თურმე მაშინ ბედნიერი ვიყავი, როცა მთებში ჩაკარგულ სოფელში მდგარ პატარა კოპწია სახლში უდარდელად ვცხოვრობდით.
ერთხელ ბაბუაჩემმა დამიძახა, ეზოში მიხმო და ეზოს შუაგულში, ჩემთან ერთად, ვაშლის ნერგი დარგო.
ხე იზრდებოდა, მეც ვიზრდებოდი, გარს ვეხვეოდი, მის ჩრდილში ვთამაშობდი.
ხე გაიფურჩქნა, ნაყოფი გამოისხა. მეც დავოჯახდი და წავედი. ის ბედნიერი ჰარმონიულობა ქალაქის ხმაურსა და ბუღში გავცვალე. ვერ წარმომედგინა, ბავშვობასთან განშორება ასე რთული თუ იქნებოდა.
ბაბუაჩემი გარდაიცვალა.
სოფელში ჩავედი.
ყველაფერი შეცვლილიყო, გაერთფეროვნებულიყო.
ეზოში დიდი ვაშლის ხე, – ის ხე, ბაბუაჩემმა რომ დარგო 30 წლის წინათ, გამხმარიყო. თითქოს მისი არსებობა ბაბუას სულს გაჰყვა. ვერც მან, ჩემი ბავშვობის ერთგულმა მეგობარმა თავშესაფარმა და, ალბათ, ვერც ბაბუამ ვერ მაპატია მიტოვება და წასვლა.
სიცოცხლე გაქრა.
კერია გაცივდა.
ქალაქში დავბრუნდი.
აღარაფერი იყო ისე, როგორც ძველად. ვგრძნობდი, რაღაც მაკლდა, ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი, უდარდელი ბავშვობა, ბედნიერება, ბაბუაჩემის სიყვარულით აღსავსე მზერა, ვაშლის ხე…
დიდხანს გამყვა შეგრძნება არასრულყოფილების, ნოსტალგიის… აზრები ირეოდნენ და იძირებოდნენ უსასრულო მორევში.
აქ არაფერია ჩემი.
სახლში უნდა დავბრუნდე.
ბაბუა…
ხე…
სოფელი…
მახრჩობდა ერთფეროვნება და არ მასვენებდა განცდა გაუცხოებისა.
გავიდა დრო. ფიქრები ჩემთან რჩებოდა, გული კი აღარ მეკუთვნოდა.
უსაზღვრო სიხარული მეწვია. მე ბაბუა გავხდი.
ახლა ბაბუაჩემი მე ვარ.
მე სახლში არ ვარ.
ჩემი ცხოვრების სიყვარულმა უთქმელად წაიკითხა ფიქრები.
– თედო, წავიდეთ!
და ეს იყო წამი სიხარულის, გამართლებისა და ბედნიერების, როცა ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი სახლში მაბრუნებდა.
გადავედით.
ვცხოვრობდით მე და ჩემი სიყვარული, მთებში ჩაკარგულ სოფელში, თბილ კერიასთან და ეზოს შუაგულში გამხმარი ვაშლის ფესვებიდან ამოზრდილ მძლავრ ხესთან, რომელიც იყო სიმბოლო სიცოცხლის, სიფერადის, ბავშვობის, ტკბილი მოგონებებისა და ბედნიერების.
ზაფხულობით ხშირად გვაკითხავენ შვილიშვილები.
მე სახლში ვარ.
კერია თბილია.
ხე ფესვებიდან კვლავ გაიზარდა და თუ საჭირო გახდება, კიდევ მრავალჯერ ამოიზრდება, სანამ ამ სახლში სიყვარულით სავსე ადამიანები იცხოვრებენ.
ბაბუა ბედნიერი იქნებოდა.
ის ჩვენთანაა. მისი აქ ყოფნა ყველგან და ყველაფერში იგრძნობა.
მეც ბედნიერი ვარ.
ცხოვრება გრძელდება და ჩემს მერეც გაგრძელდება, როცა ჩემი შვილიშვილი თედო ბაბუა გახდება და თავის შთამომავლობასთან ერთად გააგრძელებს ხის მოვლას.
სალომე წარიაშვილი
შექმნილია ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრის მიერ ორგანიზებული კონკურსის „ოდეონი ახალგაზრდებისთვის“ ფარგლებში.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი