სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ცოლად მოყვანის მიზნით თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ორი თანამშრომელი დააკავა.

გამოძიებით დადგინდა, რომ მოქალაქე მ.კ.-მ ცოლად მოყვანის მიზნით 23 წლის გოგოს მოტაცება განიზრახა. 2024 წლის 25 მაისს, დაბა მესტიაში, თამარ მეფის ქუჩაზე, მან სასაზღვრო პოლიციის სამმართველოს 2 ინსპექტორის დახმარებით, დაზარალებული ქალი იძულებით ა/მანქანაში ჩასვა და გაიტაცა.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, შეტყობინების შემოსვლის შემდეგ გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა. გამოიკითხნენ მოწმეები, დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, მოპოვებული იქნა გატაცების ამსახველი ვიდეოჩანაწერი, რის შემდეგაც 2024 წლის 25 მაისს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დაკავებულ იქნა სასაზღვრო პოლიციის ორივე თანამშრომელი, ხოლო მოქალაქე მ.კ. დაკავებულ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ.

დანაშაული 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დაკავებულებს ბრალდება 48 საათში წარედგინება.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე აგრძელებს გამოძიებას.