„ერთ მერხთან ვისხედით მე და ზიზილო გაბუნია. ჩვენს უკან ვლადიმერ გელაშვილი იჯდა. ზიზილო მათემატიკაში იყო საუკეთესო მოსწავლე და დოვრეთი ნიკოლეიშვილი დაფასთან ხშირად იძახებდა. ერთხელაც, ადგა ზიზილო, მიემართება დაფისკენ და მივყვები მეც. თურმე ვლადიმერს თმებით გადავუბივართ…“ – გაიხსენა ლუიზა კიკნაძემ სკოლის დამთავრებიდან 45 წლის აღსანიშნავ ღონისძიებაზე.

ხარაგაულის #10 საშულო სკოლის 1970 წელს კურსდამთავრებულები მშობლიურ სკოლაში შეიკრიბნენ. სკოლა 46-მა მოსწავლემ დაამთავრა. 12 მათგანი გარდაცვლილია. დღეს კი მოსვლა 24-მა  შეძლო.

„ოლეგი მდინარაძემ მითხრა, სტუმრად უნდა წამოგყვეო. ვთქვი სახლში, თანაკლასელი მესტუმრება-მეთქი. დედაჩემმა წიწილა დაკლა, ხაჭაპურები გამოაცხო. არ წამომყვა ოლეგი, არც მეორე და არც მესამე დღეს. კი მარა, ოლეგი ძროხის დაკვლას ელოდება, თუ რაშია საქმეო, – მითხრა მამაჩემმა,“ – გაიხსენა ვლადიმერ გელაშვილმა.

„არდადეგებზე პიონერხელმძღვანელ ნუნუ მასწავლებელთან ერთად სკოლაში მაინც მოვდიოდით. მასთან სახლში სტუმრობაც გვიყვარდა – საუცხოო მურაბებით გვიმასპინძლდებოდა. ჩვენ შეკრული კლასი ვიყავით. სოსო მელქაძე და ნოდარ ჭანკოტაძე იყვნენ განუყრელი მეგობრები. ბედნიერი და ძალიან კმაყოფილი ვარ, ჩვენი შეხვედრის გამო. გახსოვთ, ჰერა მასწავლებელი რომ გვეუბნებოდა, რომ არ მიყვარდეთ, თქვენ კლასში სულ არ შემოვიდოდიო, – აღნიშნა მარინე გიორგაძემ.

„ჩემს გულში ახლა ენით უთქმელი სითბო და სიხარულია. სევდაც დამეუფლა – რამდენი წელი გასულა ბავშვობიდან… ერთმანეთი არ დავკარგოთ,“ – მიმართა თანაკლასელებს ზურაბ კამკამიძემ. „გახარებულები ვართ ყველა. დიდი ბედნიერებაა წლების უნახავ თანაკლასელებთან შეხვედრა,“ – აღნიშნა ნათელა დეკანოსიძემ.

განსაკუთრებული სიურპრიზი იყო მეგობრებისთვის ზიზილო გაბუნიასთან შეხვედრა. ის იტალიიდან სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოვიდა. „გამოვიქეცი ჩემს ბავშვობასთან. თითქოს დღეს ისევ 18 წლის ვარ. გავახალგაზრდავდი. ასეთი ბედნიერი დღე ჯერ არ მქონია ცხოვრებაში. დიდი ემოციებით გამომაცილეს იტალიიდაან. ოთხშაბათს უკან ვბრუნდები,“ – გვითხრა ზიზილო გაბუნიამ.

სკოლაში შეკრებილ კურსდამთავრებულებს ყოფილი მასწავლებელი მერი გიორგიძე და პიონერხელმძღვანელი ნუნუ ასათიანი შეხვდნენ. მათ ხარაგაულის #3 საჯარო სკოლის სასწავლო ნაწილის გამგე ნანა კვინიკაძე მიესალმა.

„ულამაზესი წუთებია. დარწმუნებული ვარ, თითოეული თქვენგანისთვის ეს 45 წელი არის ძალზე დატვირთული და შინაარსიანი. ვიცი, რომ ღირსეულად ცხოვრობთ და ალბათ ნატრობთ ბავშვობის დღეების დაბრუნებას. ამაზე მეტი ბედნიერება რა არის, როცა წლების მერე მოესიყვარულებით იმ კედლებს, სადაც გაიზარდეთ, სადაც მომავალი დაგილოცეთ. დიდი მადლობა თქვენი შეკრების ორგანიზატორებს – ლუიზა კიკნაძეს, ვლადიმერ გელაშვილს, ნათელა დეკანოსიძეს, საშა მეტრეველს და სხვებს,“ – აღნიშნა მერი გიორგიძემ.

გარდაცვლილ თანაკლასელთა სულების მოსახსენებელი პარაკლისის გადახდა თხოვეს კურსდამთავრებულებმა ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის ეკლესიის მოძღვარს მამა ანტონს (სულთანიშვლი).

„დიდებულია, ასეთ ღონისძიებაზე რომ თქვენს გარდაცვლილ მეგობრებს არ ივიწყებთ. ღმერთმა მოიხსენიოს და აცხონოს მათი სულები. თქვენ დღეგრძელობას და ჯანმრთელობას გისურვებთ,“ – დალოცა ისინი მოძღვარმა.

ნინო კაპანაძე

45-clis_shemdeg

45-clis_shemdeg-4

45-clis_shemdeg-2

 

nunu_asatiani

meri_giorgidzestan

45-clis_shemdeg_skolashi

mama_antontan