საქართველოს მთავრობის 2024 წლის 29.07.  N1060 განკარგულებით, მუნიციპალიტეტებს რეგიონული განვითარების ფონდიდან 463 403 948 ლარი გამოეყო; მათ შორის ხარაგაულის მუნიციპალიტეტს – 7 139 604 ლარი.

ამჯერად ხარაგაულის მუნიციპალიტეტმა 7 139 604 ლარიდან ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის 1 050 000 ლარი მიიღო.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის, ვარლამ ჭიპაშვილის ინფორმაციით, ეს თანხა გზებისა და მრავალბინიანი კორპუსების რეაბილიტაციას მოხმარდება. კერძოდ,

  • ჩხერში გზის რეაბილიტაციისთვის გამოიყო 100 000 ლარი;
  • ღორეშაში ეკლესიის უბნის გზის რეაბილიტაციისთვის – 200 000 ლარი;
  • უბისაში საუბნო გზის რეაბილიტაციისთვის – 150 00 ლარი;
  • მაქათუბანში კურტანიძეების საუბნო გზის რეაბილიტაციისთვის – 141 000 ლარი;
  • ბაზალეთში ნანიტაშვილების საუბნო გზის რეაბილიტაციისთვის – 139 000 ლარი;
  • ღარიხევში ეკლესიის უბნის გზის რეაბილიტაციისთვის – 150 000 ლარი;
  • პატარა ვარძიაში დვალების უბნის გზის რეაბილიტაციისთვის – 220 000 ლარი;
  • დ. ხარაგაულში 4 მრავალბინიანი კორპუსის ეზოებისა და ფასადის რეაბილიტაციისთვის – 223 738 ლარი.

ვარლამ ჭიპაშვილი ამბობს, რომ ეს პროექტები გარდამავალია.

მთავრობის 2024 წლის 5 აგვისტოს #1101 განკარგულებით მუნიციპალიტეტებს სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ 117 217 000 ლარი გამოეყო, მათ შორის ხარაგაულის მუნიციპალიტეტს – 1 625 000 ლარი. ამჯერად ხარაგაულის მუნიციპალიტეტმა 1 000 000 ლარი მიიღო. ამ თანხიდან,

  • სტიქიით დაზიანებულ გზებზე საყრდენი კედლებისა და გაბიონების მოსაწყობად 717 956 ლარი განისაზღვრა;
  • საფეხმავლო ხიდებისა და ხიდ-ბოგირების მოსაწყობად – 195 360 ლარი;
  • სანიაღვრე არხებისა და წყალგამტარების აღსადგენად – 86 684 ლარი.

საბიუჯეტო ცვლილების პროექტის თანახმად, საქართველოს მთავრობის 2024 წლის 23 ივლისის N 1025 განკარგულებით „მოქალაქეთა ჩართულობის განვითარების ხელშეწყობის“ მიზნით საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 222 610 ლარი გამოეყო.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა გეგმავს, რომ ამ განკარგულებით მიღებული ინფრასტრუქტურის პრიორიტეტიდან 40 000 ლარი განათლების პრიორიტეტში მიმართოს, ხოლო 30 000 ლარი – კულტურისა და სპორტის პრიორიტეტში. კერძოდ,

40 000 ლარი კიცხის საბავშვო ბაღის ახალი შენობის ავეჯის, ინვენტარის შესაძენად და ეზოს მოსაწესრიგებლად განისაზღვრა, ხოლო 30 000 ლარი – ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი საბავშვო ბაღებისთვის ინვენტარისა და სათამაშოების შესაძენად.

გარდა ამისა, ახალი სასწავლო წლისთვის საბავშვო ბაღების მოსაწესრიგებლად დამატებით 35 000 ლარი გამოიყოფა. ეს თანხა საბავშვო ბაღებისთვის საქართველოს მთავრობის 2024 წლის 30/05 N 746 განკარგულებით განსაზღვრული კაპიტალური გრანტიდან გადანაწილდა.

საბიუჯეტო ცვლილების პროექტი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 19 აგვისტოს, ბიუროს სხდომაზე მერის პირველმა მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილმა წარუდგინა. საკრებულო ამ საბიუჯეტო ცვლილებას 21 აგვისტოს რიგგარეშე სხდომაზე განიხილავს.