოუგზავნეს ლიმბაჟში სტუმრობის 25 წლის წინანდელი ფოტოები. ლიმბაჟში დღესაც ახსოვთ ხარაგაულის თეატრის სტუმრობა.

ხარაგაულის სახალხო თეატრი უცხოეთში უკვე მეორედ წარადგენს ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის თემაზე შექმნილ სპექტაკლს.

წარმატებები ვუსურვოთ ხარაგაულის თეატრალურ დასს საერთაშორისო ფესტივალზე.

Tanadevi_suli kharagaulis-teatri-4 kharagaulis-teatri-2 kharagaulis-teatri-1