ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი 26 სკოლიდან სასკოლო ბუფეტი მხოლოდ მარელისისა და ვერტყვიჭალის სკოლებში ფუნქციონირებს. ვარძიისა და ბორის საჯარო სკოლებში კი მოსწავლეებს დღის განმავლობაში, ერთჯერადად, ღვეზელებით უფასოდ უმასპინძლდებიან, ამერიკელი დონორების მხარდაჭერით.
დაბა ხარაგაულში სამი სკოლაა. იმის გამო, რომ სკოლებში ბუფეტი არაა, მოსწავლეებს გაკვეთილებს შორის დასვენებებზე, საკვების შესაძენად, ხარაგაულის ქუჩებში გასვლა უწევთ, რაც არც თუ ისე უსაფრთხოა.
„სკოლაში კვების ობიექტის არქონა ბევრ უხერხულობას იწვევს, – ამბობს ხარაგაულის #3 საჯარო სკოლის დირექტორი ნაირა კვინიკაძე, – ბავშვები საკვების შესაძენად სკოლიდან დიდ მანძილს გადიან. სამივე სკოლაში დასვენებები დაახლოებით ერთსა და იმავე დროსაა. ეს კვების ობიექტებთან მოსწავლეების რიგს ქმნის, საკვებს სწრაფად ვერ ყიდულობენ და გაკვეთილებზე აგვიანდებათ. კიდევ უფრო მნიშვნელოვანი პრობლემა ქუჩაში მოსწავლეთა უსაფრთხოებაა.
არაერთხელ შევავსეთ განათლების სამინისტროსგან მიღებული კითხვარები და ცხრილები, სადაც ითხოვდნენ ინფორმაციას, არსებობდა თუ არა კვების ობიექტისთვის ალტერნატიული ფართი სკოლაში. სახელმწიფო ფიქრობს სასკოლო კვების დანერგვაზე. მოხარული ვიქნები, თუ ეს მცდელობა დადებითად გადაწყდება და სკოლებში უფასო კვება დაინერგება“.
ხარაგაულის #2 საჯარო სკოლაში დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის მშობლები საცხობში შეძენილ საკვებს კარისკაცთან ტოვებენ, დასვენებაზე კი ბავშვებს მიაქვთ. უფროსკლასელები კი მეორე-მესამე გაკვეთილის შემდეგ საჭმლის შესაძენად თავად მიდიან. სკოლის დირექტორი ინგა ვეფხვაძე ამბობს, რომ მშობლების ერთ-ერთი უმთავრესი მოთხოვნა სკოლაში ბუფეტის ამოქმედებაა.
„ვმუშაობთ იმისათვის, რომ ახალი სასწავლო წლისთვის სკოლაში ყველანაირი სტანდარტის დაცვით ბუფეტი ამოქმედდეს, – ამბობს ინგა ვეფხვაძე, – მქონდა შემოთავაზება სხვადასხვა პირისგან – „შემომიშვი და გავყიდი გამომცხვარს“. მირჩევნია, მოსწავლე სკოლის გარეთ გავიდეს და კვების ისეთ ობიექტში შეიძინოს საკვები, სადაც სტანდარტები დაცულია, ვიდრე ასე „ხელზე გაყიდული“ ფუნთუშებით იკვებოს.
მოსწავლის გონებამ სრულფასოვნად რომ იფუნქციონიროს, კვება აუცილებელია. მესამე გაკვეთილის შემდეგ მოსწავლეებს განსაკუთრებით ეტყობათ უხასიათობა, უღონობა, მოტივაციის არქონა. ეს ყველაფერი სასწავლო პროცესზე აისახება“.
ხარაგაულის #3 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგ თამარ სხილაძე ამბობს, რომ „ქუჩაში ნაყიდი, არაჯანსაღი საკვების გამო ბავშვები ჯანმრთელობას იზიანებენ. ერთი ბავშვი ყიდულობს ლავაშ პურს, მეორე – „ხრუსტიმს“. ემულგატორებით, მწვადის არომატით გაჯერებულ „ხრუსტიმს“ ცხელ პურში აწყობენ და წარმოუდგენიათ, რომ თითქოს მწვადს მიირთმევენ. ბავშვები, ძირითადად, მშრალ საკვებზე არიან. გამოდის, რომ არასწორად იკვებებიან“.
ხარაგაულის #3 საჯარო სკოლის ექიმი ია ხარაზიშვილი ხშირად ექიმის კაბინეტში თავის ან მუცლის ტკივილით შემოსულ მოსწავლეს ტკივილგამაყუჩებელ მედიკამენტს ვერ აძლევს, რადგან ბავშვი მშიერია.
„ბავშვებს ხშირად ვესაუბრები, რომ დილის საუზმე აუცილებელია იმისათვის, რომ ენერგია ჰქონდეთ და გაკვეთილზე აზროვნება შეძლონ. დილით ბავშვს სახლში, შესაძლოა, საუზმე არც ჰქონდეს. თუმცა, ხშირად თავად ბავშვები ამბობენ უარს დილით ჭამაზე. ყოფილა შემთხვევა, მოზარდი ამის გამო ცუდად გახდა და მის გამოკვებაზე დამრიგებელმა ან დირექციამ იზრუნა. უფასო სასკოლო კვების დანერგვა აუცილებელია“, – ამბობს ია ხარაზიშვილი.
„კვების ფუნქცია ადამიანის ორგანიზმისათვის ენერგიის აღდგენაა. ამის გარეშე არც ერთ ცოცხალ ორგანიზმს სიცოცხლე არ შეუძლია, – ამბობს ქიმია-ბიოლოგიის პედაგოგი ლია რამინიშვილი, – მოსწავლე დილით სკოლაში ნასაუზმები უნდა მოვიდეს, რომ მან მოისმინოს 40-45 წუთიანი, 6-7 გაკვეთილი, 5 წუთიანი დასვენებებით. ამას დიდი ენერგია სჭირდება. სამწუხაროდ, დღევანდელი მოსწავლეების 80% არ საუზმობს.
მოსწავლემ ენერგიის მარაგის შესავსებად 11-დან 12 საათამდე აუცილებლად უნდა წაიხემსოს. თუ დილით უზმოა მოსული, წრიალებს, ვერ ისვენებს, ვერც ისმენს და მისი სული და გული სხვაგანაა.
დღევანდელი ეკონომიური მდგომარეობიდან გამომდინარე, სასკოლო კვება აუცილებლად უნდა იყოს უფასო, რადგან მშობელი თანხას ვერ გადაიხდის. ტრანსპორტიც, რომელიც მოსწავლეებს ემსახურება, ფასიანი რომ იყოს, თუნდაც ერთი ლარი, ვერ გადაიხდის; ჩვენი მოსახლეობა გადახდისუნარიანი ვერ არის. ამიტომ აუცილებელია კვების საკითხიც მშობლებისთვის უფასოდ მოგვარდეს. გარდა იმისა, რომ ბავშვები გამოიკვებებიან, ადამიანები დასაქმდებიან.
მქონია შემთხვევები, რომ ბავშვი შიმშილისგან ცუდად გაგვიხდა – გადამწვანდებიან, ფერს დაკარგავენ, ოფლი დაასხამთ… სანამ სკოლაში ექიმი არ იყო, გამოვკითხავდით – რა ჭამე, როდის ჭამე. ძალიან ხშირად უთქვამთ, რომ არ უსაუზმიათ.
დისკომფორტს იწვევს ისიც, რომ უმცროსი ასაკის ბავშვები, რომლებსაც შიათ და საჭმელი არ აქვთ, იმ თანატოლებს თხოვენ საკვების განაწილებას, ვისაც აქვთ. ზოგი კეთილშობილებას იჩენს და უზიარებს თავის ლუკმას, ზოგი არა და ეს კონფლიქტის მიზეზიც შეიძლება გახდეს.
ხარაგაულის #2 საჯარო სკოლაში შემოიღეს სპეციალური საშვი, კლასიდან მხოლოდ ორი მოსწავლე მიდის საკვების მოსატანად, მაგრამ ხშირაც ესეც არ ამართლებს; ზოგჯერ ხურდას ვერ ინაწილებენ, ზოგჯერ ავიწყდებათ, რამდენი რა დააბარეს და ესეც უხერხულობას ქმნის. ხშირად საჭმლის მოსატანად 15-წუთიანი დასვენება არასაკმარისია. თუ საკვები გაკვეთილის დაწყების შემდეგ შემოიტანეს, ცხელ-ცხელი ლობიანების სუნში, მასწავლებელი იძულებული ხდები, გაკვეთილის ხუთი წუთი დაკარგო და ბავშვებს საკვების მიღების ნებართვა მისცე“, – წუხს პედაგოგი ლია რამინიშვილი.
„სკოლებში უფასო სასკოლო კვება არასდროს ყოფილა. ამ თემაზე აქტიური მსჯელობა ძალიან კარგია, – ამბობს სამი შვილის მამა დავით ჩადუნელი, – უფასო სასკოლო კვების დამკვიდრება, გარდა იმისა, რომ მშობლებს ფინანსურ ტვირთს შეუმსუბუქებს, იმითაც იქნება მნიშვნელოვანი, რომ ბავშვების საკვების ხარისხი გაკონტროლდება. მოსწავლეებისთვის საკვების სკოლებში მიტანა ბავშვების უსაფრთხოებას გააძლიერებას, რადგან საჭმლის შესაძენად ქუჩაში გამოსვლა აღარ დასჭირდებათ“.
რეალური გეგმა თუ პოლიტიკური პიარი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის განხილვის პროცესში საკრებულოსგან მერიისთვის მიწოდებულ შენიშვნებს შორის ერთ-ერთი ხარაგაულის მუნიციპალიტეტში უფასო სასკოლო კვების დანერგვის მოთხოვნა იყო.
ხარაგაულის მერიამ 2023 წლის დეკემბერში საკრებულოს უპასუხა, რომ ამ საკითხზე განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიმართა.
დავინტერესდით, რა პასუხი მიიღო ხარაგაულის მერიამ სამინისტროსგან. მერიიდან გვიპასუხეს: „სამინისტროს წარმომადგენელთან სატელეფონო საუბრისას მივიღეთ განმარტება, რომ აღნიშნულ საკითხზე ქვეყნის მასშტაბით მუშავდება ერთიანი კონცეფცია, რომლის პრეზენტაცია გაიმართება უახლოეს მომავალში“.
ხარაგაულის საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე მარინე ხვედელიძე ამბობს, რომ სკოლებში უფასო კვების დანერგვა უმნიშვნელოვანესია. თუმცა მიიჩნევს, რომ ეს თვითმმართველობის გასაკეთებელი არაა.
„სხვადასხვა პარტიები ამ საკითხით აპელირებენ; უფრო მეტად ლაპარაკობენ, ვიდრე კონკრეტულ შედეგამდე მივდივართ. სახელმწიფო ამ საკითხზე ფიქრობს. ეს არ არის მარტივად მოსაგვარებელი, მრავალი ნიუანსი, ასპექტია გასათვალისწინებელი. ბიუჯეტში მხოლოდ ფინანსების დაგეგმვა არაა საკმარისი.
უნდა გავითვალისწინოთ სკოლების ინფრასტრუქტურული მდგომარეობა, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები და ა.შ. დაბა ხარაგაულის სკოლების მაგალითზე რომ ავიღოთ, ჩვენ არ გვაქვს სივრცე, რომელსაც ბავშვებისთვის ჯანსაღად კვების შესათავაზებლად გამოვიყენებთ. მიმაჩნია, რომ ეს უნდა დაიწყოს ერთიანად, ყველა რეგიონში და აეწყოს სისტემურად, ისევე როგორც სასკოლო ტრანსპორტირება.
უტოპიად მიმაჩნია ის, რომ ხარაგაულში მოქმედი 26 სკოლის მოსწავლეების სასკოლო კვება თვითმმართველობამ შეძლოს. გასულ წელს გაიჟღერა აზრმა, რომ დაწყებულიყო მხოლოდ დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის. ამას კატეგორიულად ვეწინააღმდეგები. თუ დაინერგება, სასკოლო კვება უნდა იყოს ყველა კლასის მოსწავლეებისთვის“, – ამბობს მარინე ხვედელიძე.
ხარაგაულის საკრებულოს წევრი პარტიიდან „გახარია საქართველოსთვის“ კონსტანტინე ბერაძე ამბობს, რომ „საჭირო იყო ზუსტი გაანგარიშება, თუ რა თანხა იქნებოდა საჭირო დაწყებით კლასებში კვების დასანერგად. გვინდოდა, შესვენებაზე მოსწავლეებისთვის ფუნთუშა და ნატურალური წვენი შეგვეთავაზებია. ხარაგაულის სკოლების დაწყებით კლასებში მოსწავლეთა იმდენად მცირე რაოდენობაა, რომ კვების დანერგვა სრულიად შესაძლებელია.
საკრებულოდან მოგვივიდა წერილი, რომ ამ ეტაპზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს ამის საშუალება არ ჰქონდა. ვაპირებთ, კვლავ მივმართოთ საკრებულოს, ამ საკითხის გასააქტიურებლად. ხარაგაულში მშობლებს არ აქვთ საშუალება, ყოველდღიურად შვილებს სკოლაში 3-5 ლარი გაატანონ, რომ ბავშვები მთელი დღის განმავლობაში მშიერი არ იყვნენ“.
სკოლებში საბუფეტე სისტემა უნდა აღდგეს
„კვება ადამიანების ჯანმრთელობის უზრუნველყოფისთვის უმთავრესია, – ამბობს გოჩა გიორგიძე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსი, – ჰიპოკრატე ამბობდა: „თქვენი კვება არის თქვენი ჯანმრთელობა და თქვენი საკვები არის თქვენი მკურნალი“. როგორ ან რით ვიკვებებით, ეს არის ჩვენი ჯანმრთელობის მნიშვნელოვნად განმსაზღვრელი ფაქტორი.
შესაბამისად, კვება არა მხოლოდ ბავშვებისთვის, არამედ ზრდასრული ადამიანებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. კვება და კვების ჰიგიენაც ბევრ რამეზეა დამოკიდებული, მათ შორის საზოგადოების კულტურასა და მოხმარების წესებზე.
სწორი ჩვევების ჩამოყალიბება ოჯახიდან, ბაღიდან, სკოლიდან იწყება. ბავშვები რომ თავიდანვე მივაჩვიოთ სწორი კვების კულტურას და ეს შემდგომში საზოგადოებაშიც დაინერგოს, მნიშვნელოვანია სასკოლო კვება, – იქნება ეს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული თუ კომერციული შეთავაზება.
ჩვენი ქვეყანა ამ მიმართულებით უკვე დგამს ნაბიჯებს. მაქვს ინფორმაცია, რომ განათლების სამინისტრომ მნიშვნელოვანი კვლევები ჩაატარა. კვლევის შედეგები სწორედ ამ მიზანს ემსახურება, რომ სკოლებში პილოტურად დაიწყოს კვების უზრუნველყოფის პროგრამა.
თუმცა ეს ბევრ პრობლემასთანაა დაკავშირებული. ჩემი აზრით, აუცილებელია ინფრასტრუქტურულ დონეზე აღდგეს ბუფეტები და სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმებთან შესაბამისობაში მოვიყვანოთ. დღეისათვის, საქართველოს სკოლების 25% -შია შენარჩუნებული საბუფეტე სისტემა. დანარჩენ სკოლებში, სანამ ეს სისტემა მოეწყობა, შეიძლება სახელმწიფომ დანერგოს შესყიდვით მომსახურება. თუმცა, შესყიდვის კრიტერიუმები მკაცრად უნდა განისაზღვროს.
საკვები რაციონი უნდა იყოს შესაბამისი. უნდა დავიცვათ პროპორციები, რა რაოდენობით უნდა მიიღოს მოზარდმა ხორც-პროდუქტები, ბოსტნეული, თევზეული, ცხიმოვანი საკვები, ხილი და ა.შ. ვფიქრობ, აუჩქარებლად უნდა დაიგეგმოს და გადაიდგას ნაბიჯები და გაკეთდეს ისე, რაც ჩვენს მომავალ თაობას რეალურად და ნამდვილად წაადგება და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცამ რაღაც პოლიტიკური თვალსაზრისით თქვას, რომ „აი, რა მაგარი რაღაც გავაკეთე“. განათლების სამინისტრო ამ საკითხებზე მუშაობს არასამთავრობო სექტორთან და ჯანდაცვის სამინისტროსთან კოორდინაციით.
მახსოვს, ქალაქების ზოგიერთ სკოლებში გაკეთდა ბუფეტები, სადაც სარეალიზაციოდ შეიტანეს პროდუქტები, რომელიც ბავშვს საჭმელად არც უნდა შესთავაზო, მაგალითად ჩიფსი, კოკა-კოლა და სხვ. მოზარდებს ჯანსაღი გარემო უნდა შევუქმნათ და სწორედ ის პროდუქტი მივაწოდოთ, რომელიც მათ სიჯანსაღეს უზრუნველყოფს.
მინდა გვყავდეს ჯანსაღი მომავალი თაობა, რომლებსაც არ ექნება სიმსუქნის პრობლემა, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და ენდოკრინოლოგიური პრობლემების რისკები. ჩვენს ქვეყანაში დაავადებათა 60%-ზე მეტი ამ მიმართულებებზე მოდის“.
მშიერ მოსწავლეს უჭირს კონცენტრაცია და უჭირს სწავლა
მოძრაობამ „ხმა“ სასკოლო კვების აუცილებლობაზე საუბარი სამი წლის წინ დაიწყო. კვლევების თანახმად, საქართველოში ყოველი 10 მოსწავლიდან 7 მოსწავლე სკოლაში შიმშილს განიცდის.
მოძრაობის „ხმა“ წარმომადგენელი ვაკო ნაცვლიშვილი ამბობს, რომ საქართველოს მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ოჯახებს არ აქვთ საშუალება, ბავშვები სახლში სრულფასოვნად გამოკვებონ.
„ეს არ არის მხოლოდ შიმშილის პრობლემა, ეს გაცილებით ფუნდამენტური პრობლემაა. საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევებით, ქართველი მოსწავლეები წაკითხულის გააზრებასა და მათემატიკურ უნარებში ბოლო ადგილებს იკავებენ. არავინ ასახელებს ამის მთავარ მიზეზს, – მშიერ მოსწავლეს კონცენტრაცია და სწავლა უჭირს.
საქართველოში არსებულ „ბავშვთა შიმშილის“ პრობლემას სახელმწიფოებრივი საჯარო გადაწყვეტა სჭირდება. სახელმწიფომ უნდა დაიწყოს უნივერსალური ანუ საყოველთაო სასკოლო კვება სკოლებში. ვაცნობიერებთ, რომ ხვალიდან ვერ დაიწყება ყველა სკოლაში ერთიანად, მაგრამ, ამ სამი წლის განმავლობაში ხელისუფლებას საკმარისი დრო ჰქონდა, დაეტესტა სხვადასხვა სკოლებში, სადაც შესაბამისი მზაობა არსებობს, დაეწყო უფასო სასკოლო კვება და შემდეგ გაევრცელებია სხვა სკოლებში.
ჩვენ ვფიქრობთ და გვჯერა, რომ ეს მიბმული უნდა იყოს ადგილობრივი სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე და უფასო სასკოლო კვებამ, ამავდროულად, უნდა წაახალისოს ადგილობრივი ეკონომიკა, შექმნას გარანტირებული მოთხოვნა სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე.
გასაგებია, რომ, შესაძლოა დღეის მოცემულობით ვერ დააკმაყოფილოს ჩვენმა სოფლის მეურნეობამ უფასო სასკოლო კვებისთვის საჭირო მოთხოვნა, მაგრამ თანდათან – მოთხოვნის გაზრდის შესაბამისად – მოწოდება გაიზრდება. თუ ეს საკითხი შემოდგომამდე არ მოგვარდა, 25 ათასი ხელმოწერის შეგროვებას ვაპირებთ, რომ პარლამენტი ვაიძულოთ, გვიპასუხოს და იმოქმედოს ამ საკითხზე“.
განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა, 2024 წლის 13 ივნისს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფარგლებში აღნიშნა, რომ ორ თვეში სასკოლო კვების კონკრეტულ მოდელებს წარმოადგენენ.
„საზოგადოებას მინდა დავპირდე, რომ უახლოეს პერიოდში, დაახლოებით ალბათ ერთი-ორი თვის ფარგლებში, ჩვენ უკვე შევძლებთ დეტალურად ვთქვათ კონკრეტული მოდელებით, კონკრეტული ვადებით, რომელ სკოლას, რომელ რეგიონში, როგორ დავიწყებთ სასკოლო კვების პროგრამას. ეს არის წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემა და ჩვენ მზად ვართ, ამ უდიდეს გამოწვევასაც ვუპასუხოთ“, – ამბობს მინისტრი გიორგი ამილახვარი.
თამთა გოგოლაძე
ამავე თემაზე
უფასო სასკოლო კვება ბიუჯეტს წელიწადში დაახლოებით 198 მილიონი ლარი დაუჯდება
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი