ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრის ორგანიზებით, დღეს, 2 ივნისს, ხარაგაულის კულტურის და დასვენების პარკში ლიტერატურული კონკურსი „ოდეონი“ ტარდება.
კონკურსში 12 სკოლის 22 მოსწავლე მონაწილეობს. მათ შორის ყველაზე უფროსი სალომე წარიაშვილი გახლავთ, – საღანძილის საჯარო სკოლის წლევანდელი კურსდამთავრებული, ყველაზე უმცროსი კი 13 წლის მარიამ შერგელაშვილია – ბაზალეთის საჯარო სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლე.
ფესვები – ამ თემაზე 17:00 საათამდე მონაწილეებმა ნებისმიერ ლიტერატურულ ჟანრში ნაწარმოები უნდა შექმნან. მათ ნამუშევრებს ჟიური გამოავლენს.
ჟიურის თავმჯდომარე პოეტი ლინა ბარათაშვილია, ჟიურის შემადგენლობაში არიან – ვალერი გოგნაძე, მარინე ხვედელიძე, მამუკა ჭიპაშვილი, სპარტაკ ლაცაბიძე.
„წელს „ოდეონი“ მეთხუთმეტედ ტარდება, მათ შორის ახალგაზრდებისთვის – მეორედ, – ამბობს ლიტერატურული თეატრის ხელმძღვანელი და კონკურსის დამფუძნებელი იზა ვეფხვაძე, – ძალიან კარგია, რომ ახალგაზრდებს საკუთარი შემოქმედებითი უნარების გამოვლენის შესაძლებლობა აქვთ.
შევეცადე, ისეთი თემა შემერჩია, 12 წლის ახალგაზრდა რომ დაძლევდა. მეორე წელია, „ოდეონის“ ჟიურის თავმჯდომარე პოეტი ლინა ბარათაშვილია. ეს მოტივაციას და პასუხისმგებლობას უმაღლებს მონაწილეებს, რომ მაღალი დონის ნამუშევრები შექმნან.
ამ ლიტერატურული კონკურსის მიმართ ნდობა მაღალია, რადგან ჟიურის წევრებმა კონკურსანტთა ვინაობა არ იციან. ჟიური სამ გამარჯვებულს გამოავლენს. ისინი ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდებიან, ყველა მონაწილეს კი სიგელი გადაეცემა, სკოლები თავის მოსწავლეებს დააჯილდოებენ.
ძალიან დიდი გამბედაობაა, ამ კონკურსში მონაწილეობა, რადგან კონკურენტუნარიანი ლიტერატრული ნაწარმოების შესაქმნელად რამდენიმე საათია განსაზღვრული. ამას, ნიჭის გარდა, გაბედულებაც სჭირდება“.
„ოდეონი“ გაიხსნა ტრადიციული ჰიმნით, რომლის ტექსტისა და მუსიკის ავტორი დალი მერაბიშვილია. ჰიმნი ანა ჭუმბურიძემ შეასრულა. „ოდეონის“ დროშა კი ყველაზე პატარა და ყველაზე უფროსმა მონაწილეებმა აღმართეს. მონაწილეებს მიესალმა და წარმატებები უსურვა კულტურის და ხელოვნების ცენტრის დირექტორმა მამუკა ჭიპაშვილმა.
ბორითის საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე ელენე გორგაძე მიიჩნევს, რომ „ოდეონი ყველა ასაკის ადამიანს აძლევს საკუთარი ნიჭის გამოვლენის შესაძლებლობას. ელენესთვის საკონკურსი თემა მრავალმხრივ საინტერესოა.
შოთა ზვიადაძე (კიცხის სკოლის XI კლასის მოსწავლე): – გადავწყვიტე, საკუთარი თავი გამოვცადო, როგორ შემიძლია წერა. თემამ ძალიან დამაინტერესა, რადგან ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა – ზოგი წინაპრებს იგულისხმებს, ზოგი – კვადრატულ ფესვს, ზოგიც – ხის ფესვებს. მე ალბათ, უფრო წინაპრების შესახებ დავწერ“.
მოლითის საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლე ლუკა ჯამაგიძემ „ოდეონში“ მონაწილეობა იმ უახლოესი მეგობრების რჩევით გადაწყვიტა, რომლებსაც მისი ამ დრომდე შექმნილი ნამუშევრები წაიკითხული აქვთ. ლუკასთვის საკონკურსო თემა – ფესვები წინაპრებთან ასოცირდება და ამბობს, რომ დღემდე ჩვენი ქვეყანა წინაპრების ძალისხმევით მოვიდა.
„ოდეონის“ ყველაზე პატარა მონაწილე, ბაზალეთის საჯარო სკოლის VII კლასელი მარიამ შერგელაშვილი ამბობს, რომ კონკურსში მონაწილეობით გამოცდილებას მიიღებს. ის საკონკურსო ნამუშევრის წერას დიდი ხალისითა და ენთუზიაზმით შეუდგა.
წარმატებებს ვუსურვებთ „ოდეონის“ მონაწილეებს. გამარჯვებულებს ჟიური ორ კვირაში გამოავლენს.
ფოტოზე: იზა ვეფხვაძე „ოდეონის“ ყველაზე უმცროს და ყველაზე უფროს მონაწილესთან ერთად
ფოტორეპორტაჟი იხილეთ „ჩემი ხარაგაულის“ ფეისბუქგვერდზე
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი