ერთი წლის მანძილზე მზის კოლექტორის გამოყენება ცვლის იმ ენერგიას, რაც გამოიწვევს გარემოში ერთი ტონა CO2-ის გამოფრქვევას. შეშის ეფექტური ღუმელი კი ანახევრებს ოჯახის მიერ მოხმარებული შეშის რაოდენობას, – განაცხადა საქართველოს მწვანეთა მოძრაობის ექსპერტმა ავთანდილ გელაძემ ხარაგაულში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე.

საქართველოს მწვანეთა მოძრაობა ახორციელებს პროექტს „სამოქალაქო ორგანიზაციების თანამშრომლობა მთავრობასთან და სხვა მხარეებთან ეროვნულად მისაღები კლიმატის ცვლილების შერბილების ქმედებებზე სოფლად მდგრადი ენერგიის განვითარებისთვის.“

„უამრავი საერთაშორისო თავყრილობა იმართება კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით, – აღნიშნა ხარაგაულელებთან შეხვედრაზე ავთანდილ გელაძემ, – ამ მიზნით მსოფლიო ქვეყნების ლიდერები იკრიბებიან, მაგრამ საერთო დასკვნამდე ვერ მიდიან. უკვე აღარ საუბრობენ კლიმატის ცვლილების თავიდან აცილებაზე. ამიტომ ყველა ქვეყანამ აიღო საკუთარ თავზე ვალდებულება, რომ იმოქმედებენ კლიმატის ცვლილების შესარბილებლად.“

ავთანდილ გელაძის თქმით, ერთ-ერთი ასეთი მიმართულება, რომელიც მწვანეთა მოძრაობამ მთავრობას შესთავაზა, გახლავთ მზის კოლექტორებისა და ეფექტური ღუმელების დამონტაჟება მოსახლეობისთვის:

-მზის კოლექტორი წელიწადში რვა-ცხრა თვე უპრობლემოდ მუშაობს. რადგან ორიენტაცია ავიღეთ სოფელზე, ზამთარში ღუმელზე წყალი მაინც დგას და ამიტომ მზის ისეთ კოლექტორს გთავაზობთ, რომელიც აპრილიდან ოქტომბრის დასაწყისამდე გამოიყენება.

ვცდილობთ, რომ მზის კოლექტორიც და ღუმელიც ხელმისაწვდომი იყოს მოსახლეობისთვის. ამიტომ წარვადგინეთ დონორებთან და გვაქვს დაფინანსების იმედი. ჩვენი სურვილია, 15 ათასამდე მზის კოლექტორის მშენებლობა-დამონტაჟება მოსახლეობისთვის შეღავათიანი პირობებით. თუ დონორებმა მხარი დაგვიჭირეს, ოჯახი მზის კოლექტორისა და ეფექტური ღუმელების მხოლოდ ნახევარს გადაიხდის. მზის კოლექტორის დამზადება-მონტაჟი ამჟამად 1000-1100 ლარი ჯდება, ეფექტური ღუმელი – 300-400 ლარი.

დარწმუნებული ვართ, რომ ხარაგაულში ბევრი მსურველი იქნება. საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებიდან 10 ათასი ოჯახის განცხადება გვაქვს, რომ გრანტის პირობებში შეიძინონ კოლექტორი.

ამ პროცესს არაპირდაპირი შედეგებიც აქვს ქვეყნისთვის – გაიმართება კოლექტორების წარმოება, რასაც დასაქმება მოჰყვება. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ გარემოზე ზემოქმედება შემცირდება.

ავთანდილ გელაძის ინფორმაციით, მზის საცდელი კოლექტორები უკვე დამონტაჟებულია ზესტაფონსა და სამტრედიაში. ხარაგაულშიც, ადგილობრივი ხელისუფლების რეკომენდაციით, ერთ ოჯახში უფასოდ დაამონტაჟებენ მზის კოლექტორს.

„სამასამდე კოლექტორი უკვე დავამონტაჟეთ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში – ასამდე ოჯახში – ხონში, 35 ოჯახში – მანავში და სხვაგან, – ამბობს ავთანდილ გელაძე, –  ყველა მუშაობს ბრწყინვალედ. შარშან, მანავში, 28 აგვისტოს, მზის კოლექტორზე ადუღებული წყლით გოჭი გაფუფქეს.“

მწვანეთა მოძრაობის წარმომადგენლის ინფორმაციით, საქართველოში 365 დღიდან 280 დღე მზიანია. გამოდის, რომ ყოველი მეხუთე დღე მოღრუბლული ან წვიმიანია. ეს არ ქმნის საფრთხეს კოლექტორისთვის, თუმცა ზამთარში შეიძლება მისი ელექტროენერგიაზე ჩართვა.

ავთანდილ გელაძის თქმით, მზის კოლექტორისა და ეფექტური ღუმელის შესაძენად მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან შესაძლებელია შეღავათიანი პირობებით განვადება. თავად კოლექტორის შეუფერხებლად მუშაობის გარანტია კი 10 წელიწადია.

„ხარაგაულის მოსახლეობას ვთავაზობთ 280 შეშის ეფექტური ღუმელისა და 160 მზის კოლექტორის დამონტაჟებას, – აღნიშნა შეხვედრაზე მწვანეთა მოძრაობის თანათავმჯდომარე რუსუდან სიმონიძემ, – ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლებს გადავეცით სპეციალური კითხვარი და შესავსები ფორმა, რომ გამოავლინონ ხარაგაულში მზის კოლექტორისა და ეფექტური ღუმელის შეძენის მსურველები.“

ნინო კაპანაძე